LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაკდონალდსი“ თელავში ახალ რესტორანს ხსნის

891
ელენე ბაღათურია

„მაკდონალდს საქართველო“ წლის ბოლოს თელავში ახალ რესტორანს გახსნის და ქვეყნის მასშტაბით ქსელს 29 რესტორნამდე გაზრდის. ამჟამად კომპანია ხუთ რეგიონში 28 რესტორნით არის წარმოდგენილი. „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელის ელენე ბაღათურიას განცხადებით, გაფართოება მომავალ წელსაც გაგრძელდება – თბილისში რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნა იგეგმება. კომპანიისთვის ახალი ობიექტების განვითარება მხოლოდ ქსელის ზრდას არ გულისხმობს: ელენე ბაღათურიას განმარტებით, მშენებლობის პროცესში ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებიც გათვალისწინებულია.

„მაკდონალდსის“ ბოლო სიახლეებს შორისაა „ტეხას ბურგერი“, რომელიც მომხმარებლებისთვის 1 ოქტომბრიდან გახდა ხელმისაწვდომი. მასთან ერთად მომხმარებლებს ახალი სოუსები და ხრაშუნა „ქანთრი ფრი“ შესთავაზეს. ელენე ბაღათურიას განცხადებით, ახალმა პროდუქტმა მომხმარებლის მოლოდინებს გადააჭარბა, რასაც გაყიდვების შედეგებიც ადასტურებს. კომპანიის გეგმებში მომდევნო თვეებისთვის ახალი პროდუქტები, საერთაშორისო კოლაბორაციები და გლობალური კამპანიებიც შედის.

კომპანიამ სექტემბრიდან „მაქსმარტის“ პლატფორმაც დანერგა, რომელიც მომხმარებელს შედარებით ხელმისაწვდომ ფასად რამდენიმე პროდუქტის ერთობლივად შეძენის შესაძლებლობას აძლევს. შეთავაზება მოიცავს ორ ბურგერს, სასმელს, კარტოფილ ფრისა და კეტჩუპს და მისი ფასი 14,85 ლარია.

სწრაფი კვების ბაზარზე კონკურენციის ზრდის პირობებში „მაკდონალდსის“ ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად კომპანია ბრენდის მიმართ მომხმარებლის ნდობას, ემოციურ კავშირსა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვას მიიჩნევს.

კომპანიისთვის მზარდი მნიშვნელობა აქვს ციფრულ მომსახურებასაც. „მაკდონალდსის“ აპლიკაციაში მომხმარებლებს შეუძლიათ წინასწარ შეუკვეთონ პროდუქტი, გამოიყენონ სხვადასხვა შეკვეთის არხი და მიიღონ მათ ინტერესებზე მორგებული შეთავაზებები. ელენე ბაღათურიას განცხადებით, მომხმარებლები დღეს უფრო მომთხოვნები არიან და ბრენდებისგან ხარისხთან ერთად პერსონალიზებულ კომუნიკაციასა და სოციალურ პასუხისმგებლობასაც ელიან.

„მაკდონალდს საქართველო“ მომავალშიც გეგმავს ციფრული სერვისების განვითარებას, მენიუს განახლებასა და ქსელის გაფართოებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები