მამის როლი ბავშვის ცხოვრებაში – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა თეო გუბიანურმა ისაუბრა.
რამდენად მნიშვნელოვანია მამის ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში?
არსებობდა მოსაზრება, რომ ბავშვის განვითარების პროცესში, განსაკუთრებით ადრეული განვითარებისას, მამის ჩართულობა არც ისე საჭირო იყო. ბავშვი მზრუნველთან გაიზრდება, მამა „როცა საჭირო იქნება“ და ამის დრო დადგება, შემდეგ ჩაერთვება. თუმცა, თანამედროვე კვლევები საპირისპიროს აჩვენებს.
როგორც ჩანს, ბავშვის განვითარებაში მამის სრულყოფილი ჩართულობა და არა როგორც „დამატებითი მშობლის“ რადიკალურად ცვლის პატარას განვითარების ტრაექტორიას.

რა ვიცით კვლევებიდან?
მამის ქცევა და ბავშვის სოციალურ-ემოციური კომპეტენცია კავშირშია: კერძოდ, მამის პოზიტიური ჩართულობა – პირდაპირი ურთიერთობა როგორიცაა: თამაში, სწავლება და გამოცდილების გაზიარება – ქალიშვილის სოციალურ-ემოციურ კომპეტენციაზე უფრო მეტად ახდენს დადებით გავლენას, ვიდრე ვაჟის. მამის ემოციური მხარდაჭერა და სითბო კი ორივესთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საყრდენს ქმნის.
ჩვენ ვიცით, რომ დედის მენტალურ და ემოციურ მდგომარეობას პირდაპირი გავლენა აქვს ბავშვის კეთილდღეობაზე, თუმცა არ ვიცოდით, რომ თურმე მამის მენტალურ მდგომარეობასაც არანაკლები გავლენა აქვს.

შეგვიძლია ბავშვის ასაკის და საჭიროებების გათვალისწინებით მიმოვიხილოთ ეს თემა?
მაგალითად, ამერიკის პედიატრთა აკადემიის კვლევის მიხედვით, ჩვილობაში მამისა და ბავშვის ურთიერთობა (საუბარი, თამაში) 3 წლის ასაკისთვის ენობრივი განვითარების მაღალ დონეს პროგნოზირებს. მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგებიდან ვიგებთ, რომ 2-3 წლის ასაკის ბავშვის მამის მშობლობის სტრესი (დეპრესია, შფოთვა..) უარყოფითად მოქმედებს ბავშვის კოგნიტურ და ენობრივ განვითარებაზე. მოგვიანებით, 10-11 წლის ასაკისთვის, კი მამის მენტალურ ჯანმრთელობას ხანგრძლივი გავლენა აქვს ბავშვის სოციალურ უნარებზე ( თანამშრომლობითი უნარები, თვითკონტროლი).
მამის ხარისხიანი ჩართულობა ასევე გავლენას ახდენს ბავშვის ემოციურ რეგულაციაზე ადრეული განვითარების პერიოდში, 0-დან 5 წლამდე. რაც მეტად არის მამა ჩართული, განსაკუთრებით კი თუ ემოციურადაც მხარდამჭერია, მეტად არის დაკავშირებული ბავშვის უკეთეს ემოციური რეგულაციის შესაძლებლობასთან. ამასთან, დედებთან შედარებით, მამები განსხვავებულად არიან ჩართულები ბავშვთან ურთიერთობაში – უფრო მეტად არიან დაკავებულები ფიზიკური თამაშებით, ახალისებენ რისკს – რაც განსაკუთრებულად ახდენს გავლენას ბავშვის ემოციურ განვითარებასა და აღგზნების რეგულირებაზე.