“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ მხარდამჭერს პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართული აქციიდან სახლში დაბრუნებისას, რუსთავში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
გიორგი ბალხამიშვილმა ამის შესახებ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა და ფოტო გამოაქვეყნა.
“თავს დამესხნენ” – წერს მოქალაქე.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
როგორც შსს-ში ამბობენ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ძალადობის ბრალდებით ცხელ კვალზე ორი პირი დააკავეს.
დაკავებულები არიან: 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და 2001 წელს დაბადებული პირები.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს – 1999 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, აქციიდან სახლში დაბრუნებისას, რუსთავში, სიტყვიერი
და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე
მუხლით მიმდინარეობს.” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რამდენიმე საათის წინ, ბალხამიშვილმა მორიგი პოსტი გაავრცელა:
“მეგობრებო, 8 საათი მიმდინარეობდა სხვადასხვა პროცედურა. პირველი, რაც მინდა ვთქვა, გავიცანი წესიერი ადამიანები პოლიციაში, ვიმედოვნებ მათ უმაღლეს პასუხისმგებლობას წესრიგის დაცვისა, ვერ შეარყევს გვერდითი ფაქტორები, რომელიც ჯერჯერობით არ იკვეთება.
გულითადი მადლობა რუსთავის მეორე განყოფილების პოლიციელებს.
რაც შეეხება აღნიშნულ პირებს, არ ვარ დაბოღმილი, არც გაბოროტებული, მაგ ადამიანებს საერთოდ ვერ ვხედავ, არასდროს არ მქონია ქუჩასთან არანაირი შეხება, ვფიქრობ გულწრფელად, რომ ამ ადამიანებს თავგზა აქვთ არეული.
მე ასე მგონია, ყველა სივრცეს თავისი წესები აქვს, თუ ძველი ბიჭი ხარ, პოლიტიკა შენი საქმე არ არის, მამაჩემის თაობის ქუჩის ბიჭები პოლიტიკაში არ ერეოდნენ, რატომ? იმიტომ, რომ ყველამ იცის, ნებისმიერ სივრცეს აქვს თავისი ბუნებრივი კანონები და იმ სივრცეში შესვლით შენი თამაშის წესებს ვერავის ვერ მოახვევ თავს, ბალანსის დარღვევის შემდეგ კი, ეს გარემო სიზიპეს ლოდივით შენ საპირისპიროდ გორდება.
მე ლოყა მაქვს დასიებული, რა დამაკლდა იმდენი, რაც ამის ჩამდენებს დააკლდებათ, არაფერი, მე ორ დღეში ეს ამბავი დამავიწყდება, როგორც თითში შემთხვევით შერჭობილი ჭიკარტი, ისევ მშვიდად აუღელვებლად გავარძელებ ჩემი მიზნებისკენ სწრაფვას, ხოლო ისინი?!
მორალი: ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი, კი მეც ბევრი შეცდომა დამიშვია და ჭკუა რომ მასწავლეს, ვისწავლე, მივიღე რჩევები, მაგრამ არასდროს ფიზიკურად თავს არავის დავსხმივარ.” – წერს ბალხამიშვილი სოციალურ ქსელში.