LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიტქიდი – ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი საბავშვო ლიტერატურის გზამკვლევი პლატფორმა

169
12

ცოტა ხნის წინ Impact Hub Tbilisi-ს მიერ საერთაშორისო პროგრამის Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. იმ პროექტებიდან, რომლებიც აქტუალურ სოციალურ პრობლემებს ეხმაურებოდნენ და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობდნენ, სამი საუკეთესო შეირჩა. ის ერთ-ერთი გუნდი, რომელიც 28-30 ნოემბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, Social Impact Award-ის (SIA) საერთაშორისო სამიტს დაესწრება, ღონისძიების უცხოელ მონაწილეებს საბავშვო ლიტერატურის გზამკვლევ პლატფორმას წარუდგენს. აქვე შეგახსენებთ, რომ Social Impact Award-ი სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამაა, რომელიც 20-მდე ქვეყანაში ხორციელდება და სოციალური მეწარმეობის დარგში სტუდენტების განათლებაზეა ორიენტირებული.

„ფორტუნა“ ლიტქიდის (LitKid) ერთ-ერთ დამფუძნებელს თამარ ქველიძეს გაესაუბრა:

 ხშირად ვიხსენებ ხოლმე ერთ მაგალითს – როცა მეგობარმა 3 წლის შვილს ძილის წინ ყველასთვის ცნობილი ქართული ზღაპარი „ხუთკუნჭულა” წაუკითხა, ბავშვმა იკითხა, რომ დავიძინებ დევი ხომ არ შემჭამსო. შემდეგ, როცა თავადაც მშობელი გავხდი, საკუთარი გამოცდილებით და სხვებზე დაკვირვებით მივხვდი, რომ წიგნების შერჩევის პროცესში მშობლები გადაწყვეტილებას დიდწილად თვითდინებით ვიღებთ. მხოლოდ ის კი არ არის მნიშვნელოვანი პატარებს წიგნები ვუკითხოთ, არამედ გააზრებული გვქონდეს, რას ვუკითხავთ და რამდენად პასუხობს შერჩეული წიგნი ბავშვის ასაკსა და საჭიროებას. შესაბამისად, საბავშვო ლიტერატურის ციფრული გზამკვლევი იმისთვის შევქმენით, რომ მშობლებისთვის და აღმზრდელებისთვის ბავშვის საჭიროებაზე მორგებული წიგნის შერჩევიდან დაწყებული, მისი შეძენით დამთავრებული, მთელ ეს პროცესი გაგვემარტივებინა.

– პლატფორმის კონტენტზე მოგვიყევით.

– ლიტქიდი ყველა იმ ქართულ გამომცემლობას გააერთიანებს, რომელიც საბავშვო მიმართულებით მუშაობს. უკვე დავასრულეთ 1000-ზე მეტი წიგნის სრული კატეგორიზაცია და ცხადია, ეს პროცესი გაგრძელდება. ამ საქმეს საბავშვო მწერალი, პოეტი და მასწავლებელი დიანა ანფიმიადი უძღვება. ვინც დიანას იცნობს, მიხვდება რამდენად საიმედო ხელშია ეს საქმე. ამჟამად ვებგვერდის ტექნიკურ დეტალებზე ვმუშაობთ. გვაქვს რამდენიმე სიურპრიზი, რომელსაც მალე გაიგებთ, თუ ინსტაგრამსა და ფეისბუკზე გამოგვყვებით.

 – რატომ გადაწყვიტეთ Social Impact Award-ზე მონაწილეობა და რა მოლოდინი გაქვთ სერბეთთან დაკავშირებით?

– სხვათა შორის, ლიტქიდი Impact Hub Tbilisi-ის პრეაქსელერატორის მონაწილე ჯერ კიდევ 2022 წელს იყო. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა. რაც შეეხება Social Impact award-ს, ჩვენი პროექტის სოციალური შინაარსიდან გამომდინარე ბუნებივად გაგვიჩნდა მასში მონაწილეობის სურვილი. გვიხარია, რომ ჟიურიმ ლიტქიდის გუნდს ბელგრადში გამგზავრებისა და ახალი ადამიანების გაცნობისა და მათი გამოცდილების გაზიარების შანსი მოგვცა.

– როგორ წარმოგიდგენიათ ლიტქიდის მომავალი?

– ჩვენი მიზანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ათასობით მშობელსა და აღმზრდელს მივწვდეთ წიგნებით, რესურსებითა და რჩევებით, რომ წავახალისოთ ისინი სწორად შეარჩიონ ლიტერატურა ადრეული ასაკიდან და დაიწყონ კითხვა შვილებთან ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები