LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი – დაგროვებითი საპენსიო სისტემა უმნიშვნელოვანესია საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გრძელვადიანი სტაბილურობისთვის

144
ლევან დავითაშვილი

„სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო წლებში განახორციელა. ის მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკისთვის, ასევე საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“  – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საპენსიო სააგენტოს 2023 წლის და ბოლო 5 წლის საინვესტიციო საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, შემდეგი ამოცანა საპენსიო დანაზოგების კიდევ უფრო მეტი ეფექტურობით გამოყენებაა ეკონომიკაში, უპირველესად, პენსიონერების ინტერესების გათვალისწინებით, რადგან, მინისტრის შეფასებით, უმნიშვნელოვანესია, პენსიონერებმა სტაბილურად მიიღონ დანაზოგებზე მეტი შემოსავალი და ეს ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, როგორც გრძელვადიანი საინვესტიციო რესურსი.

„გასულ წელს ნებაყოფლობითი დაგროვებითი საპენსიო სისტემის კანონმდებლობა მივიღეთ და საშუალებას ვაძლევთ მოსახლეობას, რომ ე.წ. „მესამე პილარშიც“ ანუ მესამე ბლოკშიც მიიღონ მონაწილეობა კონკრეტულმა დასაქმებულებმა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი იყოს მათი დანაზოგი საპენსიო ასაკისთვის. თუმცა დაგროვებითი საპენსიო სისტემის ქვაკუთხედი სავალდებულო საპენსიო სისტემაა, ამიტომ ჩვენი მიდგომა იყო საკმაოდ ფრთხილი და დაბალანსებული, რომ დღემდე მოვსულიყავით“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე შეფასებით, საპენსიო სააგენტოს 5 წლის საინვესტიციო საქმიანობა ძალიან წარმატებული იყო.

„მილიარდ ლარზე მეტია ამონაგები, რეალური მოგებაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. OECD-ის კვლევის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა ნომინალური საინვესტიციო შემოსავლებით, ის ერთ-ერთი ლიდერია რეალური შემოსავლებითაც, შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის საპენსიო სააგენტოში დაგროვილი დანაზოგები არის ყველაზე უფრო ეფექტიანად მართული დღევანდელ პირობებში“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, 2023 წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონში, გადაიხედა საინვესტიციო წესები და მოთხოვნები, რომლებიც შესაბამისობაში მოვიდა ბოლო 5 წლის განმავლობაში კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებთან – დაიხვეწა აღსრულების მექანიზმი და რისკის მართვის ჩარჩო. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს საპენსიო სააგენტოს  სწორად და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად მართოს მოქალაქეების დანაზოგები და დაგროვილი კაპიტალი კიდევ უფრო ეფექტიანად მოხმარდეს ქართულ ეკონომიკას.

magti 5g