LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბითაძე: „თუ ვინმე მეტყვის, რომ საქართველოში შესაძლებელია დავის მშვიდობიანი მოგვარება, შერიგების, შენდობის გარეშე – ეს გამორიცხულია. ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ შერიგებით და ეკონომიკური წინსვლით შევინარჩუნოთ მშვიდობა“

136
მაია ბითაძე

„ახლოვდება წინასაარჩევნო პერიოდი და ტემპერატურის ხელოვნურად არევის არაერთ მცდელობას ვხედავთ, როგორც მედია სივრცეში, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან და ყველა კარგად ვხვდებით, რომ ამის ერთადერთი მიზანია – როგორმე ხელი შეუშალონ საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებას, იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ უკვე 8-ჯერ გააკეთა და ამ გადაწყვეტილების შემდგომ „ქართული ოცნება“ არის დღეს ხელისუფლებაში“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეა ის ადამიანი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ საქართველოს აწმყოსა და მომავლის შესახებ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის სად არის სიმართლე და სად არის სიცრუე.

„ასეთი ტიპის ზეწოლით, სიცრუით, ზიზღის გაღვივებით მხოლოდ ერთადერთი რამე მიიღწევა, უბრალოდ ქართველი ხალხი უფრო კარგად ხედავს, რომ ორჯერ ორი არის ოთხი, რომ ქართველია და საქართველოს მოქალაქეა ის ადამიანი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქვეყნის აწმყოსა და მომავლის შესახებ.

ყველას ავიწყდება, რომ საქართველოს მოქალაქეა ის ადამიანი, რომელმაც გაიარა საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდგომ 90-იანი წლების პერიპეტიები, ის ომი და უბედურება, რომელიც ოკუპანტის ხელშეწყობით და გარე ძალების ჩარევით ამ ქვეყანაში პერიოდულად მიმდინარეობდა. შესაბამისად ძალიან კარგად არჩევს საქართველოს მოქალაქე სად არის სიმართლე და სად არის სიცრუე“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, ამ დღეებში ვიხილეთ ძალიან ბევრი სიყალბე, სიცრუე, ინფორმაციის დამახინჯებულად ტირაჟირების არაერთი მაგალითი, მათ შორის, დავების მშვიდობიანი მოგვარების საკითხთან დაკავშირებით. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს არ აქვს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ შერიგებით და ეკონომიკური წინსვლით შეინარჩუნოს მშვიდობა.

„ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ საქართველოს მოქალაქე, მჯდარი უცხო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების წინაშე, რომელიც მტკნარად იტყუებოდა იმ რეალობის შესახებ, რაც მის სამშობლოშია და ყველანაირად ცდილობდა, რომ შავბნელ ფერებში წარმოედგინა ის რეალობა და ის სიმშვიდე, რომელიც ამ ეტაპზე ამ ქვეყანაშია, რომლის შენარჩუნებას ასე ძალიან ვცდილობთ. ამ დღეებში ვიხილეთ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირ უხეშად ერევა წინასაარჩევნო პროცესში და მოწოდებებს აკეთებს პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იციან, რომ ვერ ლახავენ საარჩევნო ბარიერს საჭიროებენ პრეზიდენტის ჩარევას, რომ რაღაც გაერთიანებას მიაღწიონ.

ამ დღეებში ასევე ვიხილეთ ძალიან ბევრი სიყალბე, სიცრუე, ინფორმაციის დამახინჯებულად ტირაჟირების არაერთი მაგალითი, მათ შორის, დავების მშვიდობიანი მოგვარების საკითხთან დაკავშირებით და თუ ვინმე მეტყვის მთელ მსოფლიოში, რომ საქართველოში შესაძლებელია დავის მშვიდობიანი მოგვარება, შერიგების, შენდობის გარეშე – ეს გამორიცხულია. ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ შერიგებით, ეკონომიკური წინსვლით შევინარჩუნოთ ის მშვიდობა, რომელიც ამ ძალიან რთულ სიტუაციაში გვიჭირავს და ამას ძალიან კარგად ხედავს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა.

სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერს კვლავ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და მიუხედავად იმ აბსოლუტური ისტერიისა, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, რომ მოიმატებს როგორც შიგნიდან, ასევე გარედან, საქართველოს მოქალაქეს უკვე კარგად აქვს არჩევანი გაკეთებული თუ სად არის მშვიდობა, სად არის ის საფრთხის შემცველი ტურბულენტობა, რომელიც ამ ქვეყანას შეიძლება წინ დაუდგეს და შესაბამისად გადაწყვეტილება იქნება მიღებული სწორედ „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g