LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბარათაშვილის 7 საყვარელი სიმღერა – „რას უსმენენ ცნობილები“

30
3

რადიო „ფორტუნას“ და ნია მოძმანაშვილის გადაცემას „რას უსმენენ ცნობილები“ მომღერალი მაია ბარათაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ფავორიტი სიმღერების შვიდეული და ამ კომპოზიციებთან დაკავშირებული ძალიან საინტერესო ისტორიები გაუზიარა.

-ქალბატონო მაია, რის მიხედვით შეარჩიეთ მუსიკალური შვიდეული, რომელსაც მსმენელს წარუდგენთ ?

-შევარჩიე სიმღერები, რომლებიც მე ძალიან მიყვარს, რომელთაც ძალიან ხშირად ვუბრუნდები და მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ჩემს ცხოვრებისეულ ისტორიებს უკავშირდება. ძალიან ბევრი, საინტერესო ისტორიაა, რომელსაც საზოგადოება პირველად მოისმენს.

ეს არის სიმღერა, რომელმაც ძალიან დიდი ბიძგი მომცა. პირველად ეს სიმღერა დაიან შურის შესრულებით მოვისმინე, შემდეგ მოვისმინე ბილი ჯოელის. პატარაობისას, როდესაც პირველად დავიწყე თანამედროვე ამერიკული მუსიკის მოსმენა, ხელში ჩამივარდა დაიან შურის ფირფიტა. ეს ქალბატონი უსინათლო გახლავთ, განსაკუთრებული პოპულარობით არ სარგებლობს, მაგრამ მუსიკალურ წრეებში ძალიან აღიარებულია. როდესაც პირველად მოვისმინე, რატომღაც ჩემს თავთან დავაკავშირე. ეს ნამუშევარი ნამდვილი ნიუ იორკელის სიმღერაა, ჰიმნივით არის, New York, New York-ს შემიძლია გავუტოლო. მე არ ვარ ნიუ იორკელი, მაგრამ ძალიან მიყვარს ის მუსიკა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა და შემდეგ ნიუ იორკსა და ჩიკაგოში „გაიზარდა“. პირველად, როდესაც ჯაზი განვითარდა, ორი ადგილი იყო, სადაც მუსიკოსები იყრიდნენ თავს, დასაწყისში ჩიკაგო, შემდეგ ნიუ იორკი. თუ ნიუ იორკში არ ხარ ნამყოფი, იქ არ გისწავლია, არ დასწრებიხარ კონცერტებს, მაშინ რთულია ამ მუსიკასთან თავის დაკავშირება. ამ სიმღერას მეც ვმღერი, დიდი ხანია ჩემს რეპერტუარშია. ამ სიმღერის მოსმენისას ვთქვი, რომ მსურდა მეც ასე მემღერა, მას შემდეგ დაიან შური ჩემი კუმირი იყო და საოცარი ის არის, რომ 20 წლის შემდეგ ეს ქალი გავიცანი. თბილისის მერიის ბიგ ბენდთან ერთად იურმალაში  მქონდა გასტროლი. აღმოჩნდა, რომ ერთსა და იმავე დარბაზში, ერთ დროს გვქონდა კონცერტი ჩვენ და დაიან შურს. ჩვენი გასახდელებიც გვერდი-გვერდ აღმოჩნდა, ისტერიკა დამემართა. მის მენეჯერებს და დაცვას ვთხოვე მისი ნახვის უფლება მოეცათ, რა თქმა უნდა, დამთანხმდნენ. როდესაც ოთახში შევედი, ხელი მოვკიდე და ვუთხარი, რომ სწორედ მან მომცა ინსპირაცია. მან ძალიან დიდი სითბოთი მომისმინა და თავისი ისტორიებიც მომიყვა.

Diane Schuur – New York State of Mind

ეს სიმღერა ბარბარას ლეგენდარულმა ფრანგმა კომპოზიტორმა მიშელ ლეგრანმა დაუწერა ფილმისთვის „იენტლი“ , რომელიც ბარბარას ინიციატივით შეიქმნა. ცნობილია, რომ ბარბარას ძალიან თბილი დამოკიდებულება ჰქონდა მამასთან. ეს ფილმიც მამა-შვილის საოცარ დამოკიდებულებაზე და  ყველას ვურჩევ მის ნახვას. ჩემი ისტორია ძალიან საინტერესო კავშირშია ამ სიმღერასთან. ერთ-ერთი კონცერტისას, ამ სიმღერის შესრულებამდე ბარბარამ აღნიშნა, რომ უჯრაში ყვითელი კონვერტი იპოვა, რომელიც უკვე 20 წლის გარდაცვლილი მამის დაწერილი წერილი აღმოჩნდა. ძალიან იმოქმედა ჩემზე ამ საოცარმა ისტორიამ, რადგან მამა ადრე გარდამეცვალა. ბარბარას ისტორიის მოსმენიდან მეორე დღეს, ჩემს მეგობართან ერთად ვიყავი სახლში და ვუყვებოდი ბარბარას გამოსვლის შესახებ, როდესაც კარზე კაკუნი იყო, გავაღე კარი და დამხვდა ფოსტალიონი, გაყვითლებული კონვერტით. გავხსენი კონვერტი და დამხვდა წერილი, რომელსაც მამას  მისი ძველი მეგობარი უგზავნიდა, ამ დროს მამა უკვე 10 წლის გარდაცვლილი იყო. 6 გვერდიანი წერილი გახლდათ, მამას ახალგაზრდობის ისტორიებით სავსე, რომელმაც ბოლომდე მომიცვა და გონებაში მამა გამიცოცხლა.

barbara steinstrand-papa, can you hear me?

საოცარი მუსიკა არის, ვგიჟდები ამ ჯგუფზე. ჩიკაგოსთან დაკავშირებული ისტორია კი ასეთია, არსებობდა არაჩვეულებრივი პროგრამა „საზოგადოებრივი კავშირები“, რომლის ფარგლებშიც  10 პროფესიის ადამიანი შეგვარჩიეს და გაგვიშვეს სტაჟირებაზე, ერთი თვე ჩიკაგოში ვცხოვრობდი, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო რამ ვნახე. ერთხელ საზოგადოებრივ რადიოში მივედით სტუმრად, რადიოს დირექტორს ჩემი დისკი ვაჩუქე, მან ძალიან უგულოდ გამომართვა და გადადო, ძალიან დამწყდა გული, მაგრამ რეაქცია არ მქონია, გასაგები იყო, ჩიკაგოში ისეთი დონის მუსიკოსები არიან, საქართველოდან ჩამოსული ვიღაც ჯაზის მომღერალი ქალი მისთვის ალბათ არასერიოზული იყო. როდესაც დავემშვიდობეთ და გამოვედით, ვხედავთ, რომ ეს კაცი მორბის, მოვიდა ჩემთან, გადამეხვია და პატიება მთხოვა, არ მეგონა ქართველი ქალი ასე თუ იმღერებდა ჯაზსო. დისკზე ხელის მოწერა მთხოვა და მითხრა, რომ ეს დისკი  მუდამ მის მაგიდაზე იდებოდა, ძალიან დიდი კომპლიმენტი იყო ჩემთვის.

Chicago – Hard To Say I’m Sorry

ვგიჟდები ინდურ მუსიკაზე, ურთულესია, მათემატიკურ აზროვნებასთან არის დაკავშირებული. ინდური მუსიკის მოსმენისას, მგონია რომ სამყარო თავიდან იბადება.

Berklee Indian Ensemble ft Shankar Mahadevan – 5 Peace Band

ეს სიმღერა მახსენებს ისტორიას, რომელიც ნიუ იორკში გადამხდა. მოვხვდი 50 კაციან ჯაზ კლუბში, სადაც ლეგენდარული შემსრულებელი რუთ ბრაუნი დამხვდა, რომელმაც თავისი ინტერპრეტაციით შეასრულა ეს სიმღერა. მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან მასთან საუბრის საშუალებაც მქონდა.

david foster- through the fire

ეს უბრალოდ სიმღერა არ არის, ეს არის შედევრი. ამ ნაწარმოების მოსმენისას მგონია სამყარო იხსნება.

Bach: Erbarme dich, mein Gott

ერთ-ერთ დაჯილდოებაზე მოგვთხოვეს, რომ პლუს ფონოგრამაზე უნდა შეგვესრულებინა ეს სიმღერა მე და მერაბ სეფაშვილს. ყველა მომღერლისთვის საშინელებაა პლუს ფონოგრამაზე სიმღერა, მაგრამ დავთანხმდით. ისე მოხდა, რომ ფონოგრამა ჩვენს სცენაზე გასვლამდე ჩართეს,  სიმღერა მიდის, მაგრამ ჩვენ არ ვართ სცენაზე. კულისებიდან  მერაბის გაოცებულ სახეს ვხედავ, საბოლოოდ, მაინც გავედით სცენაზე და როგორღაც ჩავამთავრეთ სიმღერა. როდესაც  კულისებში დავბრუნდით, სოფიკო ჭიაურელი მოვიდა ჩემთან და მითხრა, დღეს რა განსაკუთრებულად გიჟღერდა ხმაო (იცინის). ვგიჟდები სოფიკო ჭიაურელზე და აი ასეთი მოგონება დამრჩა ამ სიმღერაზე.

მაია ბარათაშვილი-იძინებს მზე

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები