LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარის გაუფასურების მიზეზები – აქვს თუ არა მოსახლეობას პანიკის საფუძველი

ლარი ბოლო დღეების განმავლობაში 42-ზე მეტ ვალუტასთან გაუფასურდა. მხოლოდ აშშ დოლარი ლართან  ბოლო 10 დღეში 10 პუნქტით არის  გამყარებული. 6 სექტემბერს ერთ დღეში ლარი აშშ დოლართან 4 თეთრზე მეტით, ევროსთან კი თითქმის 5 თეთრით გაუფასურდა. ოფიციალური გაცვლითი კურსი 6 სექტემბრის მონაცემებით, ასე განისაზღვრა – 1 დოლარი 2.4926 ლარი ღირს.

ლარის კურსის დაცემას უკვე მოჰყვა შეფასებები ქვეყნის ოპოზიციურ სპექტრში, რომელიც არჩევნების მოახლოებაზე აკეთებს აქცენტს და ხელისუფლებას არასწორ ხარჯვაში ადანაშაულებენ.

ლარის მოკლე ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურდა წინა არჩევნების დროსაც, თუმცა ოპოზიციური სპექტრისგან განსხვავებით, ექსპერტები მიუთითებენ, რომ გაუფასურება ბაზრის ძირითადი მოთამაშეების მოლოდინებით, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებული მოლოდინებით არის განპირობებული და არა მაკროეკონიმიკური მდგომარეობითა და ხელისუფლების ან „ეროვნული ბანკის“ ქმედებებით. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი,  გიორგი კეპულაძე, მიიჩნევს, რომ რომ ხელისუფლებას და სებ-ს სწორედ ამ კუთხით აქვს სამუშაო.

 

მაკროეკონომიკური მონაცემები და მოლოდინები

გიორგი კეპულაძე „ფორტუნასთან“ აცხადებს, რომ უარყოფითი მოლოდინები ბოლო წლების მეხსიერების, ცუდი ფაქტების შედეგია და დასძენს, რომ სწორედ სექტემბრიდან იწყებოდა ლარის გაუფასურება. ეს ძალიან ცუდია და სწორ კომუნიკაციაზე უნდა იმუშაოს „ეროვნულმა ბანკმა“ და მთავრობამაც.

მათ უნდა გააცნონ ბიზნესის წარმომადგენლებს მედიის საშუალებით მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რიცხვებზე და სტატისტიკაზე დაყრდნობით არგუმენტირებულად დაასაბუთონ, რომ სხვა თანაბარ პირობებში ლარის გაუფასურების წინაპირობები რეალურად არ არსებობს, რომ გაზრდილია შემოსავლები ტურიზმიდან, რომ წინა წელთან შედარებით გაზრდილია ფულადი გზავნილები, ექსპორტი იზრდება, რომ იმპორტი მნიშვნელოვნად არ იზრდება, ეს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მთავრობამ ბიზნესს, შესაბამისად , მათ არ ექნებათ უარყოფითი მოლოდინი, რომ, რადგან ზამთარი მოდის, ან არჩევნებია, ამიტომ ლარი გაუფასურდება,“ – აცხადებს გიორგი კეპულაძე.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას მოლოდინებს უკავშირებს ფინანსისტი გიორგი პაპავაც. ის ამბობს, რომ ბაზარზე, მსხვილ მოთამაშეებში, როგორც ჩანს, არსებობდა მოლოდინი, რომ 2.4 ნიშნულზე ლარი ზედმეტად მყარი იყო.

მე თუ ვფიქრობ, რომ ლარი ან რომელიმე პროდუქტი მომავალში ძვირი იქნება, ამაზე რეაგირებას ვახდენ. ვთქვათ, რომელიმე მოთამაშემ შეიძინა დოლარი, ან არჩევნებია და მოლოდინი მაქვს, რომ შეიძლება, გაუფასურდეს, როგორც კი ამას აჰყვება რამდენიმე მოთამაშე და სწრაფად იწყებენ ვალუტის შეძენას, სწრაფად რეაგირებენ, ეს სწრაფად ცვლის კურსსაც,“ – აცხადებს პაპავა.

გიორგი პაპავა მიუთითებს, რომ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელიც ლარის გაუფასურებაზე გავლენას მოახდენდა, არ არსებობს.

ეკონომიკური მაჩვენებლები უკეთესია, ვიდრე პროგნოზირებული იყო. სწორედ ეს ყველაფერი იყო იმის მიზეზი, რის გამოც კურსი 2.4-ზე იყო შენარჩუნებული. ასეთი რამ არ მახსოვს, რომ სებ-ის ჩარევის გარეშე, ასე სტაბილურად ყოფილიყო კურსი,“ – აცხადებს პაპავა.

 

ტურიზმის როლი და არჩევნების ფაქტორი

აგვისტოში საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია, თუმცა, ზაფხულის მიწურულს, როგორც გიორგი კეპულაძე „ფორტუნასთან“ ამბობს, ტურისტების რაოდენობის შემცირების მოლოდინი გაჩნდა, ეს მოლოდინები კი ლარის კურსზე აისახა.

რაც შეეხება არჩევნების მოახლოებას და ხარჯვით ნაწილში ოპოზიციის შეფასებებს, კეპულაძე განმარტავს, რომ პოლიტიკოსების მოსაზრებები მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიჰყვება და ეკონომიკას სცდება.  

„რაც შეეხება არჩევნებს, იმედი მაქვს, მთავრობა დაბალანსებულად დახარჯავს ბიუჯეტს და არჩევნების გამო, დეფიციტურ ხარჯვას არ ექნება ადგილი. მიმდინარე ხარჯვა არ არის დეფიციტური და პოლიტიკოსების შეფასებები ხშირად ეკონომიკური ფაქტორებით არ არის განპირობებული, მათ შეიძლება, გადააჭარბონ თავიანთი შეფასებებით. მცურავ გაცვლით კურსზე განცხადებიდან დაწყებული და  მაკროეკონომიკური ფაქტორებით დამთავრებული, ყველაფერი მოქმედებს და იმის გამო, რომ ამას ხელს უწყობს უარყოფითი განცხადებები, ამას ვერ შევუზღუდავთ პოლიტიკოსებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, „ეროვნულმა ბანკმა“ გამოაქვეყნოს მაჩვენებლები, თუ რა მდგომარეობაა რეალურად. დღეს „ეროვნულმა ბანკმა“ არ შეცვალა მონეტარული განაკვეთი და ეს დაასაბუთეს იმით, რომ მიმდინარე ინფლაცია შედარებით შემცირებულია, გაზრდილია ექსპორტი, გზავნილები, ტურიზმიდან შემოსავალი და რეგიონში არის არასტაბილური მდგომარეობა. ეს განცხადება, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება იმისთვის, რომ იმ კომპანიებმა, რომლებიც იყენებენ უცხოურ ვალუტას და ვაჭრობენ ამ ვალუტით, არ ჰქონდეთ არასწორი და ნეგატიური მოლოდინი,“ – აცხადებს კეპულაძე.

იმავეს ფიქრობს გიორგი პაპავაც და დასძენს, რომ სახელმწიფო ხარჯვით ნაწილში დასახულ გეგმას მიჰყვება. რაც შეეხება არჩევნებს, პაპავა მიიჩნევს, რომ არჩევნების ფაქტორიც სწორედ ბაზრის მოთამაშეების მოლოდინებზე მოქმედებს.

„არჩევნები ყოველთვის არის ამ გაურკვევლობის მიზეზი. ამ დროს უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენენ, რისკები იზრდება, რადგან მოთამაშეებმა არ იციან, ვინ გაიმარჯვებს, რამდენ ფულს დახარჯავენ, არ იცის ამას ყველაფერს რა გავლენა ექნება, ამიტომ მათი ეკონომიკური აქტივობა ხდება უფრო საფრთხილო. შარშანაც არჩევნების წინ გაუფასურდა, მაგრამ ასეთი გაუფასურება მარტო არჩევნების გამო, გამორიცხულია მომხდარიყო, თუმცა, შესაძლოა ეს იყოს რაღაც ნაპერწკალივით. შარშან „ეროვნული ბანკი“ ჩაერია და შეინარჩუნა კურსი, მაგრამ არჩევნების შემდეგ მაინც გაუფასურდა. 

„ხარჯვით ნაწილს რაც შეეხება, სახელმწიფოს პოლიტიკას რომ შევხედოთ, ამ ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო ხარჯავს იმას, რაც დაგეგმილი ჰქონდა და გაცხადებული ბიუჯეტში, მნიშვნელოვანი ცვლილებები იქ არ აქვს. შემოსავლები შემოდის უფრო მეტი, მიუხედავად ამისა, ამას არ ხარჯავს დამატებით დღევანდლამდე და შემდეგ რაც იზამს, არ ვიცი, ჯერ ხარჯვაში ზედმეტობები არ შეინიშნება. „ეროვნულმა ბანკმაც“ თქვა, რომ გაამკაცრებდა მონეტარულ პოლიტიკას, დედოლარიზაცია გააკეთა, რომელიც ისე არ განხორციელდა, როგორ ფიქრობდნენ, მაგრამ თქვეს, რომ მერე ვიყიდით ხოლმე დოლარსო და აგვისტოში და ივლისში იყიდა ას მილიონამდე დოლარი, ანუ სახელმწიფო და „ეროვნული ბანკი“ მიჰყვებიან იმ გეგმას, რაც ჰქონდათ,“ – აცხადებს პაპავა.

ექსპერტები მიუთითებენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მხრიდან არ მოხდეს გადამეტებული ხარჯვა, ხოლო „ეროვნულმა ბანკმა“ მნიშვნელოვანი ჩარევები არ განახორციელოს. მნიშვნელოვანია, ასევე შენარჩუნებული იყოს ის ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც ამ დროისთვის პროგრნოზირებადზე მაღალია.

 

 

თაკო ივანიაძე 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები