ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის, ლაზარეს ოჯახის ახლობელი კონსტანტინე ზარნაძე აცხადებს, რომ ბიჭი ამ დროისთვის დამოუკიდებლად გადაადგილდება, ჭამს და ბევრად უკეთესი მდგომარეობა აქვს.
ზარნაძის თქმით, ლაზარეს აბსოლუტურად ყველაფერი ახსოვს იქამდე, ვიდრე ეს მოხდებოდა.
„ლაზარეს საერთოდ არ ახსოვს ის მომენტი, როგორ მოხვდა საავადმყოფოში. გუშინ რომ გაახილა თვალები, ვეკითხებოდი [ახსოვდა თუ არა]. ბავშვმა თქვა, აქ [საავადმყოფოში] როგორ მოვხვდიო. არ აქვს ეს მახსოვრობა შენახული, რაც, ამ ეტაპისთვის, მისი ჯანმრთელობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან კარგია.
ახლა ვიყავი ლაზარესთან სახლში. ვნახე, კარგად არის. თავისი ფეხით გადაადგილდება. ცოტა უჭირს, ამდენი დამაძინებელი წამლებისა და ანტიბიოტიკების ფონზე, ეს ნორმალურია, მაგრამ გადაადგილდება, ჭამს… ყველაფერი ახსოვს იმ ფაქტამდე, რაც მოხდა. აბსოლუტურად ყველაფერი ახსოვს იქამდე, ვიდრე ეს მოხდებოდა, მაგრამ დღეს ბევრად კარგი მდგომარეობა აქვს, ვიდრე გუშინ ჰქონდა.
იმაზეც ფიქრობს ოჯახი ახლა, როგორ მიაწოდოს ეს ინფორმაცია. თავისთავად, ამ ინფორმაციას გაიგებს… ახლა ლაზარე ოჯახისთვის მთავარი ამოცანაა ის, თუ როგორ მიაწოდოს ეს ინფორმაცია ისე, რომ ამან ბავშვში ფსიქოლოგიური ტრავმა არ გამოიწვიოს, ფსიქოლოგიურად არ დაითრგუნოს თავი”, – აცხადებს კონსტანტინე ზარნაძე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.
შეგახსენებთ, გუშინ, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დღეს იაშვილის კლინიკიდან უკვე გაეწერა ერთი მოზარდი, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული მეორე დაშავებული მოზარდის, ლაზარეს მდგომარეობაც.
ამავე თემაზე:
ვინ არის კაცი, რომელმაც დღეს ვაკის პარკში ბავშვები გადაარჩინა