პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გადადებასთან დაკავშირებით გაჟღერებული მიზეზები არასერიოზულია და შეხვედრის გადადების საბაბს უფრო ჰგავს.
ლევან მახაშვილის თქმით, საქართველო ამ შეხვედრისთვის დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში ემზადებოდა.
„გვაქვს განცდა, რომ იყო ერთგვარი მცდელობა, დღის წესრიგზე შეთანხმებული ამ შეხვედრიდან გაქცეულიყვნენ და ბრიუსელში ჩვენი არგუმენტებისთვის არ მოესმინათ. მთავარი მიზანი იყო, რომ არ შექმნილიყო პოზიტიური მაგალითი და არ გადადგმულიყო ნაბიჯი, რის შემდეგაც ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვასაც დავიწყებდით.
როგორც ჩანს, ეს ზოგიერთებს ბრიუსელში არ ეპიტნავათ და გადაწყვიტეს, დიალოგის რეჟიმის ნაბიჯების დაბრუნების ნაცვლად, ესკალაციაზე წასულიყვნენ. სხვა ახსნა არ გვაქვს. მიზეზები, რაც ფორმალურად, თუ არაფორმალურად იყო გადმოცემული, ჩვენთვის სერიოზული არ არის, რადგან ეს უფრო ჰგავს საბაბს, ვიდრე რეალურ მიზეზს“, – განუცხადა ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
