LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

M110 Beauty – ნაყოფიერი ერთი წელი ბაზარზე და უამრავი ახალი იდეა

1993
მაია ასათიანი

ზუსტად ერთი წლის წინ ტელეწამყვანი მაია ასათიანი „ბიზნესნიუსს“ ახალი ამპლუით ესტუმრა. მან საკუთარი სილამაზის ხაზის შექმნის შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებას პირველად სწორედ რადიო ფორტუნას ეთერიდან გაუზიარა და პირველი პროდუქტებიც წარადგინა. განვლილ ერთ წელს ცნობილი ჟურნალისტი კვლავ „ბიზნესნიუში“ აფასებს და იმ გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ საუბრობს, რომლებიც ახალბედა ბიზნესმენს გზად შეხვდა.

მაია ასათიანი, სილამაზის ხაზის „M110 Beauty“ შემქმნელი:

– ჟურნალისტები ხშირად არიან ცრუმორწმუნენი, ოღონდ დადებითი კუთხით და ჩემი სტუმრობა ერთი წლის წინ თქვენს გადაცემაში ისეთი ფეხბედნიერი იყო, გამორიცხული იყო, დღეს აქ, ერთი წლის თავზე, არ მოვსულიყავი. მაშინ, ცხადია, მეუცხოებოდა, არა როგორც ტელეწამყვანსა და ჟურნალისტს, არამედ როგორც ბიზნესმენს რომ წარმადგენდით. იმ დროს სტარტაპერი ვიყავი, მქონდა სულ ორი საშუალება – ლუქს კრემი და ლუქს შრატი და ძალიან ბევრი გეგმა, რომლებსაც ან განვახორციელებდი ან ვერ. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მცირე ბიზნესის წარმომადგენელი ვარ, უკვე გვაქვს 12+1 პროდუქტი (რიცხვი 13 არ მიყვარს) და გაჩერებას არ ვაპირებ. სულ იმაზე ვფიქრობ, აბა, რა გვაკლია, რა გვინდა რომ კიდევ გვქონდეს. იმდენი იდეა მაქვს თავში, თებერვალი და გაზაფხულის სამი თვე მათ განხორციელებას რამდენად ეყოფა, არ ვიცი.

ახლა სხვა მაია ვარ, განვსხვავდები იმ მაიასგან, რომელიც მედიაში იყო, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის ოქროს ხანა და ჩემი თავი იმ პერიოდში ძალიან მენატრება, ტკივილამდე… მაგრამ ერთი აღმოჩენა გავაკეთე – მეგონა, რომ ტელერეპორტიორობა მსოფლიოში ყველაზე აზარტული და შრომატევადი პროფესია იყო და ასე არ ყოფილა. ბიზნესი არის ძალიან სტრესული, ვარ იმაზე მეტად დაკავებული, ვიდრე ტელევიზიაში ვიყავი, ტელეფონს ერთი წამითაც კი ვერ ვუშვებ ხელიდან და სულ ჩართული ვარ ერთდროულად რამდენიმე პროცესში. ეს ისეთი სასიამოვნო დაღლაა, თან იმას აკეთებ, რაც გიყვარს.

უკვე ახალი გუნდიც მყავს, სულ ქალები ვართ და მეამაყება, რომ თითოეული მათგანი ჯენზის წარმომადგენელია. ლიტონი სიტყვები არ არის ეს, მათგან ბევრი რამ ვისწავლე. „M110 Beauty“-ს მომავალი აქვს სწორედ იმიტომ, რომ ჩემი გოგოები ჯენზის წარმოადგენენ, სულ ვახლდებით…

განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ მომხმარებლებთან ურთიერთობას. მე თვითონ მიყვარს მათთან პირადად საუბარი, არა მიწერ-მოწერით, არამედ ტელეფონით დარეკვა და აზრის ისე მოსმენა, ახსნა იმის, რაშიც ვერ გაერკვივნენ და ა.შ. ზოგიერთ მომხმარებელთან უკვე უშუალოდ ვურთიერთობ, ლუქს კრემის პირველი მომხმარებლებიდან რამდენიმესთან კი ახლო მეგობრობაც მაკავშირებს.

– „M110 Beauty“-სთვის ბაზარზე გამოჩენის პირველი წელი იყო ნაყოფიერი, მაგრამ რადგანაც აღნიშნეთ, რომ ბიზნესის კეთება არის საკმაოდ სტრესული, რა აღმოჩნდა ამ სფეროში თქვენთვის განსაკუთრებულად დიდი გამოწვევა?

– ბევრი რამ რომ არ ვიცოდი, ის. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები თეორიულად ვისწავლე, თურმე თეორია არაფერია, თუ პრაქტიკაში შენივე შეცდომები არ დაინახე, არ გააანალიზე, არ გაითვალისწინე. ძალიან ბევრი ქალი ბიზნესმენი მეხმარებოდა ამ ერთი წლის განმავლობაში ელემენტარული რჩევების სახით. იმიტომ კი არა, რომ სადმე არ გადავჩეხილიყავი, იმიტომ, რომ გზა წარმატებით გამეგრძელებინა. ქალი ბიზნესმენები ჩვენი საზოგადოების ცალკე სეგმენტია – სასიამოვნოდ საურთიერთო გოგოები, რომლებმაც ჩემსავით ნულიდან დაიწყეს და განვითარდნენ.

ბიზნესში (ისევე, როგორც მედიაში) დრო და ადგილი, ინიციატივის გამოჩენა, ახალი პროდუქტის შემოტანა აუცილებლად წინასწარ მილიონჯერ უნდა გათვალო და ისე იმოქმედო. ამ ერთი წლის მანძილზე კატასტროფული შეცდომა არ დამიშვია, ორს აღვნიშნავდი მხოლოდ. ერთი იყო ის, რომ ზაფხულში ცოტა დავაგვიანე რუჯის მისაღები ზეთის გამოშვება, შესაბამისად, უკვე ვემზადები წლევანდელი ზაფხულისთვის და მეორე – ისევე, როგორც „პროფილში“, ამ საქმეშიც დიდი მნიშვნელობა აქვს თარიღებს, მე კი „გავმაზე“ 8 მარტი, არ მოვემზადე სათანადოდ და პროდუქცია გამითავდა. ეს ორი შეცდომა დიდი ასოებით მიწერია ჩემს ბლოკნოტში, რომ მაია, ეს მეორედ აღარ უნდა დაგემართოს!

– დღეს „M110 Beauty“ 12+1 პროდუქტისგან შედგება. ისინი ბაზარზე გაჩნდა იმიტომ, რომ როგორც ქალმა იცით, რა სჭირდებათ ქალებს, თუ მომხმარებლისგან უკუკავშირმა გიკარნახათ, რა სჭირდებოდა ბაზარს?

–  ზოგი ასე და ზოგი ისე. პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ პროდუქცია ყოფილიყო ლუქს კლასის, ძალიან მაღალი ხარისხის ნედლეულით მომზადებული და მისი ფასი ყოფილიყო ხელმისაწვდომი რიგითი ქართველი ქალისთვის – ჩვენი ყველაზე ეფექტური პროდუქტები: ლუქს ხაზის სახის კრემი, შრატი და თვალის კრემი 79 ლარი ღირს (ხშირად გვაქვს ფასდაკლება, რაც კიდევ უფრო ამცირებს პროდუქტების ღირებულებას).

ზოგადად, 4 ხაზი გვაქვს სხვადასხვა დანიშნულების და შემადგენლობის კრემების. მომხმარებლის იდეა იყო, რომ შეგვექმნა ტანის ლოსიონი. მეგონა, რომ ბაზარზე არსებული უცხოური ტანის ლოსიონების ფართო არჩევანის ფონზე ქართული არ გაიყიდებოდა და შევცდი. ჩვენი ლოსიონი განკუთვნილია 30+ კანისთვის, რადგან ამ ასაკში კანი უფრო შრება და განსხვავებული მოვლა სჭირდება. გვაქვს ნოუ ჰაუც, ანუ ქართული წარმოების ისეთი პროდუქტი, რომელიც ბაზარზე არავის არ აქვს. მასთან დაკავშირებითაც მეგონა, რომ არ ეყოლებოდა ბევრი მომხმარებელი, ამიტომ სულ 100 ცალი გამოვუშვით თავიდან და აქაც შევცდი. ეს არის ყელისა და დეკოლტეს კანისთვის განკუთვნილი საშუალება. ამ ზონებში ჩვეულებრივი ტანის ლოსიონი, უბრალოდ დატენიანებით, ვერ უმკლავდება ასაკობრივ გამოწვევებს, რადგან კანი სპეციფიკურია და განსხვავებული მოვლა სჭირდება. ეს კრემი იყიდება 100 მილიგრამიანი შეფუთვით და 69 ლარი ღირს.

– რომელია ყველაზე უფრო გაყიდვადი პროდუქტი, რომელი მოსწონს მომხმარებელს განსაკუთრებულად?

– მომხმარებელს გააჩნია. შედარებით პატარა ასაკის გოგოები, განსაკუთრებით ზაფხულში, იყენებენ 24 კარატიან ოქროს სეტს, რომელსაც ოქროსფერი ბზინვარება დავუტოვეთ. ახლა გეგმაში გვაქვს ისე დავამუშაოთ ეს კრემი, რომ იყოს თეთრი და არ ბრჭყვიალებდეს, ეს შედარებით უფროსი ასაკის მომხმარებელმა გვთხოვა. ჩვენი პროდუქტებიდან კარგად გაყიდვადი მარგალიტის თვალის კრემია, ლუქს ხაზი თავიდან ბოლომდე, დეკოლტეს კრემიც. კარგად იმუშავა რეტინოლმაც, რომელიც სეზონური პროდუქტია. მას ყოველ ზამთარს დერმატოლოგი მინიშნავდა ხოლმე, ამიტომ ზამთრის მოახლოებისას სიაში პირველი სწორედ რეტინოლი გვეწერა.

– თქვენმა აქტიურმა მომხმარებელმა იცის, რომ „M110 Beauty“-ს პროდუქციის შეძენა შესაძლებელია სოციალური ქსელის პლატფორმებიდან, ასევე საქართველოს რამდენიმე ქალაქში, ესთეტიკური მედიცინის რამდენიმე ცენტრში. უახლოეს მომავალში თქვენი საკუთარი ნიშა თუ გექნებათ და ასევე, ხომ არ აპირებთ ვებგვერდის ამოქმედებასაც ონლაინ გაყიდვების გასაზრდელად?

– რა წამსაც ეს გადაცემა დასრულდება, გლდანი სითი მოლში მივდივარ, რომ ადგილი ავარჩიო ჩვენი ბრენდისთვის. ვებგვერდიც, რა თქმა უნდა, გეგმაშია, მაგრამ წლევანდელი წელი მინდა იყოს მოლების ათვისების წელი, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენი პროდუქცია მომხმარებლისთვის მოლში უფრო იქნება ხელმისაწვდომი, ვიდრე ცალკე მაღაზიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g