ლარი 30 წლის გახდა. ის ქვეყნის ეროვნულ ვალუტად 1995 წლის 25 სექტემბრიდან შემოიღეს, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.
„ლარი“ ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას, ხოლო „თეთრი“ XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია.
რაც შეეხება ლარის გაცვლით კურსს აშშ დოლართან, ლარის შემოღების დროს საწყისი კურსი 1.30 ლარს შეადგენდა. 30 წლის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით ყველაზე გაუფასურებული 2021 წლის გაზაფხულზე იყო – 1 დოლარის ღირებულება 3.5 ლარს აღწევდა, ხოლო ყველაზე მყარი 1995 წლის დეკემბერში, გამოშვებიდან ორ თვეში იყო – ერთი დოლარი 1.23 ლარი ღირდა.
აღსანიშნავია, რომ ლარის საიუბილეო წელი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არაერთი ღონისძიებით და აქტივობით აღნიშნა, მათ შორის, მოიჭრა 5 ლარის ნომინალის ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის საკოლექციო მონეტები, გამოვიდა 50 ლარის ნომინალის საიუბილეო ბანკნოტი, საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობით შეიქმნა თემატური საფოსტო მარკა.