LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდა სიყვარულზე – გია დავითიანი ახალი სიმღერით

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” გია დავითიანი, მანანა იმედაძე და გურამ გორდეზიანი ესტუმრნენ.


– როგორ ხართ?

– მივესალმები ამ გენიალურ და მშობლიურ სტუდიას, ხან ”ალილოსთან”, ხან ”ქუჩის მუსიკოსებთან” ერთად და ასე მანებივრებთ. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები გავიცანი, მანანა და გურამი. ერთ დღეს ჩემს ტელეფონზე ზარი გაისმა და შემომთავაზა მომესმინა მის მიერ შექმნილი მელოდია. ძალიან მოვირგე ეს სიმღერა, ტექსტიც გენიალურია, ბატონი გურამიც ახლა გავიცანი.


– თქვენი კარიერა მიმოვიხილოთ…

– მე არ ვარ სოლო მომღერალი. უბედნიერესი ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ორი ჯგუფი, რომელიც შემოქმედებითად ასე თუ ისე რაღაცას ახერხებს, ეს არის ”ალილო” და ”ქუჩის მუსიკოსები”. ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ორივე მათგანი. ჩვენი პროგრამის ნახევარი მსმენელმა ზეპირად იცის. როდესაც სცენაზე დგახარ და გაუთავებელი ტაში ისმის, მომღერლისთვის ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა. გია ბაღაშვილის დამსახურებაა ის, რომ ინსტრუმენტი ამომეღო, რომელიც დიდი ხნის შენახული მქონდა. ”ალილოს” რაც ეხება, დიდი გეგმები გვაქვს. მაისი ჩვენთვის ფანტასტიური იქნება. ორი გასტროლი გვექნება. ერთი აშშ-ში, სადაც 30-ში გავფრინდებით და ”მილენიუმის” დარბაზში გავმართავთ კონცერტს, მაისის მეორე ნახევარში კი თელ-ავივში უნდა ვიმღეროთ საქართველოს საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.


– რომელი სიმღერაა გია დავითიანის სავიზიტო ბარათი?

– თეა ჯინორიას მინდა მადლობა ვუთხრა, მან დამიწერა ”თუ გიყვარდი”, რომელიც ჰიტად იქცა. დათო არჩვაძე, ლილიკო ნემსაძე, ბესო კაკუტია – არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. დამიგროვდა იმდენი სიმღერა, რომ დროა უკვე ალბომზეც ვიფიქრო. თუ რომელი სიმღერები შევა მასში, ამას ჩემი მეგობრები გადაწყვეტენ.

– ქალბატონო მანანა, როდიდან წერთ სიმღერებს?

– სიმღერებს ბავშვობიდან ვწერ, ეს ჩემი ყველაზე საყვარელი საქმეა. ასევე ვმუშაობ ბავშვებთან, მაქვს ჩემი საავტორო ანსამბლი, ”იმედის ვარსკვლავები”, სადაც 3-16 წლის ასაკის ბავშვები მიიღებიან. ბევრი ჩანაწერი მაქვს ბავშვების, თუმცა ასეთ სერიოზულ მომღერალთან, როგორიც არის გია დავითიანი, ჩემი სიმღერა პირველად ჩაიწერა. ბატონი გურამ გორდეზიანი სულ ცოტა ხნის წინ გავიცანი გუჯა ბურდულის ოჯახში, მან თავისი ლექსების კრებული გადმომცა. შინ რომ მივედი და წავიკითხე, ძალიან მომეწონა. ჩემთვის პოეზიაა მუსიკა, მე ვწერ ლექსზე. თითქმის 30 წელია ამ საქმეს ვაკეთებ. ქალაქურ ჟანრში ვმუშაობ, ბავშვებს კი რა თქმა უნდა საბავშვო-საესტრადო მუსიკას ვამღერებ.


– ბატონო გურამ, თქვენს შესახებ მოგვიყევით…

– მადლობა ჩემი აქ მოწვევისათვის. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია თქვენთან სტუმრობა. ლექსის ფურცელზე გადატანა დავიწყე 26 წლის ასაკში. ვარ სამი კრებულის ავტორი. ბოლო კრებული, ”მზის გენია” წარდგენილია ლიტერატურულ პრემია ”საბაზე”. ქალბატონი მანანას ხელში კი აღმოჩნდა ჩემი მეორე კრებული ”მე ის ვარ”, მას ჩემი უკანასკნელი ეგზემპლარი მივეცი. სწორედ აქედან დაწერა ქალბატონმა სიმღერა ”დედაო ენავ”. ამ ლექსის შექმნიდან თითქმის 20 წელია გასული.


– ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ

მანანა: – როგორც კი ლექსი წავიკითხე, ის მუსიკას ითხოვდა. ”ლეგენდა სიყვარულზე”, ასე ჰქვია ამ სიმღერას. 10-15 წუთში დაიწერა. ძირითადად ღამე მიყვარს მუშაობა, თუმცა, რამდენად სწრაფად დაიწერება, მთლიანად ლექსზეა დამოკიდებული. არანჟირება ეკუთვნის ოთარ ყუფუნიას. ხმის რეჟისორი ლევან კიკვიძეა.

გურამი: – ლექსი შედევრია, ეს კომპოზიტორმა და მომღერალმა დაამტკიცეს. ამ თვენახევარში უკვე 8 სიმღერა შექმნა ქალბატონმა მანანამ ჩემს ლექსებზე.

გია დავითიანი – ლეგენდა სიყვარულზე

AudioGIA DAVITIANI – LEGENDA SIYVARULZE

გადაცემის აუდიოჩანაწერი


AudioDAMZADEBULIA SAQARTVELOSHI – GIA DAVITIANI

გურამ გორდეზიანი – ქალბატონო. “პოეზია არ დაიდარდოში”



გია დავითიანი – ტრიალებს Live



გია დავითიანი. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები