LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლომბარდების შეზღუდვით, ხალხის ეკონომიკური პრობლემა მოგვარდება?!  – ახალი ინიციატივა და შესაძლო შედეგები

ფინანსთა სამინისტრომ ქვეყანაში საფინანსო ინსტიტუტების რეგულაციების ცვლილებები დაიწყო. ყველა ცვლილება ერთი ლოზუნგით -„ხალხისთვის“ ხორციელდება, საზოგადოებისთვის, რომლის 80%-ს საფინანსო ინსტიტუტების ვალი აქვს.

ძირითადად, საქართველოში ხალხი სესხს არა ინვესტიციის, განათლების მისაღებად ან ქონების შესაძენად იღებს, არამედ, საყოფაცხოვრებო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ხშირად ისინი არ იაზრებენ, რამდენად რთულად დააწვებათ მომავალში, კონკრეტული სურვილის ასასრულებლად აღებული სესხი.

სესხის აღების უამრავი გზა და საშუალება არსებობს. ამ მხრივ ბაზარი მრავალფეროვანია. სწრაფი სესხები, ლომბარდები, ბანკები… ასე რომ, ცდუნებაც დიდია.

რადგან საზოგადოება არ ფიქრობს, ხალხზე ფიქრი სახელმწიფომ დაიწყო და ჭარბვალიანობის მოსაგვარებლად რეფორმების ნაწილი გაატარა, ნაწილი კი დააანონსა.

ერთ-ერთი ახალი რეგულაცია, რომელიც ჯერ დამუშავების პროცესშია, ლომბარდებს ეხება. ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივთ, ლომბარდებს ავტომობილების და უძრავი ქონების მიღება უნდა აეკრძალოთ.

„ფორტუნასთან“ საუბრისას უწყებაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე რეგულაციაზე მუშაობა მიმდინარეობს და დეტალები ცნობილი მუშაობის დასრულების შემდეგ, უახლოეს პერიოდში გახდება.

ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ავტომანქანებისა და უძრავი ქონების დალომბარდება აიკრძალება ან შეიზღუდება. ასევე, იგეგმება პროცენტის დაწევაც.

ექსპერტები, რეგულაციის დეტალების გასაჯაროვებამდე, ინიციატივის შეფასებისგან თავს იკავებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ შეზღუდვები ბაზარზე ახალ, მსგავს პროდუქტებს გააჩენს ან კერძო მევახშეებს გაააქტიურებს.

„მე მგონია, რომ ზოგადად, როცა ადამიანს აქვს თანხის სესხების საჭიროება და მზად არის ამისთვის ბინა ჩადოს ლომბარდში ან დააგირავოს, ის ამის საშუალებას ლომბარდის გარეშეც, როგორმე მონახავს. შესაძლებელი იქნება, კერძო მევახშეებისგან სესხის აღება, ბინის გადაფორმება…

ეს პროდუქტი შეიქმნა იმიტომ, რომ ბაზარზე არსებობდა ამის მოთხოვნა. თუ ამას ხელოვნურად შევზღუდავთ, შესაძლებელია, ბაზარზე ახალი მსგავსი სერვისი გაჩნდეს, უბრალოდ, ამას ლომბარდში ჩადება არ ერქვას. ჩემი აზრით, ამის ადმინისტრირება გაჭირდება,“ – განაცხადა გიორგი კეპულაძემ „ფორტუნასთან“.

მისივე ვარაუდით, ამ ინიციატივას შესაძლოა, ბაზარზე უძრავი ქონებისა და ავტომობილების ფასის დაცემა მოჰყვეს.

„თუ მე ჩემს აქტივს ვერ ვიყენებ სათანადოდ, მისი ფასი და ლიკვიდობა ეცემა. როდესაც უძრავ ქონებაზე ფასები ეცემა, ეს ზოგადად, როგორ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, ძალიან ადვილად მიხვდება მკითხველი,“ – განაცხადა „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ცალკეული ცუდი ქეისების გამო, პროდუქტის აკრძალვა, გამართლებული არ არის.

რაც შეეხება პროცენტების ზღვარს, გიორგი კეპულაძის განცხადებით, უფრო დაბალი ზღვარის დაწესება სესხებზე, საშუალო საპროცენტო განაკვეთს გაზრდის.

„თუ ერთ პროდუქტს უფრო ძვირად ყიდდა ბანკი და მეორე პროდუქტზე, დაბალ საპროცენტო განაკვეთს ამით არეგულირებდა, ახლა, შესაძლებელია, ბანკს მოუწიოს საშუალო საპროცენტო განაკვეთის ოდნავ აწევა. ამით დაზარალდებიან ის ადამიანები, რომლებიც იპოთეკურ დიდ სესხს უფრო იაფად იღებდა, თუმცა ეს არის ვარაუდები და სანამ რეგულაციის დეტალები არ გახდება ცნობილი, შედეგებზე ზუსტად მსჯელობა შეუძლებელია,“ – ამბობს გიორგი კეპულაძე.

დეტალებს ელოდებიან იმ საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც მსგავსი პროდუქტები და სალომბარდე სესხები აქვთ. ნაწილი ემხრობა პროცენტის დაწევას, თუმცა ამბობენ, რომ მანქანებისა და ქონების დალომბარდების აკრძალვა არასამართლიანია.

 

„ჩემთვის ჯერ ხალხია – შემდეგ საკუთარი კომპანიის ბედ-იღბალი“

მიუხედავად იმისა, რომ ფაქტია, ეს რეგულაციები ბიზნესის შემოსავლებს შეამცირებს, კომპანია „რიკო კრედიტის“ დამფუძნებელი ლაშა ნიკოლაიშვილი მამუკა ბახტაძის ამ ინიციატივას მიესალმება.

„1994 წლიდან ვარ ბიზნესში და ასეთი ფინანსთა მინისტრი, რომელიც ხალხზეა ორიენტირებული, ჯერ არ მახსოვს. აღფრთოვანებული ვარ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კეთდება და სამწუხაროა, რომ ეს დიდი ხნის წინ არ გაკეთდა. ძალიან ბევრ მოქალაქეს შეიძლება თავიც არ ჰქონოდა მოსაკლავი.

ერთი ჯარისკაცი იყო ჩვენი კლიენტი, რომელსაც ჰქონდა ძალიან ბევრი ინტერნეტსესხები. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მას დავხმარებოდით და იპოთეკური სესხი გავუკეთეთ, შემდეგ მოხდა ისე, რომ ონლაინ სესხების კომპანიებმა მის ხელფასზე ყადაღა დაადებინეს, ამის გამო ბიჭმა თავი მოიკლა. ეს იყო პირდაპირი შედეგი ონლაინ სესხების,“ – ყვება „ფორტუნასთან“ ლაშა ნიკოლაიშვილი და აღნიშნავს, რომ მათ ორგანიზაციას არასდროს გაუცია ისეთი სესხი, რომლის გადახდაც მომხმარებელს არ შეუძლია.

ნიკოლეიშვილი გამოთქვამს სურვილს, რომ რეგულაციები კერძო მევახშეების ინსტიტუტსაც შეეხოს, რადგან ხედავს იმის საფრთხეს, რომ ლომბარდების საქმიანობის მოდელი, კერძო მევახშეების ხელში გადავა.

რაც შეეხება იმ დანაკარგებს, რომელსაც ამ სფეროში ბიზნესსექტორი მიიღებს, ლაშა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ბიზნესების მოგების შემცირება ხალხის კეთილდღეობის ხარჯზე, ძალიან კარგია.

„რა თქმა უნდა, ჩემთვის ცუდი იქნება, შემოსავლები რამდენიმე მილიონით მოიკლებს, მაგრამ არ არის პრობლემა, რადგან მოსახლეობის შემოსავლები მოიმატებს. ეს არის მოსახლეობის დაცვის მექანიზმი. როდესაც მოსახლეობა დაცულია, გრძელვადიან პერიოდში, ჩვენი შემოსავალიც იზრდება. შეუძლებელია, დაქცეულ ქვეყანაში მაღალმომგებიანი ბიზნესის გაკეთება,“ – აღნიშნა, ნიკოლეიშვილმა „ფორტუნასთან“ ინტერვიუში.

ნიკოლეიშვილი თვლის, რომ დასაწევია სესხების პროცენტებიც. მისი თქმით, თავდაპირველად შესაძლებელია 100%-იანი ზღვარი 50%-ზე ჩამოვიდეს, ხოლო შემდეგ ეს ზღვარიც უნდა დაიწიოს.

„მაღალპროცენტიანი სესხების გაცემა, მოსახლეობის კანიბალიზაციის ხარჯზე ხდება. მრავალი წელია ამაზე ვსაუბრობ…

ბიზნესი უნდა იყოს ადაპტირებული ცვლილებებთან. თუ ვინმეს 100%-იანი ბიზნეს მოდელი აქვს, უნდა შეცვალოს ისე, რომ გასცეს ნაკლებადრისკიანი სესხები გადამხდელუნარიან ხალხზე.

ჩემი აზრით, 60-80%-იანი იპოთეკური სესხი საერთოდ არ უნდა გასცეს ორგანიზაციამ. ამ შემთხვევაში აქტივის რეალიზაცია ჯობს, იმიტომ რომ წლის ბოლოს ეს აქტივი უკვე დაკარგულია,“ – განმარტა მან და აღნიშნა, რომ ზოგიერთი ფინანსური ორგანიზაცია, ამ რეგულაციებისგან ხელოვნურად ტრაგედიებს დგამს.


რა ვიცით რეგულაციაზე

მამუკა ბახტაძემ ლომბარდები საქართველოში ჭარბვალიანობის ერთ ერთ მთავარ პრობლემად დაასახელა და განაცხადა, რომ ეს ორგანიზაციები, კრიმინალის წახალისების წყაროც კი გამხდარა.

მისი თქმით, მიუღებელია ოპონენტების არგუმენტები, რომ თითქოს ამით ადამიანებს ბიზნესის დასაწყებად, სასტარტო კაპიტალზე წვდომა შეეზღუდებათ.

“მეგობრებო, თქვენ რომელი წარმატებული ბიზნესპროექტი იცით, რომლის სასტარტო წყაროც იყო ლომბარდში ჩადებული ავტომობილი?” – აღნიშნა ბახტაძემ ლაივ ჩართვაში, რომელიც საკუთარ facebook გვერდზე ჰქონდა.

მისი აზრით, რეგულაციების არარსებობამ ამ კუთხით მოქალაქეებსა და ლომბარდებს შორის არაჯანსაღი ურთიერთობები წაახალისა, განსაკუთრებით ავტომანქანებისა და უძრავი ქონების დალომბარდების კუთხით.

“ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ლომბარდებს უნდა აეკრძალოთ მანქანებისა და უძრავი ქონების მიღება. შესაბამისად, მათი საქმიანობის სფერო უნდა იყოს მკაცრად განსაზრვრული და არ უნდა მოიცავდეს ე.წ. რეგისტრირებულ ქონებას. ის საპროცენტო ჭერი და მაქსიმალური ზღვარი, რომელიც დაწესდება, შეეხება ლომბარდებსაც,” – აღნიშნა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრის სურვილია, რომ ეს რეგულაცია უკვე მაისში შევიდეს ძალაში.

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g