რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპევტისა და ფსიქიატრის ერთობლივი მუშაობა – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა მაკა აბაზაშვილმა ისაუბრა.
რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპევტისა და ფსიქიატრის ერთობლივი მუშაობა?
ფსიქოთერაპიისა და ფსიქიატრიის პარალელური მუშაობის აუცილებლობა ბოლო წლებში სოციალურ სივრცეში და არამხოლოდ, განსაკუთრებით ფეისბუქ ჯგუფებში, ძალიან ხშირად ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. ბევრს აქვს პანიკური შეტევები, ხანგრძლივი შფოთვა, დეპრესიული ეპიზოდები. უმეტესობა საუბრობს მედიკამენტებზე – ვინ რას სვამს, რა დაეხმარა, რა არ დაეხმარა. თუმცა ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ნაკლებად არის საუბარი:
რამდენად უჭირს ადამიანებს სპეციალისტების გარჩევა?
ფსიქიატრია და ფსიქოთერაპია ერთმანეთის ალტერნატივა არ არის. ისინი ერთმანეთის შემავსებელია. ფსიქიატრი არის ექიმი. მას შეუძლია დიაგნოზის დასმა და მედიკამენტის დანიშვნა. მედიკამენტი მოქმედებს ნერვულ სისტემაზე – ამცირებს ზედმეტ აგზნებას, არეგულირებს ნეიროქიმიურ პროცესებს, ამსუბუქებს მწვავე სიმპტომებს. პანიკური შეტევის სიხშირე შეიძლება შემცირდეს, ძილი გაუმჯობესდეს, შფოთვის ინტენსივობა დასტაბილურდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ხშირად აუცილებელი დახმარებაა. მაგრამ მედიკამენტი ძირითადად მუშაობს სიმპტომზე.
ფსიქოთერაპია კი მუშაობს იმაზე, თუ რატომ გაჩნდა ეს სიმპტომი ანუ გამომწვევ მიზეზზე.
ასევე მნიშვნელოვანია ერთ გავრცელებულ საკითხზე მოკლედ გავამახვილოთ ყურადღება. შფოთვისა და პანიკური შეტევების დროს ადამიანები ხშირად მიმართავენ ნევროლოგს. თუმცა პროფესიული თვალსაზრისით ნევროლოგია მუშაობს ნერვული სისტემის ორგანულ, სტრუქტურულ დაზიანებებსა და ფიზიოლოგიურ პათოლოგიებზე – მაგალითად, ინსულტზე, ეპილეფსიაზე, ტვინის ტრავმებზე. შფოთვითი და დეპრესიული აშლილობების უმრავლესობა კი მიეკუთვნება ფსიქიატრიის კომპეტენციას და ფსიქოლოგიურ რეგულაციასთან არის დაკავშირებული. საჭიროების შემთხვევაში ორგანული მიზეზი შეიძლება გამოირიცხოს, მაგრამ სწორი სპეციალისტის არჩევა მკურნალობის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია.
თუ ადამიანს აქვს ქრონიკული შფოთვა, ხშირად ამის უკან დგას კონკრეტული ფსიქოლოგიური მექანიზმები:
შეიძლება მუდმივი შინაგანი კონტროლის საჭიროება, დაუმუშავებელი ტრავმული გამოცდილება, ბავშვობის პერიოდში ჩამოყალიბებული უსაფრთხოების დეფიციტი, ემოციების შეკავება, დაბალი თვითშეფასება.
ამ შემთხვევაში მედიკამენტი ამცირებს სიმპტომის სიმწვავეს, მაგრამ არ ცვლის იმ შიდა სისტემას, რომელიც ამ შფოთვას წარმოშობს.
მარტივი მეტაფორა რომ გამოვიყენოთ: თუ ადამიანს ფეხი აქვს მოტეხილი, ტკივილგამაყუჩებელი აუცილებელია – ის ამცირებს ტკივილს და ადამიანს უმსუბუქებს მდგომარეობას. მაგრამ მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი ვერ შეახორცებს ძვალს. საჭიროა მკურნალობა, ფიქსაცია, რეაბილიტაცია.

რამდენად სწორად იყენებენ ადამიანები მედიკამენტებს?
მედიკამენტი ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ხშირად ტკივილგამაყუჩებლის როლს ასრულებს – ამცირებს სიმპტომს.
ფსიქოთერაპია კი მუშაობს იმაზე, რომ „შეხორცდეს“ ის შიდა მიზეზი, რომელმაც სიმპტომი წარმოშვა.
საქართველოში ხშირად გვხვდება ორი უკიდურესობა:
ან ადამიანი მხოლოდ მედიკამენტს ენდობა და ფიქრობს, რომ ეს სრულად გადაწყვეტს პრობლემას, ან პირიქით – უარყოფს მედიკამენტს და ფიქრობს, რომ მხოლოდ საუბარი საკმარისია. რეალობა უფრო კომპლექსურია.
არსებობს მდგომარეობები, როდესაც პარალელური მუშაობა საუკეთესო შედეგს იძლევა – მაგალითად, მძიმე ან განმეორებადი დეპრესიის დროს, პანიკური აშლილობისას ან ძლიერი, ხანგრძლივი შფოთვის შემთხვევაში.
ხშირად ადამიანი იმდენად გადაღლილია შფოთვით და თანმდევი სიმპტომატიკით, რომ თერაპიულ პროცესში კონცენტრირებაც კი უჭირს. ასეთ დროს მედიკამენტი ქმნის სტაბილურობას – ამცირებს სიმპტომს იმდენად, რომ ადამიანს უკვე შეუძლია ფსიქოთერაპიულ პროცესში მუშაობა, ამ პროცესს საკმაოდ დიდი ფსიქიკური რესურსი სჭირდება და მედიკამენტის ჩართულობით შესაძლებელი ხდება ამ რესურსების მობილიზება.
ან პირიქით — ადამიანი წლები სვამს მედიკამენტს, მაგრამ ყოველი სტრესული პერიოდის დროს სიმპტომები კვლავ აქტიურდება. ეს ხშირად ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური საფუძველი უცვლელია. პარალელური მუშაობა ნიშნავს, რომ სხეული და ფსიქიკა ერთობლივად იღებენ დახმარებას. მედიკამენტის დანიშვნა არ ნიშნავს, რომ ადამიანი სუსტია.

ფსიქოთერაპიაზე სიარული არ ნიშნავს, რომ ადამიანი „გიჟია“.
ფსიქიკური ჯანმრთელობა ისეთივე ჯანმრთელობაა, როგორც ფიზიკური, და ხშირად ბევრად საყურადღებოც კი, რადგან ფსიქოლოგიური მდგომარეობები თუ არ მოხდა დროული ჩარევა, ფიზიკურ გამოვლინებებში ხშირად გადადის, ასე ვიღებთ ფსიქო-სომატურ მდგომარეობებს. სიმპტომის გაქრობა და პრობლემის გადაჭრა ყოველთვის ერთი და იგივე არ არის.
მედიკამენტი ხშირად აუცილებელია სტაბილიზაციისთვის. ფსიქოთერაპია კი გრძელვადიან ცვლილებაზე მუშაობს – აზროვნების, ემოციური რეაგირების, ურთიერთობების და საკუთარი თავის აღქმის დონეზე.
მკურნალობა არ არის მხოლოდ ქიმია და არც მხოლოდ საუბარი. ეს არის ინტეგრირებული, გააზრებული პროცესი, სადაც ადამიანი ეტაპობრივად სწავლობს საკუთარ თავს, ამცირებს სიმპტომებს და აყალიბებს უფრო მდგრად შიდა სისტემას.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ ცნობიერება არის პირველი ნაბიჯი ცვლილებისკენ.
და როცა ვსაუბრობთ ღიად, პროფესიულად და სტიგმის გარეშე – უკვე ვქმნით სივრცეს, სადაც ადამიანებს აღარ ეშინიათ დახმარების მიღების.