ლენტეხში ხუთი სოფელი გარესამყაროს ისევ მოწყვეტილია. სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზე სამუშაოები დაწყებულია, თუმცა უცნობია, როდის მოხდება მიმოსვლის აღდგენა.
ამ დროისთვის, ხუთივე სოფელს ელექტროენერგია მიეწოდება. ხელისუფლების ინფორმაციით, მოსახლეობას საჭირო პროდუქტები და მედიკამენტები გადასცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ამბროლაურის განყოფილების მეხანძრე – მაშველებმა, ლენტეხში, ერთ-ერთ წაღებულ ხიდზე სამაშველო-საბაგირო მაგისტრალი გაჭიმეს. შედეგად, გარესამყაროს მოწყვეტილ სოფელ მუთბის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში პირველადი მოხმარების ნივთები, პროდუქტი ან მედიკამენტები მიიღოს.
ლენტეხის მერის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, დღის ბოლომდე ორ სოფელთან დამაკავშირებელი ხიდები აღდგება, სამ სოფელთან დაკავშირებას რამდენიმე დღეში შეძლებენ.
ლენტეხში სტიქიამ საავტომობილო გზები და სამი ხიდი დააზიანა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო სამი მდინარე ადიდდა, წაღებულია ხიდები, განადგურებულია საავტომობილო გზის ნაწილი, დატბორილია სახნავ-სათესი მიწები.
