LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოტკინის დასახლებაში კახა კუკავა დააკავეს: „ამ ბორკილებს დაგადებ ღარიბაშვილო და ბრეგაძე“ – რას აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში

497
კუკავა

ე.წ. ლოტკინის დასახლებაში საცხოვრებელი სახლიდან ნადირაძეების ოჯახის გამოსახლება მიმდინარეობს.

აღსრულების პოლიციასა და ადგილობრივებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც იმყოფებიან. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, პოლიციამ ხელბორკილები დაადო და პატრულის მანქანაში ჩასვა პოლიტიკოსი კახა კუკავა, რომელიც გამოსახლებას აპროტესტებდა.

„მევახშეების წინააღმდეგ ვარ. ეს არის პირადად ღარიბაშვილისა და ბრეგაძის დავალება. თუ ჰგონიათ, რომ პირველად მიჭერენ და ამათი ბორკილების მეშინია.. ამ ბორკილებს დაგადებ ღარიბაშვილო და ბრეგაძე.“. – განაცხადა კახა კუკავამ დაკავებისას.

 

 

მომხდარის დეტალებზე სასაუბროდ „ფორტუნა“ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაუკავშირდა.

„საქმე ბიუროში 2019 წელს, სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე შევიდა. მას შემდეგ პანდემიის პერიოდში გამოსახლების პროცესი შეჩერებული იყო. ამ სამი წლის განმავლობაში ამ კონკრეტულ საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართული, როგორც სოციალური მუშაკები, ასევე მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები. მაგრამ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმება სამწუხაროდ ვერ შედგა. კრედიტორ მხარეს ჰქონდა რამდენიმე შეთავაზება და მათ შორის ის  მცირე ფართს ჩუქნიდა, იმისთვის რომ მას დანარჩენი დაეფარა.

სამწუხაროდ ჩვენი ძალიან აქტიური მცდელობისა,  ამ სამი წლის განმავლობაში მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ფაქტობრივად, 3 წელი ჰქონდათ მხარეებს ამ საკითხის მოგვარების. რადგან შეთანხმება ვერ შედგა, აღსრულების პოლიცია ვალდებულია აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება.. შესაბამისად, აღსრულების პოლიცია, კანონის ფარგლებში იძულებით განახორციელებს იმას, რაც დაადგინა და გადაწყვიტა სასამართლომ. ამ წუთებისთვის გამოსვლების პროცესი მიმდინარეობს და დასრულდება”, – ამბობენ უწყებაში.

ბიუროში აცხადებენ იმასაც, რომ მოვალე ოჯახს დამატებით ჰყავს მოგირავნეები და კრედიტორი მათ მისცემს გარკვეულ გონივრულ ვადას, რომ მოგირავნეებმა ნებაყოფლობით დაცალონ ფართი და გადავიდნენ სხვა საცხოვრებელ ფართში.

ამისთვის მათ მიეცემათ დამატებით რამდენიმე დღე.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია სამი პიროვნება, რომლებიც არ არიან მხარეები.

„ისინი არიან გარე პირები, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს აღსრულების ბიუროს გამოსახლების პროცესის მიმდინარეობის დროს. მათი მხრიდან  ადგილი ჰქონდა სიტყვიერ წინააღმდეგობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფიზიკურ დაპირისპირებას.

დაზიანდა აღსრულების ეროვნული ბიუროს სამსახურებრივი ავტომობილი. შესაბამისად, წინააღმდეგობის გაწევის გამო, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მასზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სამი პირი დააკავა და  თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანა.“- განუცხადეს „ფორტუნას“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

 

პოპულალურები