ექიმი–რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი, რომელსაც სვანეთში მოგზაურობის გამო ორკვირიან კარანტინში მოუწია ყოფნა სამადლობელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ არაჩვეულებრივ პირობებში იმყოფება.
ის მადლობას უხდის სასტუმროს პერსონალს, რომელიც მასზე გულმოდგინედ ზრუნავს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო, სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი სვანეთში 14 დღიან კარანტინში.
ბევრი ჩემი პაციენტი, ახლობელი, ნაცნობი თუ უცნობი მწერს და მირეკავს, მეკითხებიან რამე ხომ არ მჭირდება, მთავაზობენ დახმარებას და ა. შ. დიდი მადლობა ყველას. მინდა გითხრათ, რომ ვიმყოფები საუკეთესო სასტუმროში, საუკეთესო პირობებით და არაჩვეულებრივი პერსონალით, რომელიც ისე ზრუნავს ჩემზე და ისეთ კომფორტს მიქმნის, რომ არც კი ვიცი, რა შეიძლება ვინატრო ამაზე მეტი… მე ხომ საკუთარ თავს არასდროს მივცემდი იმის ფუფუნებას, რომ ასეთი ხანგრძლივი დროით მოვწყვეტოდი სამსახურს და ყოველდღიურ რუტინას. არადა ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთი კარგი ხანგრძლივი დასვენება ნამდვილად მჭირდებოდა, თუნდაც ის რად ღირს, რომ ჩემი მრავალწლიანი ქრონიკული ბრონქიტი, რომელსაც არანაირი მედიკამენტი არ შველოდა, სვანეთის ჰაერმა სულ რაღაც 5 დღეში სრულად განკურნა.
ვზივარ ახლა ჩემს მყუდრო ოთახში და ვფიქრობ – ნეტა რა მაკლია კიდევ სრულ ბედნიერებამდე? სვანეთის ულამაზესი ხედები ჩემი ოთახიდან, მთების, ჩანჩქერების, ბალახებისა და ყვავილების თავბრუდამხვევი არომატით გაჟღენთილი ჰაერი, ამქვეყნიური საზრუნავებისგან ჩამოშორებული და შინაგანი თავისუფლების შეგრძნებით დამტკბარი… დიდი მადლობა ყველას, ყველას, ვინც ასეთი საოცარი მოგზაურობა და შემდეგ კი ისეთი იძულებითი კარანტინი მომიწყო, რომ ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების ეს მონაკვეთი ერთერთ ყველაზე ბედნიერ და დაუვიწყარ პერიოდად იქცევა,”-წერს მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში.