პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირების შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრის აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმებულ შეთანხმებას აფასებს:
„ასეთი მასშტაბის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში აქამდე არ განხორციელებულა. ვფიქრობ, ეს არის არამხოლოდ ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი, რიცხვებში გამოხატული ხელშეწყობა, რაც სტიმულს მისცემს ზოგადად ეკონომიკურ ზრდას, არამედ მას თვალსაჩინო ეფექტი შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, რადგან ეს ისეთი კომპანიის გადაწყვეტილებაა, რომლის საინვესტიციო პოლიტიკას ბევრი დეველოპერი, საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებული კომპანია თვალს ადევნებს და ითვალისწინებს“.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველო საინვესტიციო რუკაზე კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი ხდება.
ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური მთავრობისა და თავად პრეზიდენტის უშუალო ჩართულობა მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ კომპანიას Emaar Properties/Eagle Hills აღნიშნული საინვესტიციო გადაწყვეტილება მიეღო.
„ამ ინვესტიციით, ვფიქრობ, ახალ ეტაპზე გადადის არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ორმხრივი თანამშრომლობა, ჩვენ ამისთვის დიდი სამუშაო გავწიეთ. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ე.წ. ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას მიაღწია არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან – ეს შეთანხმება ძალაში ოფიციალურად გასულ წელს შევიდა“,- განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.