რადიო „ფორტუნას” მუსიკალურმა პროექტმა „რას უსმენენ ცნობილები“, რომელიც ცნობილი პერსონების მუსიკალურ გემოვნებაზე მოუთხრობს მსმენელს, ამჯერად ცნობილ ტელეწამყვანს მაია ასათიანს უმასპინძლა, ვისთვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მსგავსი ფორმატის გადაცემის სტუმრობა. მაიამ სიამოვნებით გაიხსენა და რადიომსმენელსაც გაუზიარა ის 7 გამორჩეული კომპოზიცია, რომელიც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
მაია ასათიანი:
ძალიან რთული იყო მხოლოდ 7 სიმღერის შერჩევა, ისეთივე რთული, როგორც საყვარელი წიგნის არჩევა. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წიგნები განსხვავებულ შთაბეჭდილებას ახდენენ, ასეა მუსიკაც. ჩემთვის ყოველი დილა მუსიკით იწყება, რამდენიმე კომპოზიციას კი, ჩემი ცხოვრების საუნდტრეკად ვთვლი. ძალიან მიყვარს ემი უაინჰაუსი, როცა ცუდ ხასიათზე ვარ დიდ სტიმულს მაძლევს მისი სიმღერა, ამიტომ სიამოვნებით მოვუსმენ თქვენთან ერთად.
7. Amy Winehouse – Back To Black
– მაია, არასდროს გიფიქრიათ რადიოწამყვანობაზე?
– ახალი დაწყებული მქონდა ტელევიზიაში მუშაობა, როცა ვცადე და რამდენიმე თვე რადიოწამყვანად ვიმუშავე, თუმცა ის ჯადოსნური ეფექტი, რაც ტელევიზიას აქვს, რადიომ ვერ მოახდინა. ძალიან მომწონს თქვენთან სტუმრობა, წამყვანის ამპლუას კი, ნამდვილად არ ვიცი როგორ მოვერგებოდი. ისევ მუსიკას რომ დავუბრუნდეთ, ძალიან მიყვარს კლასიკა, რამდენიმე საყვარელი კომპოზიტორი მყავს, რომელთაც ძალიან ხშირად ვუსმენ. სხვათა შორის, თვითონ კლასიკური განათლება მაქვს მიღებული, არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა, რომელმაც მუსიკის აღქმა და გაგება მასწავლა, ამასთანავე, ხშირად დავყავდი ბებიას ოპერისა და ბალეტის თეატრში, ამიტომ ერთნაირად კარგად ვიცოდი საოპერო და საბალეტო რეპერტუარი. მეექვსე ადგილს ჩაიკოვსკის Pas de Deux-ს მივანიჭებ, რომელიც “მაკნატუნას” მეორე მოქმედების დასაწყისში ჟღერს და ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე.
6. P. Tchaikovsky – Pas de Deux (‘The Nutcracker’)
შემდეგი სიმღერა წარსულში მოგზაურობაში მეხმარება, როცა 15-16 წლის ვიყავი და Doors-ის მუსიკა ჩემი ცხოვრების ლაიტმოტივი იყო. ხშირად მიწევდა ღამით მუშაობა, გადაცემის დამონტაჟება და სწორედ People are strange-ს ვუსმენდი დასვენებისა და განტვირთვისთვის.
5. The Doors – People Are Strange
– უამრავი შემსრულებელი სტუმრობს შენს გადაცემას, ბევრი სწორედ “პროფილის” წყალობით გაიცნო მაყურებელმა,
– გეთანხმებით. რამდენიმე დიდი გამარჯვება მართლაც გვაქვს, ყველაზე მეტად კი, ლაშა ღლონტით ვამაყობთ, რადგან სწორედ ჩვენთან შედგა სიმღერის “მონატრებიხარ ფიქრებს” პრემიერა. ზოგი სიმღერა მომწონს,ზოგი ნაკლებად, მაგრამ მთავარია მაყურებელმა მოისმინოს და შეაფასოს. რაც შეეხება შემდეგ სიმღერას, ვფიქრობ, ზვიად ბოლქვაძე საუკუნის უდიდესი მუსიკოსია და მეამაყება, რომ ამ კომპოზიციის პრემიერა სწორედ “პროფილში” შედგა. ზვიადი ის მუსიკოსია, რომელსაც ვერ ჰკითხავ, “აბა, შემდეგ რა იქნება?” მახსოვს, უამრავი ადამიანი ესწრებოდა სიმღერის ჩაწერას, ყველას საოცარი განცდა ჰქონდა, რადგან ხვდებოდა, რომ ნამდვილი შედევრი იწერებოდა. სიმართლე გითხრათ, გული დამწყდა, რომ სიმღერამ ვერ მოიპოვა ის პოპულარობა, რომელსაც იმსახურებდა, რადგან განსხვავებული გემოვნების მსმენელზეა გათვლილი.
4. ზვიად ბოლქვაძე & ლიზა რამიშვილი – „შენ შორსა ხარ“
ვფიქრობ, სიმღერით ისტორიის მოთხრობა ძალიან ცოტა მომღერალს შეუძლია, ეს კი, ძალიან ვნებიანი სასიყვარულო კომპოზიციაა და ალბათ, არ არსებობს ქალი, ვისაც ერთხელ მაინც არ უფიქრია i’m a fool to want you…
3. Billie Holiday – I’m a Fool to Want You
მეორე ადგილს ბეთხოვენის იმ კომპოზიციას მივანიჭებ, რომელსაც ყოველთვის სუნთქვაშეკრული ვუსმენ, განსაკუთრებით საფორტეპიანო ნაწილი მომწონს, რომელიც პეპლის ფრთების გაელვებასთან ასოცირდება ჩემთვის.
2. Beethoven, Piano Concerto No. 5 – II Adagio
– რამდენად ხშირად ესწრები კლასიკური მუსიკის საღამოებს?
– ძალიან იშვიათად, რადგან ჩემთვის კლასიკური მუსიკა ძალიან ინტიმურია და ბევრ ხალხთან ერთად მისი მოსმენა არასდროს მსიამოვნებს.
– ძალიან სასიამოვნო იყო შენი სტუმრობა. რა სიმღერით დაასრულებ გადაცემას?
– კომპოზიციას “დაიგვიანე” ყოველდღე ვუსმენ, ძალიან მნიშვნელოვანი სიმღერაა ჩემთვის, რადგან ხშირად მღეროდნენ ჩემს ოჯახში. ამ ისტორიის შესახებ ჩემს წიგნშიც მოვუყევი მკითხველს – როგორც ჩემი დიდი პაპა მიყვებოდა, 1924 წლის აჯანყების დროს, როცა მეტეხის ციხეში ახალი ტუსაღი შეჰყავდათ, “შეფიცულები” კლდეში ამოკვეთილი ფანჯრიდან გადმოდგებოდნენ და სწორედ “დაიგვიანეს” მღეროდნენ, იმავე სიმღერას მღეროდა ბაბუაჩემი 1990-იანი წლების ბოლოს, როცა ნავთქურასთან ვიჯექით და ვთბებით.
1. ჰამლეტ გონაშვილი – დაიგვიანეს