სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ლიამ პეინის 29 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქონების ერთპიროვნული მემკვიდრე მისი 9 წლის ვაჟი, ბეარი გახდა.
აღსანიშნავია, რომ პეინს, რომელიც ტრაგიკულად გარდაიცვალა, ანდერძი არ დაუტოვებია.
ვინაიდან მომღერალი გარდაცვალების მომენტში ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა, გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით, მისი მთელი ქონება ავტომატურად მის პირდაპირ შთამომავალზე, ერთადერთ შვილზე გადავიდა.
არსებული ცნობებით, თანხის უდიდესი ნაწილი განთავსდება სპეციალურ სამეურვეო ფონდში და ბეარს მასზე სრული წვდომა მხოლოდ 18 წლის ასაკის, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ექნება.
ქონების ადმინისტრატორებად სასამართლომ ლიამის ყოფილი პარტნიორი, ბეარის დედა, მომღერალი – შერილი და მუსიკალური ინდუსტრიის ადვოკატი, რიჩარდ ბრეი დანიშნა. მათ აქვთ ფინანსების მართვის, მაგრამ არა საკუთარი შეხედულებისამებრ განაწილების უფლება. ამასთან, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფონდიდან გარკვეული თანხების გამოყენება ბავშვის საჭიროებებისა და კეთილდღეობისთვის ახლავეც არის შესაძლებელი.
კაპიტალის გარდა, მემკვიდრეობა მოიცავს არტისტის უძრავ ქონებასაც, მათ შორის ბაკინგემშირში მდებარე 5-საძინებლიან მდიდრულ სახლს, რომელიც მუსიკოსმა თავის დროზე შვილთან ახლოს ყოფნის მიზნით შეიძინა.
შეგახსენებთ, რომ ლიამ პეინი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. 2024 წლის ოქტომბერში, ის 31 წლის ასაკში, ბუენოს-აირესის ერთ-ერთი სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.