შპს ”ლუშნუ” საცდელი წარმოებიდან სტანდარტულ წარმოებაზე გადავიდა. კომპანიამ მესტიაში მარილის მწარმოებელი ქარხანა გახსნა, სადაც 4 ადგილობრივი კადრი დასაქმდა.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა სანდრო გოშთელიანმა განუცხადა, საწარმოს აღსაჭურვად ”ლუშნუმ” დანადგარები ჩინეთში შეიძინა.
”თავიდან დავიწყე სვანური მარილის საცდელი წარმოება. თუმცა, მოთხოვნა საკმაოდ დიდი იყო და გაფართოება გადავწყვიტეთ. ჩინური ტექნიკით პროდუქციის შეფუთვას ვახორციელებთ, დანარჩენი მანქანა-დანადგარები კი ადგილობრივი, ანუ ქართული წარმოებისაა”, – აღნიშნა გოშთელიანმა.
მისივე ინფორმაციით, სვანური მარილი მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე გამოფენაზე იყო გატანილი და დიდი მოწონება დაიმსახურა. შესაბამისად, ”ლუშნუს” პროდუქციის ექსპორტზე გასვლაც იგეგმება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე ევროპულ და აზიურ ქვეყანასთან.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ”ლუშნუს” სვანური მარილი დიდ სავაჭრო ქსელებსა და პატარა მარკეტებში უახლოეს დღეებში გამოჩნდება. ამ დროისთვის კომპანია მხოლოდ ერთი სახეობის მარილს უშვებს, 100-გრამიან შეფუთვაში. სამომავლოდ კი პროდუქციის ასორტიმენტი გაიზრდება.
შპს ”ლუშნუ” 2015 წლის 15 ივლისს დაფუძნდა. კომპანია ამჟამად მხოლოდ სვანურ მარილს აწარმოებს. ქარხანა პროექტის ”აწარმოე საქართველოს” ფარგლებში აშენდა.