მოზარდისთვის მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური განცალკევება მშობლებისგან და საკუთარი იდენტობის ფორმირება – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ლელი ყიფიანმა ისაუბრა.
რამდენად მნიშვნელოვანი ეტაპია მოზარდობა ადამიანის ცხოვრებაში?
მოზარდობა წარმოადგენს განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს. ამ ეტაპზე ადამიანი იწყებს საკუთარი იდენტობის ფორმირებას, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას და პასუხისმგებლობის აღებას. სწორედ ამიტომ, მოზარდების მომზადება ზრდასრული ცხოვრებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა როგორც ოჯახისთვის, ასევე საგანმანათლებლო გარემოსთვის. თანამედროვე სამყაროში ახალგაზრდებს უწევთ სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაცია, რაც მოითხოვს არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას, არამედ ცხოვრებისეული უნარების ქონასაც, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღება, ემოციების მართვა, პასუხისმგებლობა და სოციალური ურთიერთობები.
მოზარდობის პერიოდში იწყება მნიშვნელოვანი ბიოლოგიური, კოგნიტური და ემოციური ცვლილებები. ხდება საკუთარი შესაძლებლობების შეფასება, დამოუკიდებლობის მოთხოვნა და საკუთარი ღირებულებების ჩამოყალიბება. ამ პროცესში ხშირად ჩნდება კონფლიქტი მშობლებთან, ავტორიტეტების გადაფასება და თანატოლების გავლენის გაძლიერება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებს ჰქონდეთ მხარდაჭერა და სწორი მიმართულება, რათა შეძლონ დამოუკიდებლობის განვითარება ჯანსაღი გზით. მოზარდების მომზადებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოჯახი და სკოლა. მშობლები ქმნიან პირველ სოციალურ გარემოს, სადაც ბავშვი სწავლობს პასუხისმგებლობას, ურთიერთობებსა და ღირებულებებს, ხოლო სკოლა კი აძლევს შესაძლებლობას განივითარონ სოციალური უნარები, გუნდური მუშაობა და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა.
როგორ მოვამზადოთ მოზარდი ზრდასრული ცხოვრებისთვის?
მოზარდების მომზადება ზრდასრული ცხოვრებისათვის არის კომპლექსური პროცესი. მოზარდი თანდათან ტოვებს ბავშვობის სამყაროს დაიწყებს ზრდასრულ ცხოვრებასთან მიახლოებას. ამ პროცესში ის დგას მრავალ ფსიქოლოგიურ, სოციალურ და ემოციურ გამოწვევასთან, თანამედროვე გარემო ახალგაზრდების წინაშე ბევრად უფრო რთულ მოთხოვნებს აყენებს, ვიდრე წარსულში. სწრაფად ცვალებადი სოციალური გარემო, ინფორმაციის დიდი ნაკადი, ტექნოლოგიების გავლენა და თანატოლების ძლიერი სოციალური ზეწოლა ხშირად ართულებს მოზარდისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.
ამ ასაკში ასევე განსაკუთრებულად ძლიერდება თანატოლების გავლენა. მეგობრების აზრი ხშირად უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე უფროსების რჩევა. სწორედ ამიტომ მოზარდისთვის აუცილებელია ისეთი უნარების განვითარება, რომლებიც დაეხმარება მას დამოუკიდებლად გააანალიზოს სიტუაციები და მიიღოს გააზრებული გადაწყვეტილებები.
თუ ახალგაზრდას აქვს განვითარებული კრიტიკული აზროვნება და თვითკონტროლი, მას უფრო მარტივად შეუძლია გაუმკლავდეს სოციალურ ზეწოლას და აირჩიოს მისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი გზა. ზრდასრული ცხოვრებისათვის მომზადება გულისხმობს იმასაც, რომ მოზარდმა თანდათან ისწავლოს პასუხისმგებლობის აღება საკუთარი არჩევანისა და ქმედებების მიმართ. ეს შეიძლება გამოხატული იყოს როგორც ყოველდღიურ ვალდებულებებში, ასევე უფრო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში.
რა როლი ეკისრება ოჯახს?
როდესაც მოზარდი სწავლობს პასუხისმგებლობის გაზიარებას ოჯახში, სწავლაში ან სოციალურ ურთიერთობებში, მას უფრო მარტივად უყალიბდება დამოუკიდებლობისა და თვითეფექტურობის განცდა. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ემოციური განვითარება. მოზარდები ხშირად განიცდიან ძლიერ და ინტენსიურ ემოციებს, რომელთა მართვაც ყოველთვის მარტივი არ არის.
თუ ახალგაზრდას არ აქვს საკმარისი ემოციური რეგულაციის უნარი, ის შეიძლება ადვილად გახდეს სტრესის, კონფლიქტის ან იმპულსური გადაწყვეტილებების მსხვერპლი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებმა ისწავლონ საკუთარი ემოციების ამოცნობა, გამოხატვა და მართვა ჯანსაღი გზით.
მოზარდების მომზადებაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ოჯახს. ოჯახი არის ის გარემო, სადაც ბავშვი პირველად სწავლობს ურთიერთობებს, პასუხისმგებლობასა და ღირებულებებს. მშობლების მხარდაჭერა, გახსნილი კომუნიკაცია და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა მოზარდს აძლევს უსაფრთხოების განცდას და ხელს უწყობს მისი პიროვნული განვითარების პროცესს. როდესაც მშობლები მოზარდს აძლევენ დამოუკიდებლობის სივრცეს, მაგრამ ამავდროულად ინარჩუნებენ ემოციურ მხარდაჭერას, ახალგაზრდას უფრო მარტივად შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა და განვითარება. ოჯახური გარემო არის ის სივრცე, სადაც ბავშვი პირველად სწავლობს როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები, როგორ აიღოს პასუხისმგებლობა და როგორ აღიქვას საკუთარი თავი. სწორედ ამიტომ, მშობლების დამოკიდებულება და აღზრდის სტილი ხშირად განსაზღვრავს იმას, რამდენად დამოუკიდებელი და თვითდაჯერებული ადამიანი ჩამოყალიბდება მომავალში.
სკოლაც მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ამ პროცესში. სკოლა არ არის მხოლოდ ცოდნის გადაცემის ადგილი. ეს არის სოციალური გარემო, სადაც მოზარდები სწავლობენ თანამშრომლობას, გუნდურ მუშაობას, განსხვავებული აზრის მიღებას და კონფლიქტების კონსტრუქციულად გადაჭრას. სწორედ ამ გამოცდილებების მეშვეობით ხდება სოციალური უნარების ჩამოყალიბება, რაც მომავალში აუცილებელია როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში.
კვლევები მიუთითებს, რომ აღზრდის ისეთი სტილი, რომელიც აერთიანებს სითბოს, მხარდაჭერას და თანმიმდევრულ წესებს, ხელს უწყობს მოზარდის დამოუკიდებლობის განვითარებას. როდესაც მშობლები ერთდროულად არიან ემოციურად ხელმისაწვდომები და ამავე დროს აძლევენ ბავშვს შესაძლებლობას მიიღოს ასაკის შესაბამისი გადაწყვეტილებები, მოზარდი სწავლობს საკუთარი ქმედებების შედეგების გააზრებას და პასუხისმგებლობის აღებას. ასეთ გარემოში გაზრდილ ახალგაზრდებს უფრო ხშირად აქვთ თვითდაჯერებულობა, უკეთესი სოციალური უნარები და უფრო მაღალი ფსიქოლოგიური მდგრადობა.
საპირისპიროდ, აღზრდის უკიდურესი ფორმები ხშირად ხელს უშლის მოზარდის დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბებას. ზედმეტად მკაცრი და ავტორიტარული გარემო, სადაც გადაწყვეტილებებს ყოველთვის უფროსები იღებენ და ბავშვის აზრს ნაკლებად ითვალისწინებენ, ხშირად იწვევს შიშზე დაფუძნებულ მორჩილებას. ასეთ პირობებში მოზარდს შეიძლება გაუჭირდეს საკუთარი აზრის გამოხატვა და დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთება.
მეორე უკიდურესობაა ზედმეტად კონტროლისგან თავისუფალი გარემო, სადაც არ არსებობს მკაფიო საზღვრები და პასუხისმგებლობა. ასეთ შემთხვევაში ახალგაზრდას შეიძლება გაუჭირდეს თვითდისციპლინის განვითარება და რეალური ცხოვრების მოთხოვნებთან ადაპტაცია.
როდესაც მოზარდებს ვაძლევთ შესაძლებლობას განივითარონ ცხოვრებისეული უნარები, ვეხმარებით არა მხოლოდ მათ პიროვნულ ზრდაში, არამედ ვქმნით უფრო პასუხისმგებლობიან, თვითშეგნებულ და ფსიქოლოგიურად მდგრად თაობას, რომელიც უკეთ იქნება მზად თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებისთვის.

რამდენად მნიშვნელოვანია ბალანსი?
მოზარდის განვითარებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ბალანსი თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას შორის. როდესაც ბავშვს ეძლევა ასაკის შესაბამისი პასუხისმგებლობები – მაგალითად საკუთარი ნივთების მოწესრიგება, სწავლასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა ან ოჯახში მცირე დავალებების შესრულება – ეს ხელს უწყობს მისი დამოუკიდებლობის განვითარებას. თუმცა პრობლემა ჩნდება მაშინ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ შემთხვევებს, როდესაც ბავშვზე ძალიან ადრეულ ასაკში გადადის ისეთი პასუხისმგებლობა, რომელიც რეალურად ზრდასრულის როლს ეკუთვნის. ასეთ სიტუაციებში ხშირად იქმნება ილუზია, რომ ბავშვი განსაკუთრებულად მოწიფულია და ასაკზე მეტად პასუხისმგებლობიანი. გარედან შეიძლება ჩანდეს, რომ ის კარგად უმკლავდება ოჯახურ ვალდებულებებს, ზრუნავს სხვებზე, ცდილობს იყოს ძლიერი და პრობლემების გადამჭრელი. თუმცა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს ყოველთვის არ ნიშნავს რეალურ ემოციურ მომწიფებას. ასეთ სიტუაციაში ბავშვი იძულებულია გადადგას ნაბიჯები, რომლებიც მისი ასაკისთვის ბუნებრივი არ არის.ფსიქოლოგიაში ეს მოვლენა ხშირად მოიხსენიება, როგორც ბავშვის „ნაადრევი ზრდასრულობა“, ან როლების შებრუნება ოჯახში.
ფსიქოლოგიური პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ზოგ შემთხვევაში ასეთი„გამოტოვებული ბავშვობა“ მოგვიანებით იწყებს თავის ანაზღაურებას. მაგალითად, ზრდასრულს ასაკში გამოვლინდეს ისეთი ქცევები, რომლებიც უფრო ადრეულ განვითარების ეტაპს ჰგავს. ადამიანი შეიძლება გახდეს უფრო იმპულსური, სპონტანური ან ბავშვური გადაწყვეტილებების მიღებისას. ზოგჯერ ჩნდება ძლიერი სურვილი „იცხოვროს ის ცხოვრება“, რომელიც ბავშვობაში ვერ იცხოვრა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობის სწავლება ბავშვობაში იყოს ეტაპობრივი და ასაკის შესაბამისი. ბავშვმა უნდა ისწავლოს პასუხისმგებლობა, მაგრამ, ამავე დროს უნდა ჰქონდეს უფლება დარჩეს ბავშვად, ითამაშოს, დაუშვას შეცდომები და აღმოაჩინოს საკუთარი ინტერესები. სწორედ ასეთი ბალანსი ქმნის პირობებს იმისათვის, რომ მოზარდი ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ გარეგნულად პასუხისმგებლობიან, არამედ შინაგანად მომწიფებულ და ფსიქოლოგიურად სტაბილურ პიროვნებად.
ზოგიერთ ოჯახში მშობლები ცდილობენ სრულად აკონტროლონ ბავშვის ყოველდღიური არჩევანი: რას გააკეთებს, ვისთან იმეგობრებს, როგორ მოიქცევა სხვადასხვა სიტუაციაში და როგორ მიიღებს გადაწყვეტილებებს. ერთი შეხედვით ეს შეიძლება აღქმული იყოს, როგორც მზრუნველობა და დაცვა, თუმცა როდესაც ასეთი ჩარევა მუდმივ ხასიათს იღებს, ის შეიძლება ბავშვის დამოუკიდებლობის განვითარების სერიოზულ ბარიერად იქცეს.
რა არის მოზარდობის მთავარი ამოცანა?
მოზარდობის პერიოდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ფსიქოლოგიური განცალკევება მშობლებისგან, საკუთარი იდენტობის ფორმირება. ეს არ ნიშნავს ემოციური კავშირის დაკარგვას, არამედ გულისხმობს იმას, რომ ახალგაზრდამ თანდათან ისწავლოს საკუთარი აზრის ჩამოყალიბება, გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი არჩევანის შედეგებთან გამკლავება.
როდესაც მშობლები მუდმივად ცდილობენ ბავშვის ნაცვლად გადაწყვიტონ ყველაფერი, მოზარდს ნაკლები შესაძლებლობა ეძლევა განავითაროს ეს უნარები. ასეთ გარემოში გაზრდილ ახალგაზრდებს ხშირად უჭირთ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება. ისინი შეიძლება დიდხანს დარჩნენ მშობლებზე ემოციურად ან პრაქტიკულად დამოკიდებულები. ზოგ შემთხვევაში ახალგაზრდას უჭირს პასუხისმგებლობის აღება, გადაწყვეტილებების მიღება ან საკუთარი ცხოვრების ორგანიზება, რადგან წლების განმავლობაში მის ნაცვლად ამას სხვები აკეთებდნენ. სწორედ ამიტომ ხშირად ამბობენ, რომ მსგავსი ბავშვები „ვერ გამოდიან დედის ან მამის კალთიდან“, რადგან დამოუკიდებლობისთვის საჭირო გამოცდილება ეტაპობრივად ვერ ჩამოუყალიბდათ. გარდა ამისა, ზედმეტი კონტროლი შეიძლება გავლენას ახდენდეს თვითშეფასებაზეც. შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ ის თავად ვერ შეძლებს სწორ არჩევანს. შედეგად, ზრდასრულ ასაკშიც შეიძლება გაუჭირდეს საკუთარი შესაძლებლობების მიმართ ნდობის განვითარება.
მოზარდობისა და ახალგაზრდობის პერიოდში ერთ-ერთი მთავარი განვითარების ამოცანაა თანატოლებთან ურთიერთობის ჩამოყალიბება და საკუთარი სოციალური გამოცდილების დაგროვება. სწორედ ამ ურთიერთობებში სწავლობს ადამიანი საზღვრების დაცვას, საკუთარი აზრის გამოხატვას, კონფლიქტების მართვას და ჯანსაღი ურთიერთობების შექმნას. როდესაც მშობელი ფიზიკურად მუდმივად ახლავს შვილს, ახალგაზრდას ეზღუდება შესაძლებლობა ბუნებრივად განივითაროს ეს უნარები. ასეთ სიტუაციაში მოზარდს შეიძლება გაუჩნდეს ორი განსხვავებული რეაქცია. ერთ შემთხვევაში ის შეიძლება გახდეს ზედმეტად დამოკიდებული მშობლის კონტროლზე და გაუჭირდეს დამოუკიდებლად მოქმედება. ასეთ ახალგაზრდებს ხშირად უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება, სოციალური სიტუაციების მართვა ან საკუთარი საზღვრების დაცვა. მეორე შემთხვევაში კი შეიძლება განვითარდეს ძლიერი პროტესტი და მოზარდმა დაიწყოს დამოუკიდებლობის მოპოვება კონფლიქტის გზით, რაც ხშირად იწვევს ოჯახურ დაძაბულობას და ურთიერთობის გაუარესებას. ასეთ გარემოში გაზრდილ ახალგაზრდებს შეიძლება გაუჭირდეთ ჯანსაღი ინტიმური და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება. თუ ადამიანს არ ჰქონდა შესაძლებლობა თანატოლებთან თავისუფლად ურთიერთობისა და საკუთარი გამოცდილების დაგროვების, მომავალში შეიძლება გაუჭირდეს ნდობის, ემოციური სიახლოვისა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების შექმნა.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოზარდობის ასაკში მშობლებმა თანდათან გაზარდონ ბავშვის თავისუფლება და ნდობა მის მიმართ. ეს არ ნიშნავს კონტროლის სრულად მოხსნას, არამედ გულისხმობს უსაფრთხო საზღვრების არსებობას და ამავე დროს სივრცეს, სადაც ახალგაზრდას შეუძლია საკუთარი გამოცდილების მიღება. სწორედ ასეთ პირობებში ყალიბდება ადამიანი, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად იმოქმედოს, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებებზე და ჩამოაყალიბოს ჯანსაღი ურთიერთობები სხვებთან.
ზრდასრული ცხოვრებისათვის მზადყოფნა საბოლოოდ ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდამ შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება საკუთარი ცხოვრების მიმართულებაზე.