„მაგთიკომსა“ და „კავკასუს ონლაინს“ შორის დღეს ხელი მოეწერა საოპერაციო აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებას.
“კავკასუს ონლაინის” კორპორაციული და საცალო მომსახურებისთვის საჭირო საოპერაციო აქტივების “მაგთიკომისთვის” გადაცემის პროცესი სავარაუდოდ, დაიწყება 1 აგვისტოს, რამდენიმე თვე გაგრძელდება და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
როგორც კომპანიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მხარეები მომხმარებლებს წინასწარ აცნობებენ თარიღს, თუ როდიდან გაუწევს მათ “მაგთიკომი” საკაბელო ინტერნეტის, ინტერნეტ-ტელევიზიის და ფიქსირებული ტელეფონიის მომსახურებას.
“ინტეგრაციის პროცესში მომხმარებლებს შეუფერხებლად, უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებათ მომსახურება. “მაგთიკომი” საქართველოში პირველი და ერთადერთი ოპერატორია, რომელიც სრულ ოთხმაგ სერვისს შესთავაზებს მოსახლეობას – მობილური ტელეფონის, ფიქსირებული ტელეფონის (რადიო და საკაბელო), ინტერნეტის (მობილური და საკაბელო) და ტელევიზიის (თანამგზავრული და IPTV),”- აღნიშნულია განცხადებაში.