“მე სამშობლოში დავბრუნდი” – ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ლევან მამალაძე საქართველოშია.
მამალაძეს, მსჯავრი დაუსწრებლად ჰქონდა გამოტანილი. ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან პარლამენტის მიერ მიღებული “ამნისტიის შესახებ” კანონის საფუძველზე გათავისუფლდა.
მამალაძემ, “TV პირველისთვის” გაკეთებულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პოლიტიკაში ყოფნას არ აპირებს.
„პოლიტიკაში შესვლას არ ვაპირებ. მე ვიყავი პოლიტიკაში, მაღალი თანამდებობებიც მქონდა, გავლენებიც მქონდა შესაბამისი. პოლიტიკაში ყოფნა, ეს არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა, მე არ ვაპირებ ხელისუფლებისთვის ბრძოლას, მაგრამ ვიქნები პოლიტიკასთან“, – თქვა მამალაძემ.
ლევან მამალაძემ, რომელიც ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს გავლენიანი პოლიტიკოსი იყო, საქართველო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დატოვა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პროკურატურამ ყოფილ რწმუნებულს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ქრთამის გამოძალვაში დასდო ბრალი. მამალაძეს 2006 წელს 17-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა.
ლევან მამალაძის დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა “ევროპული საქართველოს” წევრმა ბესიკ დონაძემ.
„შევარდნაძის დროს მამალაძე იყო კორუფციის სიმბოლო, ხოლო დღეს ეს ადამიანი შეიწყალეს და დააბრუნეს საქართველოში.“ – აცხადებს დონაძე.
მისი განცხადებით მამალაძის დაბრუნება ლოგიკურია, რადგან მანამდე კვიციანი დაბრუნდა.
“ეს არის პუტინისტური რეჟიმი და ეს ადამიანები არიან მათი მოკავშირეები” აცხადებს დონაძე.
„ივანიშვილის რეჟიმის დროს ლევან მამალაძის საქართველოში დაბრუნება არის ლოგიკური, მანამდე დაბრუნდა კვიციანიც. ეს არის პუტინისტური რეჟიმი და ეს ადამიანები არიან მათი მოკავშირეები. შევარდნაძის დროს მამალაძე იყო კორუფციის სიმბოლო, ხოლო დღეს ეს ადამიანი შეიწყალეს და დააბრუნეს საქართველოში, გამომდინარე იქიდან რომ ივანიშვილის რეჟიმიც კორუფციულია, მამალაძე არის მათი სხეულის ნაწილი.“ – ბესიკ დონაძე