LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი – საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით

145
New Project

თბილისში ხუთი მარეგულირებელი უწყების – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი), დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით მეორე საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ მიმდინარეობს.

ღონისძიების მიზანი საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესებაა.

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ჯანსაღი კონკურენციის, საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი ბიზნესის განვითარებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმების აუცილებლობასა და ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

ამასთან, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2022 წელს მრავალწლიანი მუშაობის შედეგად საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი“ ამოქმედდა. მინისტრის შეფასებით, ამ კანონის მიღებით ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ბიზნესის განვითარების დამატებითი მექანიზმები შეიქმნა.

„საქართველოს მთავრობის სახელით მინდა მადლიერება გამოვხატო ევროკავშირის და აშშ-ის მთავრობების მიმართ წლების განმავლობაში აღმოჩენილი ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის, რამაც ხელი შეუწყო კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების პოლიტიკის განხორციელებას და ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას ამ მიმართულებით“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში 20-მდე ქვეყნის დელეგაცია და 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებლის სექტორში მომუშავე უწყების პირველი პირები, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კონფერენციაზე, რომელზეც ცხრა თემატური სესია გაიმართება, 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ შედეგებსა და გამოწვევებზე ერთობლივ ფორმატში იმსჯელებს.

 

პოპულარულები