LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა წურწუმია: შემიძლია ვთქვა, რომ ისრაელმა „შემინახა“

24

გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი მომღერალი ლელა წურწუმია იყო. საუბარი მისი ძირითადი საქმიანობის, სამსახიობო კარიერის, პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმების შესახებ წარიმართა.

– ლელა, როგორია განწყობა, თუ გაქვთ წინასაახალწლო შეგრძნება?

– უფრო მიყვარს სამზადისი, ვიდრე ახალი წელი, რადგან მერე ცოტა გაურკვევლად ხარ. თითქოს რაღაც ახალი იწყება, ყველას აქვს ყოველი მომდევნო წლის იმედი და ყველას ვუსურვებ, რომ მოლოდინი აუსრულდეთ. ასევე მნიშვნელოვანია სტაბილურობაც. მამლის წელი მოდის, ჩემი წელი მოდის და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი იმაზე უკეთ იქნება, ვიდრე არის.

– რამდენად გჯერათ ჰოროსკოპების?

– მჯერა კი, თუმცა ბოლომდე მასზე დაყრდნობილი არ ვარ. ჩვენ გვყავს რამდენიმე ასტროლოგი, რომლებიც ზოგადად ძალიან დიდი სიზუსტით გადმოსცემენ ადამიანის რუკას მისი მონაცემების მიხედვით.

– ემთხვევა თუ არა თქვენი ხასიათი ზოდიაქოს?

– რამდენად ემთხვევა არ ვიცი, მაგრამ ნინო ხომერიკს, მიხეილ ცაგარელს და სხვა ასტროლოგებს შეუდგენიათ ჩემი პირადი რუკა და ბევრი რამე ნამდვილად ზუსტია. თუმცა მთლად ზოდიაქოს იმედზე ყოფნა რა თქმა უნდა არ შეიძლება.

– ბოლო პერიოდში რამდენი კონცერტი გამართა ლელა წურწუმიამ?

– 15 აგვისტოს მქონდა სოლო-კონცერტი ბათუმში, შემდეგ 9 სექტემებრს კვლავ ბათუმში, 14 ოქტომბერს – „ოტიუმში“, 22 ნოემბერს კვლავ „ოტიუმში“ მქონდა და 10 დეკემბერს –  ქუთაისში. ბევრი მაყურებელი იყო ყველა ჩამოთვლილ კონცერტზე და ძალიან დიდი სიამოვნებაც მივიღე. ახალ წელს ისრაელში, კერძოდ თელ-ავივში ვხვდები ჩემს კოლეგებთან ერთად: ნინო ჩხეიძე, ლაშა რამიშვილი, ნანკა კალატოზიშვილი, იქაური მომღერლები, ამის შემდეგ 13 იანვარს „სქაი ბარში“ კვლავ ჩემი კონცერტი გაიმართება და იანვრის ბოლოს Rooftop Terrace-ში. ამას გარდა, დავიწყე თანამშრომლობა ჯგუფ „გუფი ლენდთან“ და ცოცხალი შესრულებით გაზაფხულიდან რეგიონებში საკონცერტო დარბაზებში ლაივ-კონცერტებს გავმართავთ. ამას გარდა ვწერ ახალ სიმღერებს, რომლებიც ჩემს რეპერტუარს შეემატება. ვაპირებ კლიპის გადაღებასაც. საერთო ჯამში 2016 წელს არ ვუჩივი და მინდა 2017 წელი ასევე ნაყოფიერი იყოს.

ხშირად იწერებოდა, რომ ისრაელმა გადაარჩინა ქართველი მომღერლები…

– როდესაც პირველად ჩავედი ისრაელში, 1997 წელს, ჩემმადე იქ ჩადიოდნენ მერაბ  სეფაშვილი, ნანი ბრეგვაძე და სხვა ცნობილი მომღერლები, მაგრამ ამ ყველაფრის ტრანსლირება სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო. მანამდე უბრალოდ არ ხმაურდებოდა საკმარისად. თუმცა, იქაც ჰყავთ ამოჩემებული საყვარელი მომღერლები, მაგალითად ნინო ჩხეიძე, ანრი ჯოხაძე, ლეილა თოდაძე და ა.შ. ხშირია კორპორატიული მიწვევებიც. მე შემიძლია ვთქვა, რომ ისრაელმა „შემინახა“.
img_6718
ქართველი მომღერლები კონცერტებს თითქმის აღარ მართავენ…

– ყველაფერი დაკავშირებულია საკმაოდ სერიოზულ თანხებთან. თუ არ გყავს სპონსორი, კონცერტი ვერ კეთდება. მაგალითად, ფილარმონიის სოლო-კონცერტზე მე მყავდა სპონსორი, სხვა შემთხვევაში უბრალოდ წაგებაზე წავიდოდი.

ლელა, წლების წინ ხალხი დადიოდა კონცერტებზე, თუმცა მაშინაც არ იყო მთლად დალხენილი ცხოვრება. რა არის ამისი მიზეზი?

– არ ვიცი, მაშინ ხალხი ცხოვრებით უკმაყოფილო იყო, მაგრამ დღევანდელი გადასახედით თურმე არც ისე ცუდი  პერიოდი იყო. ძალიან აქტიურები ვიყავით მაშინ.

გენატრება ის დრო?

– არ მენატრება. არსებობს მდგომარეობა, რომელიც ფინანსურზე მნიშვნელოვანია და სწორედ ამის გამო ვთვლი, რომ ის დრო მოსანატრებელი არ არის, თუმცა კონცერტებზე, რომლებიც ბოლო თვეებში გავმართე სულ ჟღერს ძველი სიმღერები, მაგრამ არ მინდა წარსულში ყურება, წინ მინდა ვიარო.

– ბევრ ფილმში ხარ გადაღებული, მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყო „ხაფანგი“…

– ბატონ ალეკო ნინუას ფილმია, სადაც მთავარი როლი შევასრულე.  რეზო ლორთქიფანიძესთან და გია ძნელაძესთან ერთად ვითამაშე ამ ფილმში, ასევე ვალერი კორშია, გივი თოხაძე და ა.შ. არაჩვეულებრივი შემადგენლობა იყო.

რატომ არ წახვედით ამ მიმრთულებით?

– ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინ იღებს ფილმს და რამდენად სჭირდება ჩემი ტიპაჟი. მძიმე პერიოდში დაემთხვა უნივერსიტეტის დამთავრების პერიოდი, სამოქალაქო ომი და აფხაზეთის საკითხი, ყველა სფერო სულს ღაფავდა, მაგრამ ალბათ ჩემთვის პრიორიტეტული სიმღერა იყო, რასაც პრინციპში არც ვნანობ, მითუმეტეს, რომ წლების შემდეგ კიდევ მივიღე მონაწილეობა ამა თუ იმ ფილმში და ძალიან კარგი შეგრძნება იყო.

– ცნობილია, რომ ერთ სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის ერთად ყოფნა რთულია. საკმაოდ დიდი დრო გავიდა და თქვენ და კახი კვლავ ერთად ხართ, როგორ შეძელით?

– კარგად მუშაობს და ცოტა პროცენტი მიაქვს (იცინის). სინამდვილეში, ძალიან მაგარი ადამიანი მყავს და იმიტომ ვართ ერთად, საუკეთესო მეგობარია. რაც შეეხება პროდიუსინგს, კარგად აუღო ალღო ამ საქმეს და სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა. ძალიან გამიმართლა.

– რამდენი წელია, რაც ერთად ხართ?
– 20.

რა საშუალებებს მიმართავთ სილამაზის შესანარჩუნებლად?

– სხვა გზა არ მაქვს (იცინის). ალბათ განწყობა, ხასიათი, გენეტიკა. როდესაც ადამიანი პოპულარულია, აუცილებელია სულ იყო ფორმაში, ეს უკვე ჩვევაა.

ყველაზე ცუდი რა გსმენიათ საკუთარ თავზე?

– არ მინდა ამაზე ლაპარაკი. თქვენი ეთერის საშუალებით კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ ვსარგებლობ სოციალური ქსელებით და ჩემი სახელით რამდენიმე პროფილი არსებობს, რომლებიც ხალხს ჩემი სახელით ელაპარაკებიან და არც ისე კარგად. არ მაქვს და არც არასოდეს მექნება „ფეისბუქი“, რადგან არ მომწონს!

გაიხსენეთ თქვენთვის გამორჩეული ახალი წელი…

– მთელი დეკემბერი იმდენად დაკავებული ვარ გადაღებებით,  რომ ახალი წელი ჩემთვის მუშაობასთან არის ასოცირებული. ამიტომ განსაკუთრებული და გამორჩეული წელი არ მახსენდება.

ვინ არის ადამიანი, რომელსაც სიამოვნებით გაიცნობდი და რა კითხვას დაუსვამდი მას?

– არავინ. ამაზე არც მიფიქრია.

როგორი იყო ჩვენს სტუდიაში გატარებული დრო?

– მშვენიერი, მგონია, რომ მთელი დღეა აქ ვარ (იცინის).

რას უსურვებდით ხალხს 2017 წელს?

– პირველ რიგში წინასწარ ვულოცავ ახალ წელს რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“, რადგან 31-ში გასაგები მიზეზების გამო თქვენს იუბილეზე არ ვიქნები, გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას და ბევრ სიმღერებს. ჩემს კოლეგებს და სრულიად ერს ვუსურვებდი ნაყოფიერ წელს და ჯანმრთელობას, სტაბილურობას და მშვიდობას. ყოველი დღე იყოს წარმატებული და ბედნიერი. ვიცხოვროთ მომავლით და არა წარსულით.

წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები