30 ივნისს, ლისი-მუხათწყაროს გზის მონაკვეთზე მეწყრული პროცესები განვითარდა.
შემთხვევის გამო გზის აღნიშნული მონაკვეთი გადაიკეტა. ამის შესახებ მედიასთან მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, დავით ნოზაძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ლისი-მუხათწყაროს ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მცირე მონაკვეთი დაზიანდა.
როგორც ნოზაძემ აღნიშნა, გადაადგილება ნაფეტვრები-მსხალდიდის შემოვლითი გზითაა შესაძლებელი.
მისივე თქმით, პროცესების მიმდინარეობას სპეციალისტები სწავლობენ:
“დილიდანვე ჩართულები იყვნენ გეოლოგიის სამსახურის სპეციალისტები და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები. ასევე იყო ადგილზე სამშენებლო კომპანია „ჯეოგრუპის“ სპეციალისტები, რომელმაც ეს გზა დააგო და რომელსაც აქვს ვალდებულება ერთი წლის განმავლობაში გზის მოვლა-პატრონობაზე, შესაბამისად ისინიც იმყოფებოდნენ.
დღეს დაათვალიერეს დაზიანებები და ნაპრალები, გაჩენილი ეროზიები, მოხდა მათი რეკომენდაციით გზის ჩაკეტვა აღნიშნულ მონაკვეთზე სამი მხრიდან – ეს არის ლისი-მუხათწყაროს მხარეს, მსხალდიდის მხარეს და ნაფეტვრებიდან ამოსასვლელი გზა. ხვალ კიდევ უნდა მივიდნენ ექსპერტები, რომ დააკვირდნენ, რადგან ეს მოქმედი მეწყერია. ხვალ უნდა განსაზღვრონ და დასკვნა დაწერონ თუ რა პროცესები მიმდინარეობს და რა უნდა გაკეთდეს, დასკვნის შემდეგ სამშენებლო კომპანია შეიმუშავებს პროექტს და დაიწყებს გზის რეაბილიტაციას.” – განაცხადა მედიასტან საუბარში ნოზაძემ.