ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე, რომელიც გუდაურს ახლახან სტუმრობდა, წერს, რომ კურორტზე ქართველებისთვის ძალიან ძვირი ფასებია, მიუხედავად იმისა, რომ თხილამურებით სრიალი ზოგადად, ძვირიან სიამოვნებად მიიჩნევა.
გთავაზობთ მის სტატუსს სრულად:
„გუდაურზე ასეთი ამბავია:
ერთდღიანი ბილეთი ღირს 50 ლარი, რაც არის ძალიან ძვირი. ოთხკაციანი ოჯახი იხდის დღეში 200 ლარს. ხუთი დღით რომ წახვიდე, იხდი 1000 ლარს მხოლოდ ბილეთში. ცხოვრება-ჭამა ცალკე თემაა.
იგივე ზომის ევროპული ოჯახი იგივეში გადაიხდის 323 ევროს. იმას თავი რომ გავანებოთ, რომ ევროპაში საშუალო ხელფასი ბევრად უფრო მაღალია, სულ რომ 1000 ევროს გამოიმუშავებდეს თვეში ვინმე, ის ოთხკაციან ბილეთს ხუთი დღით იყიდდა 323 ევროდ, ხოლო მე თუ აქ 1000 ლარს გამოვიმუშავებ, მთელი ხელფასი მხოლოდ ბილეთში უნდა გავუშვა.
ვიცი, რომ “თხილამური ყველგან ძვირიანი სპორტია.” მაგაზე არ არის. სამართლიანობაზეა:
საქართველოს მოქალაქეებმა (ყველამ) გადაიხადეს ფული საბაგიროებს და ტრასების გაკეთებაში. ამ ინვესტიციით სარგებლობს ძალიან ცოტა საქართველოს მოქალაქე და ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტი სხვა ქვეყნის მოქალაქე. რატომ იხდის საქართველოს მოქალაქე იმავეს იმაში, რაშიც ერთხელ ფული უკვე გადაიხადა, რასაც უცხოეთის მოქალაქე იმაში, რაშიც მას ფული არ გადაუხდია?
როგორც ვხვდები, საბაგიროს საფასური აწი უფრო და უფრო თუ გაძვირდება და ნელ-ნელა უფრო და უფრო ცოტა შევძლებთ მის გამოყენებას, ხოლო ევროპელებისთვის მისი საფასური მაინც ბევრად უფრო იაფი იქნება, ვიდრე ვთქვათ საკუთარ ალპებში რომ ისრიალონ.
რა შეიძლება მოიფიქროს სახელმწიფომ იმისათვის, რომ სპორტის ეს ძალიან მაგარი სახეობა მიუწვდომელ ოცნებად არ დარჩეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, და იმავდროულად ისეთი დისკრიმინაციული რეგულაციები არ მიიღოს, როგორც ვთქვათ მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით აქვს მიღებული? არის ამ სიტუაციის დაბალანსების საშუალება?“