უბედური შემთხვევა, რომელმაც მსოფლიო შეძრა, დღეს ტაბლოიდების განხილვის მთავარი თემაა.
საქმე One Direction-ის ერთ-ერთი წევრის, ლიამ პეინის ტრაგიკულად დაღუპვას ეხება. არტისტი 31 წლის გახლდათ. ის ბუენოს-აირესის ერთ-ერთი სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოვარდა.
ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, დაზიანებები სოცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
არგენტინული მედიის ცნობით, ინციდენტამდე, იმავე სასტუმროში პოლიცია გამოიძახეს. სასტუმროს პერსონალმა პოლიციაში ზარი ,,ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალების თრობის ქვეშ მყოფი კაცის აგრესიული ქცევის გამო” განახორციელა, თუმცა სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუდასტურებიათ, რომ ეს პირი – ლიამ პეინი იყო.
აღსანიშნავია, რომ ქსელში ვრცელდება ფოტოები იმ ოთახიდან, რომელშიც მომღერალმა სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გაატარა. სურათებზე დანაგვიანებული აპარტამენტი, ნარკოტიკები, ალკოჰოლი და დალეწილი ტელევიზორი ჩანს. მეტიც, ამბობენ, რომ უგონოდ მყოფი მუსიკოსი ,,აივნიდან გადახტა”.
შეგახსენებთ, რომ ლიამ პეინის უკანასკნელი სინგლი – Teardrops, 1-ელ მარტს დარელიზდა. როგორც ცნობილია, ის მეორე სოლო სტუდიურ ალბომზე მუშაობდა.