სპორტქარების მწარმოებელი Lotus მასშტაბურ შემცირებას გეგმავს – კომპანიამ დააანონსა, რომ ბრიტანეთში 550 თანამშრომელს გაუშვებს, რაც მთლიანი შტატის (დაახლოებით 1300 ადამიანი) 42%-ზე მეტს შეადგენს. ამის შესახებ The Guardian იუწყება Lotus-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
გადაწყვეტილება მიღებულია გაყიდვების შემცირებისა და ტრამპის ტარიფებთან დაკავშირებული გაურკვევლობის ფონზე. კომპანია, რომელიც დღეს ჩინურ კონგლომერატ Geely-ს ეკუთვნის, ამ ნაბიჯს ბიზნესის რესტრუქტურიზაციის ფარგლებში „სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან“ გეგმად მიიჩნევს.
Lotus აცხადებს, რომ დარჩება „მტკიცედ ერთგული ბრიტანეთში საქმიანობის გაგრძელების“. ნორფოლკის ქარხანა ფუნქციონირებას გააგრძელებს, თუმცა შესაძლოა სხვა ბრენდების მანქანების წარმოებაც დაიწყოს.
ცნობისთვის, ქარხანას ახალი სპორტქარი მაისის შუა რიცხვებიდან არ გამოუშვია. მუშაობა შეჩერდა ლოგისტიკური პრობლემების გამო, რაც ამერიკული იმპორტის ტარიფებმა გამოიწვია. ზაფხულში წარმოების აღდგენა ვერ მოხერხდა, თუმცა სექტემბრის დასაწყისში ქარხნის ხელახალი ამოქმედება იგეგმება.
ბრენდს იმედს აძლევს ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის მიღწეული შეთანხმება: დადგენილი მოცულობის ფარგლებში (100 ათას ავტომობილამდე წელიწადში) იმპორტზე ტარიფი 10%-მდე შემცირდება. სწორედ ამდენი მანქანა გავიდა ბრიტანეთიდან 2024 წელს.