LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილმა ენერგეტიკის კერძო სექტორთან გამართა შეხვედრა

111
ლევან დავითაშვილი

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ენერგეტიკის კერძო სექტორთან შეხვედრა გამართა. ეკონომიკის სამინისტროსა და ბიზნეს ასოციაციის თანამშრომლობით ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის სექტორში მომუშავე საჯარო უწყებების და კერძო ბიზნესების წარმომადგენლებმა, პროფილურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საბანკო სექტორმა.

ლევან დავითაშვილმა საქართველოში ენერგეტიკის დარგის განვითარების ხედვაზე, პოლიტიკასა და ამ პროცესში კერძო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან დამსწრე საზოგადოებას სექტორში არსებული სურათი, განვითარების დინამიკა, რეფორმების და მნიშვნელოვანი პროექტების მიმდინარეობის პროცესი გააცნო და დარგის განვითარების მხარდამჭერ მექანიზმებზეც გაამახვილა ყურადღება.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ენერგეტიკის დარგი, მეტი ადგილობრივი გენერაცია. ლევან დავითაშვილი ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკური ზრდის პროპორციით იზრდება ქვეყანაში ენერგომოხმარება და ამას უნდა სდევდეს გენერაციის ობიექტების დამატება და ზოგადად ქვეყანაში გენერაციის ზრდა.

„ჩვენი პროგნოზებით, 2030 წლისთვის 20 მილიარდ კილოვატ საათამდე ენერგიის მოხმარება მოგვიწევს რაც ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი სიმძლავრეების დამატება მოგვიწევს გენერაციის კუთხით. ვფიქრობ, რომ ადეკვატურია მწვანე განახლებადი წყაროებიდან მივიღოთ ენერგორესურსები. ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესშიც ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, გენერაციის განვითარების პარალელურად უნდა გაძლიერდეს ქსელი, რაც არამხოლოდ ქვეყნის შიდა გადაცემის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, არამედ ტრანსსასაზღვრო გადაცემის ინფრასტრუქტურის განვითარებასაც გულისხმობს. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ევროპასთან პირდაპირ დაკავშირებადობა. ამ კუთხით მინისტრმა აქცენტი გააკეთა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე.

ენერგეტიკის დარგის აქტუალური საკითხების განხილვისა და პროცესების ეფექტიანად მართვის მიზნით, ლევან დავითაშვილის ინიციატივით, სექტორთან შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები