„ღმერთს მეტად უნდა ვთხოვოთ რო დაიცვას ჩვენი შვილები,“ – წერს სოციალურ ქსელში კასპის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელი, მამა ლევანი და საზოგადოებას მიმართავს.
მამაო კასპში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასაც ეხმაურება, რასაც მეთორმეტეკლასელი შაკო კავთიაშვილი ემსხვერპლა.
„მშობლებო, ვისთვისაც ჩემი კურთხევა ყურადსაღებია, შვილებს ლოცვა უკითხეთ დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. აქ აღარ დავწერ, ყველა ლოცვის წიგნში წერია მამის წასაკითხი ლოცვა და დედის წასაკითხი ლოცვა.
ღმერთს მეტად უნდა ვთხოვოთ რომ დაიცვას ჩვენი შვილები. დარიგება, კოდექსები, პოლიცია, ჯარიმები, მეორე ხარისხოვანია, სიკვდილი ყველა ნაბიჯზეა უკვე ჩასაფრებული და ვერ ძღება. ასევე ყველას გაძლევთ კურთხევას მოერიდეთ საგზაო წესების დარღვევას, ერთმანეთში კონფლიქტებს, ექსტრემალურ სიტუაციებს, ნარკოტიკებს, სასმელს. სულ რამდენ წელსღა ცოცხლობს კაცი იმასაც ნუ იმოკლებთ და ჩვენც ნუ გვიგლეჯავთ გულებს. ამ ორმოც წელში რა არ გადავიტანე, მაგრამ ანგელოზივით ბავშვისთვის პანაშვიდის გადახდა, წესის აგება, დაკრძალვა, ჩემთვის კატასტროფა იყო,“ – წერს მამა ლევანი.
