LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს

143
ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოვიდა.

ლევან დავითაშვილმა დეპუტატებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებების, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და რეფორმების შესახებ, რომელთა მიზანსაც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა და მათი ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება წარმოადგენს.

„მთავრობის პროგრამის სახელწოდებაა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის”, რასაც ჩვენი ყველა გადაწყვეტილება პასუხობს. 2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი ახალ საფეხურზე გადაიყვანა, მაგრამ, ამავე დროს, ეს გადაწყვეტილება ლოგიკური გაგრძელება იყო იმ მრავალწლიანი შრომისა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ 2014 წლის შემდეგ გასწია. ეს იყო რთული გზა საქართველოს ევროინტეგრაციისკენ, რომლის ერთი ეტაპიც წარმატებით დავძლიეთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსიდან გამომდინარე, საქართველო პირველად შეუერთდა  ევროკომისიის მიერ წევრობის კანდიდატი ქვეყნებისათვის შემუშავებული მეთოდოლოგიით ეკონომიკური რეფორმების საშუალოვადიანი  პროგრამის მომზადების პროცესს და დათქმულ ვადაში (2024 წლის 15 იანვარს) ევროკომისიას წარუდგინა  „ეკონომიკური  რეფორმების პროგრამა“ 2024-2026 წლისათვის. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, აღნიშნული რეფორმების განხორციელება კიდევ უფრო დააახლოვებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან.

ეკონომიკის მინისტრმა გამოსვლის დასაწყისშივე ხაზი გაუსვა, რომ გლობალური თუ რეგიონული გამოწვევების ფონზე ეკონომიკის ზრდის სწრაფი ტენდენციებით საქართველო კვლავ მოწინავეა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროკავშირის რიგ წევრ ქვეყნებს შორის.

„ჩვენი მოლოდინი და პროგნოზია, რომ 2024 და მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2024 წლისთვის 23 100 ლარს (8500 აშშ დოლარს) გადააჭარბებს”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, მდგრად დონეზე ნარჩუნდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა – ბოლო სამ წელიწადში ქვეყანაში დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. რაც შეეხება ინფლაციის დონეს, 2023 წლის აპრილიდან ის მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება, ხოლო 2023 წლის საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5% შეადგინა. ამასთან, ბოლო 10 თვის განმავლობაში ინფლაციის დონე 1%-ზე ნაკლებს შეადგენს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2024 წლის იანვარ-მარტშიც, წინა წლის მსგავსად, ევროპისა და რეგიონის მასშტაბით, საქართველოში ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება. 

„პოზიტიურ ტენდენციებს ხელი შეუწყო გონივრულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, რეფორმების განგრძობადობამ და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ მიმართულმა მთელმა რიგმა ღონისძიებებმა.  ამასთან, უმუშევრობა და სიღარიბე კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შესაბამისად, ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად  მიზანს სწორედ დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობა და სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა, რომლის საშუალო ზრდა ბოლო სამი წლის განმავლობაში 11%-ს გაუტოლდა.

„მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდა საქართველოს სატრანზიტო როლი ენერგეტიკული მიმართულებით და ბოლო სამი წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის ტრანზიტი მთლიანობაში საშუალოდ 22%-ით, ხოლო სამხრეთ კავკასიური მილსადენით გაზის ტრანზიტი საშუალოდ 25%-ით გაიზარდა, ჯამურად 2020 წელთან შედარებით 92%-ითაა გაზრდილი“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, რეკორდულ მოცულობას მიაღწია ელექტროენერგიის გენერაციამ, ტრანზიტმა და ექსპორტმა. ელექტროენერგიის გენერაციის საშუალოწლიური ზრდა ბოლო სამ წელიწადში 9%-ს გაუტოლდა (ჯამურად, 2020 წელთან შედარებით, გენერაცია გაზრდილია 29%-ით). ამასთან, მნიშვნელოვნად შემცირდა იმპორტის წილი მოხმარებაში და 2023 წელს რაოდენობრივ გამოხატულებაში ექსპორტმა იმპორტს თითქმის 2-ჯერ გადააჭარბა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად მისი უწყება მუშაობას გააგრძელებს საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციისა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g