H1N1 ვირუსის ეპიდემიის საფრთხე ქვეყანაში, მათ შორის არც სამხედრო ნაწილებში არ არსებობს – ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა.
რაც შეეხება ამ ვირუსით დაავადებულ ჯარისკაცებს, იმნაძის თქმით, დაავადებულია რამდენიმე ჯარისკაცი და ეს არ ქმნის საგანგაშო, მითუმეტეს ეპიდემიური ზღვრის საშიშროებას – განმარტა იმნაძემ.
მისივე თქმით, სწორედ სამხედროებში უფრო ადვილია პრევენციული ზომების გატარება და პროცესის მენეჯმენტი, რადგან ისინი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და ზოგადად ჯარი საზოგადოების ყველაზე ორგანიზებული კონტიგენტია.
როგორც პაატა იმნაძემ განგვიცხადა, დღეს გრიპის ვირუსის გავრცელება ქვეყანაში საშუალო ინტენსივობის არის და არ აღემატება გასული წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ვირუსი გავრცელებულია ქვეყნის მასშტაბით და არ არსებობს რომელიმე რეგიონში ლოკალური პრობლემა.
ასევე, არსებული სტატისტიკით გრიპის ვირუსი მოსახლეობის ყველა ფენაშია გამოხატული. გარდაცვალების სამი შემთხვევა კი თანმდევ რთულ დაავადებებს უკავშირდება და სამივე გარდაცვლილი სწორედ რისკ-ჯგუფებში შედიოდა:
“სამივე ადამიანი იყო დამძიმებული ანამნეზით. მათ ჰქონდათ კიდევ სხვა გარკვეული ქრონიკული დაავადებები, რამაც გამოიწვია გართულება. ამიტომ, ჩვენი თხოვნაა ყველას მიმართ, თუ აქვთ გრიპის სიმპტომები, დაუყონებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს, მითუმეტეს თუ რისკ-ჯგუფებში შედიან, რათა დროულად გადაწყდეს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა”.
რაც შეეხება შეკითხვას და საზოგადოების გარკვეული ნაწილის სკეპტიციზმს, რომ შესაძლოა, რეალური სურათის შესახებ ინფორმაციას არ ამჟღავნებენ სათანადო ორგანოები, პაატა იმნაძემ რაიმე ინფორმაციის დამალვა კატეგორიულად გამორიცხა. მისი განმარტებით, საქართველო არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ქსელში ჩართული, ყველა ქვეყანა ღიად აქვეყნებს და ერთმანეთს უცვლის ინფორმაციას ინტენსივობისა და გავრცელების შესახებ, შესაბამისად, დაინტერესებული პირებისთვის ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომია.
“ჩვენი პროგნოზი არ არის, რომ სიტუაცია მიაღწევს ეპიდემიურ ზღვარს – ეს არის 500 დაავადებული ყოველ 100 ათას ადამიანზე, დღესდღეობით ქვეყანაში გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი შემდეგია – 250 დაავადებული ყოველ 100 ათასზე მცხოვრებზე” – განაცხადა პაატა იმნაძემ.
