“ვიზიტორის“ სტუმარი მომღერალი მალიბუ ტუღუში იყო. საუბარი მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისა და სამომავლო გეგმების შესახებ წარიმართა.
– მალიბუ, როგორ დაიწყო ყველაფერი?
– 14 წლიდან ვმღერი ბათუმის ბარებში. გარდა იმისა, რომ საყვარელი საქმით ფულს შოულობ, ძალიან კარგი და მისაღები საქმიანობაა მომღერლისთვის. დღეს ბევრი ცნობილი მომღერალი წარსულში სწორედ ჩემსავით იწყებდა. სანამ „იქს ფაქტორში“ მივიღებდი მონაწილეობას, ბევრი დაბრკოლება გამოვიარე…
– რა დაბრკოლებები იყო?
– 16 წლის ბავშვი წამოვედი თბილისში. არაფერი არ გამაჩნდა გარდა ოცნებისა, რომლის ასახდენადაც მქონდა მიზანი. ყოველთვის, როდესაც რაღაც მინდა, მის მისაღებად ყველაფერს ვაკეთებ.
– მშობლებმა როგორ მიიღეს შენი ეს გადაწყვეტილება?
– მამა არ მყავს, მყავს მხოლოდ დედა, რომელიც რთულად, მაგრამ შეეგუა ჩემს ამ გადაწყვეტილებას. მე მას კარგად ავუხსენი ყველაფერი და ვუთხარი, რომ ჩემი იმედი უნდა ჰქონოდა. ძალიან დამეხმარა მისი ნდობა.
– როდესაც ჩამოხვედი თბილისში, რა დაგხვდა აქ?
– თბილისში 200 ლარით და 4 ჩემოდნით ჩამოვედი. სახლი არ მქონდა სადაც უნდა მეცხოვრა. აქ დეიდა მყავს, მაგრამ არ მინდოდა სხვასთან და მინდოდა ჩემით მომეწყო ყველაფერი. ბევრი ვეძებე, ამასობაში ერთი ღამე პარკშიც მეძინა. ამაში ცუდი არაფერია, წლების მერე კარგი გასახსენებელი იქნება. ზოგადად, ყველაფერი უნდა სცადო.
– მარტოს ღამე პარკში არ შეგეშინდა?
– არა, ძალიან გვიანი იყო და აღარ დავურეკე დეიდას ან მეგობრებს, ამიტომ გავათენე პარკში. ასე მინდოდა და გავაკეთე კიდეც. ამის მერე ვნახე ბინა და ვიქირავე. თბილისში იმიტომ წამოვედი, რომ ვყოფილიყავი მარტო.
– ბათუმში არ შეიძლებოდა ამ ყველაფრის გაკეთება?
– რა თქმა უნდა, იქ ყველაფრის საშუალება მქონდა, მაგრამ ბათუმი პატარა ქალაქია და იქ გაცილებით ნაკლებს მიხდიდნენ.
– მაინც?
– მაგალითად, ბათუმში 25 ლარს მიხდიდნენ, თბილისში – 40 ლარს. მაგრამ ეს 15 ლარი არ იყო ჩემი მიზანი, ჩამოვედი იმისთვის, რომ ცნობილი გავმხდარიყავი. მალე ვაპირებ იგივე პრინციპით საზღვარგარეთ წასვლას.
– როგორ გარისკე ასე?
– მე არ ვთვლი, რომ ეს რისკია. რისკი არის, მეასე სართულზე თუ ავალ და იქიდან გადმოვიხედები, მაგრამ ის, რომ ბათუმიდან თბილისში თვის დასამკვიდრებლად ჩამოვედი, რისკი კი არა საქმეა, რომელიც ჩემი აზრით ყველა ადამიანმა უნდა გააკეთოს.
– რატომ გადაწყვიტე „იქს ფაქტორში“ მონაწილეობა?
– ჩემმა მეგობარმა, ნინი ნებიერიძემ მირჩია. მან გაუგზავნა „რუსთავი 2“-ის პროდიუსერს ჩემი ვიდეო, მათაც მოეწონათ, დამირეკეს და რა თქმა უნდა მივედი.
– გქონდა იმედი, რომ აგირჩევდნენ?
– კი, საერთოდ, როდესაც ადამიანს რაღაც ძალიან უნდა, მჯერა, რომ გამოვა.
– იმიჯი გაქვს რადიკალურად შეცვლილი, ვინ იქონია გავლენა?
– რა თქმა უნდა, არავინ. დროსთან ერთად იმიჯიც იცვვლება, ვიზრდებით და მაგისი ბრალია. რაც შეეხება ცვლილებას, მხოლოდ ჩემი დამსახურებაა.
– პროექტში რამდენჯერმე იყავი აუტსაიდერი…
– რამდენჯერმე არა, ერთხელ და მაშინ გამოვეთიშე.
– ჟიურის წევრები გაკრიტიკებდნენ…
– წევრები არა, წევრი. კრიტიკაც არ იყო და მე არ მიმიღია ცუდად, რადგან გემოვნების საკითხია და არ შეიძლება ყველას მოსწონდე. თუ ყველას მოვეწონები, ვიფიქრებ, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ.
– მუსიკის მხრივ იპოვე ის რაც გინდოდა თუ ჯერ კიდევ ძიების პროცესში ხარ?
– მე ვმღერი იმას, რაც მომწონდა და მინდა. რა თქმა უნდა, ვვითარდები დროსთან ერთად და ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. ვმუშაობ ალბომზე. ორი სიმღერა და კლიპი უკვე გამოვუშვი, ახლა ვმუშაობ მესამეზე. როდესაც დისკი გამოვა, დროებით საზღვარგარეთ წავალ და მერე აუცილებლად დავუბრუნდები საქართველოს.
– სად შეიძლება მალიბუს მოსმენა?
– ამჟამად მხოლოდ Youtube-ზე.
– პოპულარული გახდი. რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?
– პირველ რიგში ის, რომ ხალხი მისმენს და აინტერესებთ რას ვქმნი. არის დადებითი და უარყოფითი განწყობა, რაც ბუნებრივია. რაც შემეხება პირადად მე, ბევრად უფრო ბედნიერი ვარ, რადგან ვიცი, რომ რაღარცას რომ ვქმნი, დამიფასდება და ტყუილად არ ვშრომობ.
– დედა რას გეუბნება?
– დედა ძალიან გვერდში მიდგას და ძალიან ვუყვარვარ. ასეთი დედა რომ არა, მე ასეთი არ ვიქნებოდი. მისი აზრი არის უმთავრესი, რაც ცხოვრებაში გამაჩნია. მართალია ბათუმში ცხოვრობს, მაგრამ ხშირად ვართ ერთად. მოვა დრო და სულ ერთად ვიქნებით.
– მომავალში რას აპირებ?
– ვაპირებ, რომ ვიყო ბედნიერი და ვაკეთო ის, რაც მიყვარს, შევქმნა კარგი მუსიკა და გვერდში მყავდეს საყვარელი ადამიანი.
– ბევრჯერ მოხვედრილხარ სკანდალში?
– კი.
– „ნანუკას შოუს“ გავიხსენებ…
– მინდოდა და ვთქვი ის, რაც ვთქვი. სხვა კომენტარს არ გავაკეთებ.
– ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს…
– სახლი მეგობრებთან და დედასთან ერთად.
– ვინ არის ის ცნობილი ადამიანი, რომელსაც პირადად გაიცნობდი?
– სია, ბრიტნი სპირსი და ა.შ.
– დუეტის ჩაწერას თუ გეგმავ მომავალში?
– კი ვაპირებ, მაგრამ ვერ გაგიმხელთ ვინაობას. ვიტყვი მარტო იმას, რომ ცნობილი ბიჭია.
– წარმატებებს გისურვებ.
გადაცემის აუდიო ჩანაწერი