საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ლუქსემბურგის სოფლის მეურნეობის, მევენახეობის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მინისტრს, ფერნარდ ეტგენს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ლუქსემბურგის სოფლის მეურნეობის, მევენახეობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებში მიმდინარე რეფორმები განიხილეს და მომავალი თანამშრომლობის სფეროები განსაზღვრეს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ფერნარდ ეტგენმა ლუქსემბურგში მერძევეობის, მეცხოველეობისა და მევენახეობის სექტორში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და მზადყოფნა გამოთქვა, ლუქსემბურგის მხარემ ქართველ ფერმერებს გამოცდილება გაუზიაროს.
ლევან დავითაშვილმა დარგის განვითრების მიზნით მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორის ხელშემწყობ ღონისძიებებზე, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის მიმდინარე პროგრამებზე.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის კერძო სექტორის (ასოციაციები, კოოპერატივები) თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარების პროცესს.
“ლუქსემბურგი ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია, ამიტომ მისი მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება სოფლის განვითარების პროგრამების, მათ შორის, გამოცდილების გაზიარების კუთხით და ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში მოეწყობა ქართველი ფერმერებისთვის სასწავლო ტური ლუქსემბურგში, რომლებიც მეცხოველეობის მიმართულებით მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.