LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიკა ევგენიძე: „არ არსებობს ოჯახი, სადაც ერთი ადამიანი მაინც არ არის რისკჯგუფში, მაგალითად, ჩემს ოჯახში ასეთი ჩემი შვილია…“

2273
ლიკა-ევგენიძე

ლიკა ევგენიძე თბილისში კერძო სახლში შვილებთან და საყვარელ ადამიანთან, ნიკა კოჩაროვთან ერთად ცხოვრობს. იზოლაციის პერიოდს ისინი საკმაოდ საინტერესოდ ატარებენ, მათ შორის მუშაობენ ეზოში და რგავენ სხვადასხვა მცენარეს, რაც ლიკასთვის ერთ–ერთი საყვარელი საქმიანობაა. ტელესახეს ვთხოვეთ იმის გაზიარებაც, რას უყურებს და კითხულობს თავისუფალ დროს, რომელიც ყველა ჩვენგანს არც ისე ცოტა აქვს ბოლო დროს…

ლიკა ევგენიძე:

ფსიქოლოგიურად ხან ისე ვარ, ხან ასე – რაღაც მომენტში მიჭირს, კონკრეტულ პერიოდში ვახერხებ, ვებრძოლო დათრგუნულ მდგომარეობას. მოკლედ, ვარ ჭიდაობაში. ჩვეულ რიტმშიც ახასიათებთ ადამიანებს ხასიათის ცვლილება. ასეთ სტრესულ დროს, მით უმეტეს. რომ არ იცი, რამდენ ხანში დასრულდება, ეს არის ყველაზე რთული მომენტი. ადამიანებს გვაქვს ინსტინქტი, როცა რაღაცის გვეშინია გავრბივართ. დღეს, როცა ვერსად გავრბივარ, ყველაზე დამთრგუნველი გრძნობა სწორედ ეს არის. ლარს ფონ ტრიერის „მელანქოლია“ მახსენდება, მისი პერსონაჟებიც რომ გარბიან და მაყურებელს უჩნდება კითხვა, სად, ზუსტად ასეთივე შეგრძნება მაქვს.

შინ ჯდომისას ყველაზე მეტად კიდევ რა გიჭირს?

მე, ზოგადად, სახლი მიყვარს, კომფორტულად ვგრძნობ სახლში თავს, მარტოც, მაგრამ თან, სოციალური ადამიანი ვარ და მიყვარს ხალხთან კონტაქტი. დღეს ძალიან მარტივია სოციალური ქსელებით მეგობრებთან დაკონტაქტება, მაგრამ ფიზიკური შეხება მაინც სულ სხვაა და ეს ენერგიის გაცვლა–გამოცვლა ძალიან მაკლია.

ზოგიერთი მოსაზრება მოვისმინე, თითქოს კორონავირუსმა დადებითი რაღაცებიც მოიტანა. შენ ასეთ შეფასებებს ეთანხმები?

ვფიქრობ, ეს უფრო გასამხნევებლად ნათქვამი ფრაზებია. მართლა ძალიან გამიჭირდება, რომ ამ ვირუსს, რომელსაც უამრავი ადამიანი ემსხვერპლა, პოზიტიურად შევხედო. ეს რამ უნდა გადამიწონოს. ჩემთვის ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია.

შინ ყოფნისას რითი ხარ დაკავებული?

დიდ დროს ვუთმობ ჩემს შვილებს. ანა–სოფია 9 წლისაა, ალექსანდრე – 6–ის. ჩემს შვილებს თავიანთი გრაფიკი აქვთ, სკოლის რეჟიმი, მაგრამ პასუხისმგებლობა უფრო მეტი გვაქვს მშობლებს, მეტი წილი, რომ რაღაცები აუხსნა, მაინც შენზეა.

ვცდილობ, წავიკითხო, ხან გამომდის, ხან არა, რადგან ასეთ რთულ დროს ფიქრები გაგირბის. საინფორმაციო გადაცემებს ნაკლებად ვუყურებ. აღარ მინდა. ვცდილობ, პოზიტიურ ფილმებს ვუყურო, ზოგს ქართულს, ზოგს – უცხოურს, რომ განწყობა ავიმაღლო.

ძალიან მიყვარს პოეზია. ამ პერიოდში ძალიან მამშვიდებს და მსიამოვნებს. ჩემმა მეგობარმა მაჩუქა გალაკტიონ ტაბიძის დიდი კრებული. ისე ვისიამოვნე…ეს კარანტინი ამ წიგნმა გადამაგორებინა. ვკითხულობ ლექსებს. ვოლტ უიტმანს, რობერტ ფროსტს, უილიამ ბლეიკს…

თარგმანებს კითხულობ თუ ორიგინალში?

არა, რა თქმა უნდა, ორიგინალში. გარდა ამისა, ნინო ხარატიშვილის „მერვე სიცოცხლე“ წავიკითხე, ასევე მივუბრუნდი კნუტ ჰამსუნის „მისტერიებს“, თავიდან წავიკითხე და ძალიან მესიამოვნა.

ფილმებიდან კონკრეტულად რა გაიხსენე?

ბოლო პერიოდში „ცისფერ მთებს“, „არაჩვეულებრივ გამოფენას“, „მიმინოს“ ვუყურე. „ცისფერი მთები“ ყველა დროს აქტუალურია, როცა უნდა ნახო.

ვიცი, რომ კერძო სახლში ცხოვრობ…

ეს კარგია, რადგან ეზო მაქვს და ვსაქმიანობ. მიწათსაქმიანობის სურვილი მაქვს, მსიამოვნებს მცენარეების მოვლა, გადარგვა–გადმორგვა. მაქვს ეზო, რომელიც არის მოსაწესრიგებელი. გადავწყვიტე მისი მოწესრიგება. 12 ტომარა ავავსეთ მიწით. საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო. სახლის მცენარეებიც მაქვს და ეზოსიც. ჩემი დღე ასე იწყება, ზოგს წყალს შევასხამ, ზოგს მოვრწყავ, ველაპარაკები და ა.შ.

ზოგჯერ ვხატავ… ნიკა მუსიკას წერს და ვართ ასე… რაც კარანტინია, ნიკამ იმდენი კონცერტი გამართა სახლიდან ონლაინ…

ბავშვებიც ალბათ ეზოში უკეთესად თამაშობენ…

ბავშვებს კარგად ავუხსენი, რა ხდება. როგორც უფროსს უხსნი, ისე უნდა აუხსნა ბავშვსაც. ისე კი არა, ჩვენ სახლში უნდა ვისხდეთ და მორჩაო. არა. უნდა იცოდეს, გარეთ რომ გავიდეს, რა მოხდება. ძალიან კარგად ხვდებიან, რატომ არ გავდივართ სახლიდან და შეგუებულები არიან. ბავშვები უფრო კარგად ეგუებიან მოცემულობას, ვიდრე ჩვენ, უფროსები. ჩვენ უფრო გვჭირდება გარეთ გავარდნა, ვიდრე ბავშვებს. ისინი უკეთ ადაპტირდებიან.

 


ასეთი ხუმრობაა აქტუალური ახლა, რაც სალონები დაიკეტა, ახლა ვნახავთ ქართველი ქალების ნამდვილ სილამაზესო…

მე სალონების დიდი მიყვარული არ ვარ და ეგ გამონათქვამი მე არ მეხება (იღიმის). სალონში მხოლოდ მაშინ მივდივარ, როცა თმა შესაჭრელი მაქვს. თმას არ ვივარცხნი, ეკრანზეც მუდამ ჩემით ვიკეთებ, გადაღებებზეც. არც ვიღებავ, ჰაილაითერს თუ გავიკეთებ ხოლმე წელიწადში ერთხელ და ეს გაღიავება მომყვება ხოლმე მთელი წელი. დედაჩემმაც გვიან დაიწყო შეღებვა და ეს გენეტიკურია. ფრჩხილებს თავად ვიკეთებ და ნორმალურად ვუმკლავდები. სალონში მხოლოდ ფრჩხილების გასაკეთებლად დავდიოდი.

ბევრი შეფასება გვესმის, როგორი იქნება მსოფლიო კორონას მერე, ამბობენ, რომ ღირებულებები გადაფასდება. შენ რას გააკეთებ მას შემდეგ, რაც იძულებით შინ ყფონა დასრულდება?

კორონათიც და კორონას გარეშეც ღირებულებების გადაფასება მუდამ ხდება. პირველს, რასაც ველოდები, ფინანსური კრიზისია მთელ მსოფლიოში. რაც კაცობრიობა არსებობს, არსებობს ეპიდემიებიც. ხდება ასეთი რაღაცები. ამან ის დაგვანახვა, რომ არც ისე მზად ვყოფილვართ ამგვარი სიტუაციებისთვის, ისეთი ქვეყნებიც კი, რომლებიც ძლიერი ეკონომიკითა და ჯანდაცვის სისტემით გამოირჩევიან. ყველა სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა ასეთი გამოწვევისთვის, იმედია, ეს კარგი მაგალითი იქნება და შემდეგში უფრო მოემზადებიან. ფიქრის დრო სულ გვაქვს ადამიანებს. ახლა უფრო მეტად გვიწევს, რა თქმა უნდა, როცა სახლში ვართ. ეს შემთხვევა ზუსტად ამას გასწავლის, რომ არ გჭირდება ასეთი სირთულე, რომ საკუთარ თავს ჩაურღმავდე და ბევრი იფიქრო. ფიქრისთვის დრო სულ არის.

როგორი იქნება შენი მოწოდება იმ ადამიანების მიმართ, ვისაც შეუძლია სახლში დარჩენა და არ რჩება, მაინც გადის გარეთ?

ყველაზე მეტად იმ ადამიანების მესმის, ვინც ფულს ყოველდღიური შრომით შოულობდა, მაგრამ ასეა – არ შეიძლება გასვლა. არასდროს გგონია, რომ შენ შეიძლება შეგეხოს პრობლემა. შინაგანი თავდაცვა ხომ გვაქვს, მაგრამ ამ პანდემიის დროს ყველა ჩვენგანი ვართ დიდი რისკის ქვეშ და ვაყენებთ რისკის ქვეშ ადამიანებს, ვინც ასაკიანია ან აქვს ქრონიკული დაავადება, მაგალითად, ჩემს შვილს აქვს ალერგიული ასთმა და მისთვის ამ დაავადების შეხვედრა ძალიან საშიში იქნება. ეს უნდა გავიაზროთ კარგად. მომისმენია ხშირად, რა მოხდა, ავად გავხდები და გამოვჯანმრთელდებიო, ან მერე რა, ეგ მხოლოდ მოხუცებს და მათ ემართებათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთო. ეს რას ნიშნავს? არ არსებობს ოჯახი, სადაც ერთი ადამიანი მაინც არ არის რისკჯგუფში.

მით უმეტეს, საქართველოში, სადაც სიმსივნის საკმაოდ ცუდი სტატისტიკაა.

ნამდვილად, ამიტომ როცა პასუხისმგებლობას ვიგრძნობთ სხვების წინაშე, ბევრ რამეს სხვანაირად მოვეკიდებით. ჯერჯერობით ჩვენთან ინფიცირებულების დაბალი რიცხვია და შესაბამისად, სიკვდილიანობისაც. მაგრამ თუკი ფართოდ გავრცელდა, სიკვდილიანობაც მოიმატებს… დიდი მადლობა ჩვენს ექიმებს, რომლებიც ძალიან კარგად მუშაობენ, მაგრამ რაოდენობის გაზრდის დროს პაციენტებს ისე ხარისხიანად ვეღარ უმკურნალებენ. ჯობს, ახლა ვისხდეთ სახლში, ახლა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და დრო მოვიგოთ, ვიდრე სიტუაცია გაგვექცეს და მერე ნამდვილად დიდხანს ვეღარ გამოვალთ სახლებიდან!..

გარდა ამისა, აუცილებლად მინდა ვთქვა ისიც, რომ მთელ მსოფლიოში ხალხი სახლებში ლოცულობს. რომის პაპი მარტო იდგა ვატიკანში… თუ გინდა ლოცვა, ღმერთი ყველგან მოგისმენს. თუ გულით გინდა ლოცვა, ილოცებ სახლშიც, ამიტომ აღდგომის დღსასწაულზე ყველა ჩვენგანი სახლში უნდა დარჩეს!..

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g