მაიკო კაჭკაჭიშვილს კლუბში „10/11“ შევხვდით. კომპოზიტორმა გარკვეული პერიოდის წინ კუჭის დაპატარავების ოპერაცია გაიკეთა, შემდეგ კი ექიმების მიერ მიცემული ყველა ინსტრუქცია ზედმიწევნით გაითვალისწინა და არაჩვეულებრივი შედეგიც მიიღო, დღეს 64 კილო აქვს დაკლებული და შესანიშნავად გამოიყურება. მაიკოს ვკითხეთ, როგორ ეგუება ახალ ცხოვრებას…
მაიკო, ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა, ცვლილების შემდეგ?
ახლა არის ქაოსი. მართლა ბევრი ცვლილება მოხდა. ტვინს ასე მარტივად კალაპოტში ჩადგომა არ შეუძლია, უჭირს. გავდივარ არცთუ მარტივ პერიოდს, მაგრამ ნელ-ნელა მივდივარ იქითკენ, რომ აღვიქვა, შევეგუო და შევეჩვიო.
აკვირდები ადამიანების რეაქციებს?
ეს არის ამ ყველაფრის ყველაზე დიდი კომფორტი. ადამიანებს წარმოუდგენელი რეაქციები აქვთ. ყველა გაოგნებული მიყურებს. რამდენიმე ძალიან ახლობელმა ადამიანმა ვერ მიცნო (იღიმის), მეგობრებზე არ ვლაპარაკობ. სხვათა შორის, გუშინწინ ფალიაშვილზე მოვდიოდი, ფიქრებში გართული, ამ დროს მესმის, მაიკო, მაიკო… ირინა ონაშვილი და ლალი ტოტიკაშვილი გამოვიდნენ, წივილით და კივილით. ძალიან მესიამოვნა ამ ორი ულამაზესი გოგოს კომპლიმენტი. რასაკვირველია, კომპლიმენტი ყველასგან მსიამოვნებს, მაგრამ ვიზუალურად თავად ძალიან კარგები არიან და მათგან კიდევ უფრო მეტად მესიამოვნა.
სოციალურ ქსელში ხშირად დებ ფოტოებს, როგორი იყავი და ახლა როგორი ხარ. ბევრი ადამიანისთვის მაგალითიც გახდი. რას ურჩევ ხოლმე მათ?
უამრავი ადამიანი მწერს პირადში. ძალიან ბევრი წავიდა და გაიკეთა ჩემნაირი ოპერაცია, ახლა რეაბილიტაციას გადიან და ყოველდღე მწერენ, რა გააკეთეს, ყველაფრის საქმის კურსში მაყენებენ. ძალიან მიხარია. ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა, რომ უამრავი ადამიანი ჩემგან წამოსული სტიმულით ფორმაში დგება და ახალ ცხოვრებას იწყებს, კიდევ არ იციან, რა ელოდებათ წინ. რამხელა ბედნიერება ყოფილა ის, რომ საკუთარი თავი ნელ-ნელა გიყვარდება.
შინაგანად შეიცვალე? რა განსხვავებაა ძველ და ახალ მაიკოს შორის?
პირდაპირ გეტყვით, რომ განსხვავება არის თავისუფლებაში. ის ზედმეტი 64 კილო მაკარგვინებდა თავისუფლებას. ვარ მაქსიმალისტი, ყურითაც და თვალითაც. ჩემი თავი ვიზუალურად არ მომწონდა, გასაგებია, რომ მხოლოდ ვიზუალი არაფერს ნიშნავს, მაგრამ ზოგადად, მაინც მნიშვნელოვანია. ყველას, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, ვურჩებდი, რომ გახდნენ თავისუფლები.
შენი ოჯახის წევრებმა როგორ მიიღეს შენი გარეგნული ცვლილება?
სხვათა შორის, არანაირი შეფასებები არ მიმიღია. მათთვის მაინც ის ვარ, ვინც ვიყავი…
სინანულის გრძნობა გეუფლება ხოლმე?
ძველ მაიკოს რომ ვუყურებ, სხვა ადამიანი მგონია. გული მწყდება და მეცოდება… მე ისეც კარგად ვიქნებოდი, თავისუფალი გარემო რომ ყოფილიყო, როგორიც სხვა ქვეყნებშია. ჩვენთან როგორი გარემოა, აღარ გავაგრძელებ ამაზე საუბარს, არ მინდა, დავწვრილმანდე და კიდევ მეტკინოს გული. ეს ყველაფერი გარემოს გამო გავაკეთე, თორემ მე მაშინაც ბედნიერი ვიყავი და ბოდიში ამბიციებისთვის, მაგრამ მაშინაც ნიჭიერი ვიყავი. ახლა შეიძლება, ასი კაბით მეტი მომერგოს, ვიდრე მანამდე მერგებოდა.
ჩემი ახლო მეგობრები მეუბნებიან, საერთოდ არ გვახსოვხარ ისეთიო. ეს მიხარია, რადგან მათთვის არის მთავარი ჩემი ხმა, გამომეტყველება და რასაც წარმოვადგენ. იმიტომ არ ვახსოვარ, რომ არც მიუქცევიათ ამისთვის ყურადღება.
პირადში ცვლილებას ელოდები?
მე თავად რთული ადამიანი ვარ და ვიცი, რომ ვარდებით მოფენილი პირადი ცხოვრება არასდროს მექნება, ისევ ჩემი თავის გამო. ვარ ძალიან ეჭვიანი, ეგოისტი, არაფერი მომწონს ან პირიქით, ძალიან პატარა რამ მომწონს, რასაც შეიძლება, ვერ მიხვდეს ადამიანი. ჩემი ამოცნობა და ჩემს გზაზე სიარული, გამოყოლა რთულია. თუკი გამოჩნდება ასეთი ძლიერი ადამიანი, ვისთვისაც ისეთი ძვირფასი ვიქნები, რომ ამ ყველაფერს გაუძლოს, მეც წავალ დათმობებზე.
რა საინტერესოა, ამას პირდაპირ რომ ამბობ…
მე ტყუილი არ მიყვარს, მძულს. მირჩევნია, იცოდეს სარკესავით, რაც ვარ.
დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს და ხშირად გამიგია კითხვა, რატომ არ იწყებ სოლოკარიერას…
წინა კითხვას გავიხსენებ, როცა გარემოს შესახებ ვლაპარაკობდი – სცენაზე იმიტომ არ ვდგებოდი, რომ ვიცოდი, იტყოდნენ, რა კარგად მღერის, მაგრამ რამსისქეაო. ჰაერზე არ ვლაპარაკობ, გამიგია ბევრისგან… ეს ყველაფერი მაკომპლექსებდა. რამდენიმეჯერ, როცა სცენაზე დავდექი, ვფიქრობდი, რამე ხომ არ მიჩანს-მეთქი და სიმღერაზე საერთოდ არ მიფიქრია, ჩემი შესაძლებლობების 2% თუ გამომიმჟღავნებია. ახლა, თუ ვიქნები თავისუფალი, მართალი და ნამდვილად ვიქნები, სხვისგან გამომდინარე, აუცილებლად გავაკეთებ სოლოკონცერტს, ისეთს, როგორიც მდედრობით სქესს საქართველოში არ ჩაუტარებია. პირობას გაძლევთ, მეყოლება გუნდი, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობ და მას თავად შევქმნი, ცალკე ბექვოკალი, რომელიც ჯერ არ გამიგია, საქართველოში ვინმეს ჰყოლოდეს. მივაღწევ იმას, რომ ოთხივე ბექვოკალმა იმღეროს უსქესოდ, არ იყოს სოლისტი და ჟღერდეს ინსტრუმენტივით… რაც უნდა ბევრი დრო დამჭირდეს, ამას გავაკეთებ აუცილებლად. სოლოკონცერტზე შევასრულებ სხვადასხვა მომღერლისთვის დაწერილ სიმღერებს, მაგრამ მსმენელს შევთავაზებ ჩემს ვერსიებს, როგორ შევასრულებდი მათ, მე რომ მემღერა.
გაქვს შენი საბავშვო მუსიკალური სტუდია „Twins“…
მყავს ძალიან კარგი მოსწავლეები. კასტინგზე ყველა სმენიანი ბავშვი მოვიდა. გამიხარდა და ვფიქრობ, რომ ალბათ, იცოდნენ, სად მოდიოდნენ. ერთი ბავშვიც არ ყოფილა, რომ სმენა არ ჰქონოდა. ფაქტობრივად, ყველა მივიღე და მერე თავს ვიმართლებდი, მართლა ყველას აქვს სმენა-მეთქი. ჰონორარის გამო რომ იღებენ ყველა მოსწავლეს, მე ასე ნამდვილად არ გამიკეთებია.
განვაახლე სტუდია, შევიცვალე მისამართი, ფალიაშვილის 47 ნომერში ვარ და ველოდები ყველას, ექვსი წლიდან ზევით, ვისაც სურს სიმღერის შესწავლა, პირადად მე ვასწავლი (იღიმის).
ბევრისგან გამიგია შოუბიზნესის სფეროში, რატომ არ არის მაიკო კაჭკაჭიშვილი რომელიმე მუსიკალური კონკურსის ჟიურის წევრი ან მუსიკალური ხელმძღვანელიო…
სხვათა შორის, მე ვიყავი პირველი „ვოისის“ მუსიკალური დირექტორი, სანამ ჩემი კოლეგებისგან რაღაც-რაღაცები არ მოხდა, როგორც ხდება ხოლმე… ფაქტობრივად, კონტრაქტზე ხელი უკვე მოწერილი მქონდა, უკვე დანიშნული ვიყავი, მაგრამ უფროსი კოლეგები ჯერჯერობით წინ არ მიშვებენ რატომღაც. არა უშავს, ალბათ, მეც გავხდები მათი ასაკის და მერე ალბათ, ვიქნები ჟიურის წევრი. ახლა უფრო კარგი იქნებოდა, როცა ენერგიულად ვარ, ვიდრე რომ დავბერდები. არავის კონკრეტულად არ დავასახელებ, ყველას მისდის ხმები და მეც მომდის, რომ ჩემი კოლეგები ჩუმ-ჩუმად რაღაცებს აკეთებენ. არ უყვართ ძლიერი ადამიანები, უყვართ სუსტები, რომლებიც მათ ემორჩილებიან, რასაც იტყვიან, ის უნდა შესრულდეს, მე კი მესხი ვარ და რქები მაქვს (იღიმის).
ფიქრობ, სად აღმოჩნდები და რას მიაღწევ წლების შემდეგ?
ჩემი ორი შვილის უდიდეს წარმატებას, ჩემსას – არა. როგორც კი გახდებიან სრულწლოვნები, ჩვენ გავემგზავრებით აშშ-ში. ისინი აუცილებლად ისწავლიან ბერკლის უნივერსიტეტში, მე კი, ალბათ, საჭმელს გავუკეთებ. შესაძლოა, სადმე კლუბში ვიმღერო. იმასაც წარმოვიდგენ, ჩემი შვილები მეგობრებთან ერთად რომ შემოივლიან კლუბში ჩემს მოსასმენად (იღიმის).
ფოტო: დათუნა აგასი
გადაღების ადგილი: კლუბი „10/11“
ნინო მურღულია