LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ლაზიერის გამბიტი” – ის, რაც არ ვიცით ,,ნეტფლიქსის” ახალი ჰიტის შესახებ

1348
FORTUNA. GE (1)

ეკრანებზე გამოსვლისთანავე ,,ლაზიერის გამბიტმა” არა მხოლოდ ,,ნეტფლიქსის” მაყურებელთა, არამედ ხარისხიანი სერიალების მოყვარულთა უმეტესობის გული მოიგო. შესანიშნავი ისტორია, ვიზუალური ეფექტები, კოსტიუმები და მსახიობები ნამდვილად დასამახსოვრებელ მინი-სერიალს ქმნიან და სერიალის შესახებ ყოველდღიურად უფრო მეტი ინფორმაციაც ქვეყნდება, თუმცა მაინც არის ფაქტები, რომლებიც დიდი ალბათობით ,,ლაზიერის გამბიტის” ყველაზე გულმხურვალე ფანებმაც არ იციან…

,,ნეტფლიქსის” სერიალი წიგნის ადაპტაციაა

,,ლაზიერის გამბიტი” უოლტერ ტევისის 1983 წელს გამოცემული ამავე სახელწოდების წიგნის ტელე-ვერსიაა. ტევისს ძალიან უყვარდა ჭადრაკი, თუმცა განსაკუთრებული ტალანტით არ გამოირჩეოდა და ზრდასრულ ასაკამდე პროფესიონალთა ტურნირებში მონაწილეობა არ მიუღია. უოლტერმა ჭადრაკის თამაში 7 წლის ასაკიდან დაიწყო, თუმცა ბეთ ჰარმონის სიმაღლემდე არ მიუღწევია. მთავარი პერსონაჟის ცხოვრებას კი ბევრი საერთო ჰქონდა მწერლის პირად გამოცდილებასთან. ტევისმა სპეციალური სამედიცინო საჭიროებების მქონე ბავშვთა სახლში საკმაოდ დიდი დრო გაატარა და სწორედ  იქ მიღებულ წამლებს აბრალებდა მოგვიანებით, ზრდასრულ ასაკში ალკოჰოლისადმი განვითარებულ მიდრეკილებას.

უოლტერ ტევისის ნაწარმოებების მიხედვით სხვა ფილმებიც არის გადაღებული, თუმცა არცერთი არ არის ჭადრაკის შესახებ.

ვიდრე ჭადრაკით სერიოზულად დაინტერესდებოდა, უოლტერ ტევისს ბილიარდი იტაცებდა. მისი ნოველების მიხედვით არის გადაღებული ფილმები: ,,ბილიარდის მოთამაშე” /The Hustler (1961), ,,ფულის ფერი” / The Color of Money (1986) და ,,კაცი, რომელიც დედამიწაზე ჩამოვარდა” / The Man Who Fell to Earth (1976)

მსოფლიოს ჩემპიონი, გროსმაისტერი გარი კასპაროვი სერიალის კონსულტანტი იყო…

კასპაროვმა  მოგვიანებით განაცხადა, რომ იზრუნა იმაზე, რათა ყველა საჭადრაკო კომბინაცია და ტერმინი ეკრანზე სწორად ყოფილიყო გადმოცემული. გარი კასპაროვთან ერთად, სერიალის კონსულტანტი იყო ჭადრაკის ინსტრუქტორი ბრიუს პანდოლფინი, რომლის რჩევებსაც თავის დროზე, ნოველის წერის დროს უოლტერ ტევისი იყენებდა. კასპაროვის იდეა იყო ისიც, რომ სერიალში პერსონაჟებს რეალურად ნათამაშევი პარტიები ეთამაშათ.

ბეთ ჰარმონის ისტორია ძალიან წააგავს ბობი ფიშერის ამბავს…

მიუხედავად იმისა, რომ ბეთ ჰარმონის ისტორია ავტორმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნა,მას ბევრი აქვს საერთო მსოფლიოს ჩემპიონ, გროსმეისტერ ბობი ფიშერთანაც. მათ შორის მსგავსებაზე მიანიშნა სერიალის კონსულტანტმა გარი კასპაროვმაც. ბობი ფიშერი 2008 წელს, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობებს რეალური პარტიების დამახსოვრება მოუწიათ…

გარი კასპაროვმა იზრუნა იმაზე, რომ პერსონაჟებს რეალურად გათამაშებული ყველაზე საინტერესო და დრამატული პარტიები შეესრულებინათ. მათ ყველა კომბინაციის დაზეპირება მოუხდათ.

მიუხედავად იმისა, რომ სერიალის მოქმედება აშშ-ის შტატ კენტუკიში ვითარდება, სერიალი აშშ-ში არაა გადაღებული

გადაღებები ძირითადად ბერლინსა და ონტარიოში მიმდინარეობდა. კანადაშია შენობები,რომლებიც ბეთ ჰარმონის “კენტუკის” სახლის და აშშ-ის ჩემპიონატის კამპუსის როლში მოგვევლინა. რაც შეეხება ობოლთა თავშესაფარს და ლამაზ ფრანგულ სასტუმროს, ისინი ბერლინში მდებარეობს.

 

ეს ანია ტეილორ ჯოის პირველი სერიოზული როლი არ არის.

მის ფილმოგრაფიაში გამორჩეული ფილმებია ,,ემა” და ,,ჯადოქარი”. ტეილორ ჯოი მონაწილეობდა ასევე ფილმებში ,,გახლეჩილი” და ,,შუშა”.  სერიალების მოყვარულებს მსახიობი ახსოვთ პოპულარული ტელეშოუდან ,,ალესილი კეპები”.

,,ლაზიერის გამბიტის” გადაღებას ჰიტ ლეჯერი გეგმავდა

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ოსკაროსანი მსახიობი ადაპტაციის საკუთარ ვარიანტზე მუშაობდა. ლეჯერი ფილმის გადაღებას და მასში მონაწილეობას გეგმავდა. მთავარ როლზე ლეჯერს ელენ პეიჯის მოწვევა სურდა.

ტანსაცმელი, რომელიც ბეთ ჰარმონს ფინალური პარტიის თამაშისას აცვია, სიმბოლური დატვირთვისაა.

ფინალურ პარტიას ბეთი თეთრებში გამოწყობილი თამაშობს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ის არის თეთრი ლაზიერი მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე.

,,ლაზიერის გამბიტმა” მოკლე დროში ჭადრაკის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი შეიტანა.

,,ნეტფლიქსის” შოუს წყალობით “იბეიზე”  გაიზარდა მოთხოვნა საჭადრაკო კომპლექტებზე. ასევე ორჯერ გაიზარდა გუგლში ჭადრაკთან დაკავშირებული ტერმინების მოძიების სიხშირე, Chess.com-ზე რეგისტრირებული მომხმარებლების რიცხვი კი სერიალის პრემიერიდან დღემდე გახუთმაგებულია.

ნონა გაფრინდაშვილის შესახებ ცნობილი მოთხრობილი ამბავი ისტორიულად არააკურატულია…

როდესაც ბეთ ჰარმონი მოსკოვურ ტურნირზე შეხვედრას ატარებს, კადრი ქართველ მსოფლიო ჩემპიონზე, ნონა გაფრინდაშვილზე გადადის, კომენტატორი კი ამბობს, რომ მას კაცების წინააღმდეგ არასოდეს უთამაშია. ცხადია, ეს სიმართლე არ არის, რადგან ჭადრაკის ისტორიაში პირველი ქალი-გროსმაისტერი ხშირად მართავდა შეხვედრებს მამაკაცი მოჭადრაკეების წინააღმდეგ. პოლ კერესი, სვეტოზარ გლიგორიჩი, ჯეიმს ტარჯანი და მიხაილ ტალი, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ გროსმაისტერებისა, რომელთა წინააღმდეგაც ნონა გაფრინდაშვილს უთამაშია. ლეგენდარული ქართველი ჩემპიონი “კალვერტ ჟურნალთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მისთვის ამ ფრაზას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და არც განსაკუთრებული ემოციები გამოუწვევია, მაგრამ ადამიანის მიღწევების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება ნამდვილად არ არის პატივისცემის ნიშანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g