LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი – მოუთმენლად ველით ისლანდიასთან თანამშრომლობის გაღრმავებას მწვანე ენერგეტიკის, ინოვაციების, ტურიზმისა და სხვა სექტორებში

134
ლეოო

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოში ისლანდიის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ისლანდიის პრეზიდენტს შეხვდა.

ლევან დავითაშვილმა და გუდნი იოჰანესონმა მონაწილეობა მიიღეს საქართველო-ისლანდიის ბიზნესშეხვედრაში, სადაც მათ ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისლანდიის დელეგაციის წევრებს საქართველოს ზოგადი ეკონომიკური სურათი და მიმდინარე მაჩვენებლები გააცნო. ლევან დავითაშვილმა მთავარი აქცენტი ქვეყნის ენერგეტიკულ პოტენციალსა და ამ მხრივ ისლანდიასთან თანამშრომლობის, მათ შორის საინვესტიციო პარტნიორობის შესაძლებლობებზე გააკეთა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო დღეს ის ქვეყანაა, სადაც მოქნილი და ჯანსაღი საინვესტიციო გარემო აკმაყოფილებს მწვანე ენერგიის და თავისუფალი ვაჭრობის ხელმისაწვდომობას 2.3 მილიარდიან ბაზარზე მთელ მსოფლიოში. მან ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორებიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და შავი ზღვის წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელი.

პირველი ვიცე-პრემიერი ისლანდიის გარემოს, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრს გუდლეიგურ თორ თორდარსონსაც შეხვდა და მასთან რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოსა და ისლანდიას უკვე აქვთ წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება – ისლანდიური კომპანიები დღეს საქართველოში ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით ახორციელებენ ინვესტიციებს და მათი მოცულობის გაზრდის სურვილიც აქვთ.

„საქართველოს გარკვეული პოტენციალი აქვს გეოთერმული ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით, რაშიც ისლანდია წამყვანი ქვეყანაა.  დღეს საქართველოში ამ ტექნოლოგიების შემოტანა ძალიან საინტერესო იქნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ისლანდიას, როგორც ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მოქმედებს. შეთანხმება შესაძლებლობას იძლევა, საქართველოში წარმოებული პროდუქტების და სერვისების დიდი ნაწილი სატარიფო ბარიერების გარეშე განთავსდეს მაღალმსყიდველობითი უნარის მქონე სამომხმარებლო ბაზრებზე. ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, დაგეგმილია საქართველო-ისლანდიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის და ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შეთანხმების გაფორმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები