LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი დუბაის სამოქალაქო ავიაციის პრეზიდენტს შეხვდა

120
ლეო

ავიაციის სექტორში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და დუბაის სამოქალაქო ავიაციის პრეზიდენტმა, Emirates Group-ის დამფუძნებელმა შეიხმა აჰმედ ბინ საედ ალ მაქტუმმა დუბაიში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებიც – მარიამ ქვრივიშვილი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა დუბაიდან მეტი პირდაპირი საჰაერო რეისის დანიშვნის შესაძლებლობებზე იმსჯელეს, რაც საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის სექტორის გაძლიერებას სტიმულს მისცემს.

როგორც დუბაის სამოქალაქო ავიაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება სავიზო პოლიტიკის გამარტივებასთან დაკავშირებით იყო ეფექტური და სწორი, რის შემდეგაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დაწესდა. მისივე შეფასებით,  მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს გამორჩეულად ლიბერალური საჰაერო ცის პოლიტიკა, რაც დადებითად ისახება ტურისტული ნაკადების რაოდენობაზე და პირდაპირაა დაკავშირებული ფრენების ზრდასთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საამიროებიდან საქართველოში ინვესტიციების ზრდას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ადგილობრივ, წამყვან კომპანიებს აქვთ საქართველოს საავიაციო ბიზნესში გაძლიერებისა და გაფართოებისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებენ.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან მგზავრების რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ამ ეტაპზე 4 ავიაკომპანია – flydubai, Air Arabia, Air Arabia Abu Dhabi და Wizz Air Abu Dhabi კვირაში 50 პირდაპირ რეისს ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები