ლევან გაჩეჩილაძე ითხოვს, ეთერს ლოგო დაუბრუნდეს, ამის შესახებ მან “მაესტროს” “ფაქტორში” სტუმრობისას განაცხადა.
“ვინ მოხსნა ლოგო, ვისი ბრძანებით მოიხსნა?! მე ვარ “მაესტროს” გენერალური დირექტორი, მე ეს ბრძანება არ გამიცია. პასუხისმგებლობას ვიღებ ხალხის, ხელისუფლების, ყველას წინაშე, რომ ახლავე აღდგეს “მაესტროს” ლოგო ამ ეთერში. რამდენადაც მე ვარ შპს “სტუდია მაესტროს” გენერალური დირექტორი, მინდა ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ლოგო მოაშორა ეთერს, ეს ლოგო დაუბრუნდეს ეთერს და მე მაინტერესებს, ვინ გასცა ეს ბრძანება”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ „ფაქტორში“.
ამასთან, იგი ილია კიკაბიძეს ქურდს უწოდებს, რომელმაც ლოგო მოიპარა.
„ილიამ გიბრძანათ ამ ლოგოს მოხსნა? აქ მიდის მიზანმიმართული გაკოტრება, მიდის მცდელობა, რომ 10 მლნ ლარი შეიტყაპუნონ, ჯერ “ემ ინვესტმენტის” მეშვეობით და შემდეგ სტუდია “მაესტრო” დაჯარიმდეს და ეს ყველაფერი თანამშრომლების სახელით კეთდება. ვინც მოხსნა იმას მივმართავ, დაბრუნდეს ლოგო. ილია კიკაბიძეს აქვს სასამართლოს განჩინება, რომ ლოგო ვერ გამოიყენოს და არა იმაზე, რომ ლოგო აუკრძალოს ვინმეს. ილია კიკაბიძე აგებს პასუხს ამისთვის. უმძიმესი ამბავია ეს. არანაირად არ ეხება შპს “სტუდია მაესტროს”. აღდგეს ლოგო. ეს არის მცდელობა ყველა თანამშრომელმა დავკარგოთ შემოსავალი”, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
გუშინ “ტელეკომპანია მაესტროს” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, “მაესტრო” ეთერში ლოგოს გარეშე გავიდა.