„სახალხო დამცველზე ასეთი თავდასხმა ჩემთვის მიუღებელია, ისევე როგორც სახალხო დამცველის მხრიდან კონტრშეტევა არ არის ის, რითაც უნდა იყოს დაკავებული სახალხო დამცველიც“, – ამის შესახებ პარტია მოქალაქეების“ დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, სახალხო დამცველის მანდატის პოლიტიზება მისთვის მიუღებელია. ლევან იოსელიანის აზრით, ამ პროცესებმა ერთი ძალიან ცუდი რამ გამოავლინა, სახალხო დამცველი ხშირ შემთხვევაში, გახდა თავდასხმის ობიექტი.
„იმის მიუხედავად, რომ ვიღაც შეიძლება იზიარებდეს მის მოსაზრებებს, ვიღაც არა, თვითონ სახალხო დამცველზე ასეთი თავდასხმა ჩემთვის მიუღებელია, ისევე როგორც სახალხო დამცველის მხრიდან მერე ასეთი კონტრშეტევა, ეს არ არის ის, რითაც უნდა იყოს დაკავებული სახალხო დამცველიც, პოლიტიკური პარტიებიც.
სახალხო დამცველს თავისი მანდატი აქვს და ახორციელებს, ამ მანდატის განხორციელების პოლიტიზება არ მიმაჩნია ზოგადად სწორად არავის მხრიდან”, – განაცხადა იოსელიანმა.
ლომჯარიამ დაადასტურა ჩვენი ეჭვები, რომ პირდაპირ ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში: მაჭარაშვილი
