LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვლინდება სოციალური შფოთვა – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

308
ლიკა-კაპანაძე

როგორ ვლინდება სოციალური შფოთვა – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა ლიკა კაპანაძემ ისაუბრა.

რა განაპირობებს სოციალურ შფოთვას?

სამი რამ რაც განაპირობებს სოციალურ შფოთვას ადამიანში – დაბალი თვითშეფასება, სირცხვილის გაძლიერებული შეგრძნება და პერფექციონიზმი. 

სოციალური შფოთვა დღესდღეობით საკმაოდ გავრცელებულია და განსაკუთრებით ახალგაზრდებში გვხვდება. ამ დროს ადამიანები განიცდიან ძლიერ შფოთვას ნებისმიერ სოციალურ ინტერაქციასთან დაკავშირებით. ისინი აღიარებენ, რომ ეს შიში გადაჭარბებულია, მაგრამ არ შეუძლიათ შფოთვითი მდგომარეობის დაძლევა სხვა ადამიანების გარემოცვაში ყოფნისას. 

ყოველდღიური, ჩვეული მოვლენები, როგორიც არის მაღაზიაში რაიმეს შეძენა, ტელეფონზე საუბარი და ასე შემდეგ დიდი სტრესის გამომწვევია მათში. ისინი მუდმივად განიცდიან, რომ სხვა ადამიანები აკვირდებიან მათ და განსჯიან. შესაბამისად, გაურბიან სოციალურ თავყრილობებს და თავს კომფორტულად გრძნობენ მხოლოდ თავისი ოჯახის გარემოცვაში. სოციალური შფოთვის დიაგნოსტირება დიდ ყურადღებას მოითხოვს სპეციალისტისგან, ამიტომ თვითდიაგნოსტირება არ არის სასურველი. სოციალური შფოთვითი აშლილობა ჩვეულებრივ ბავშვობაში ან მოზარდობის პერიოდში იწყება. თუმცა არის შემთხვევები, როცა შედარებით გვიანაც ვითარდება.

სოციალური შფოთვისთვის დამახასიათებელია ორი ფაქტორი:

  1. სოციალური სიტუაციაში ყოფნით გამოწვეული შფოთვა
  2. სიტუაციაში მოხვედრის წინ და გამოსვლის შემდგომ განცდილი შფოთვა

მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს სულ რამდენიმე სოციალური სიტუაციის შიში აქვს, მაგრამ გაცილებით მრავალფეროვანი შფოთვა აქვს შედეგის მიმართ, რაც ასე შეიძლება ჟღერდეს: „მე ვიყავი მომაბეზრებელი“; „მე გამოვიყურებოდი არაკომპეტენტურად“, „ყველას სულელი ვეგონე“ და ა.შ.

რა სახის სოციალური შფოთვები არსებობს?

არსებობს ორი სახის სოციალურ შფოთვით აშლილობა – გენერალიზირებული და არაგენერალიზირებული სოციალური შფოთვითი აშლილობა. გენერალიზირებული სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ეშინიათ ყველანაირ სოციალურ სიტუაციაში მოხვედრის, ხოლო არაგენერალიზირებული სოციალური ფობიის დროს პაციენტი განიცდის შფოთვას, მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში.

კვლევების მიხედვით, სოციალური შფოთვის გამომწვევი მიზეზი ნაწილობრივ შეიძლება გენეტიკური ფაქტორიც იყოს, თუმცა უმეტესწილად მაპროვოცირებლად ითვლება, ცხოვრების ადრეულ სტადიაზე მომხდარი სტრესული მოვლენები, როგორიც არის ბულინგი, ძალადობა ოჯახში და ა.შ. ასევე ზოგიერთი კვლევის მიხედვით სოციალური შფოთვის გამომწვევი მიზეზად ჰიპერმზრუნველი და სოციალური შიშის მქონე მშობლები გამოვლინდა.

სოციალური შფოთვისას ადამიანის დაბალ თვითშეფასებას 3 სახის შეხედულება განაპირობებს:  

1) შფოთვის შინაგანი შეგრძნება შესამჩნევია გარეგნობაზე. მაგალითად სახის სიწითლე, ოფლიანობა, ასევე ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მცირედ გამოხატული ტრემორი (ხელების კანკალი), რომელსაც მხოლოდ თვითონ ამჩნევს, მაგრამ ფიქრობდეს, რომ ეს ყველასთვის თვალში მოსახვედრია.

 2) სოციალური შფოთვის მქონე ადამიანები სპონტანურად ხედავენ თავის თავს სხვა ადამიანის თვალით, რითაც საკუთარი შიშის ვიზუალიზაციას ახდენენ. თუმცა, მათი წარმოდგენაში ბევრია ფანტაზია და მკვეთრად განსხვავდება სინამდვილისგან.

 3) მათ სჯერათ, რომ ისინი სხვებისთვის არასაინტერესოები არიან. კიდევ უფრო რთული შეგრძნებაა, როცა მაგალითად დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანს სურს გვერდით მჯდომთან საუბრის დაწყება, მაგრამ ვერ ბედავს, რადგან ეშინია, რომ სულელად ჩათვლიან. 

სოციალურ შფოთვას თან ახლავს აღგზნების სხეულის სომატური და კოგნიტური გამოხატვის ნიშნები, რაზეც ადამიანები განსაკუთრებით ღელავენ. ეს შეიძლება იყოს არის ტრემორი, ოფლიანობა და სახის სიწითლე და სხვა. ისინი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან თავის ნიშნებს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს გამოხატულ სიმპტომებს.
სოციალურ შფოთვისას წინასწარ, დეტალურად განიხილავენ ყველა შესაძლო საფრთხეს. ისინი წინასწარ წარმოიდგენენ, თუ როგორ დაუშვეს რაიმე შეცდომა ქცევისას და მიიღეს უარყოფითი შეფასება ან დაცინვა სხვებისგან. რის შედეგადაც შფოთვა და შიში იპყრობთ. ამის შემდეგ ისინი დაპატიჟებაზე უარს ამბობენ და აღარსად არ მიდიან. ან თუ წავლენ, იქ მუდმივად აკვირდებიან თავის ქცევებს და ცდილობენ რომ ყველასათვის შეუმჩნევლები იყვნენ. სოციალური სიტუაციის დატოვება, სულაც არ იწვევს მათში შფოთვის შემცირებას, რადგან წამოსულები იწყებენ საკუთარი საუბრისა და საქციელის დეტალურ გაანალიზებას. მეხსიერებაში დამახსოვრებული აქვს ყველა წვრილმანი. დაბალი თვითშეფასებისა და დამახინჯებული წარმოდგენების გამო თავის თავს ბევრ უარყოფით შეფასებას მიაწერენ, აძლიერებენ შეხედულებას, რომ მათ საზოგადოებაში ქცევის უნარები არ აქვთ განვითარებული.

სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს მკვეთრად გაუარესებული აქვთ ცხოვრების ხარისხი. მათ უჭირთ ნორმალურად ფუნქციონირება და სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროებში ჩართვა. ცხადია, რომ მათი ინტერაქციული სიტუაციებისადმი გაძლიერებული შიშის გამო, უჭირთ მიმართონ თერაპიას ან გაუზიარონ თავის შფოთვის მიზეზი სხვებს.

სოციალური შფოთვის ყველაზე მყარი საფუძველი დაბალი თვითშეფასებაა, შესაბამისად ფსიქოთერაპიისას სხვადასხვა ხერხებით ხდება დამახინჯებული თვითშეფასების ეტაპობრივად შეცვლა, რაც მდგომარეობის გაუმჯობესებას იწვევს. 

საჭიროა მეტად ფრთხილი მიდგომა, რადგან შესაძლებელია გარკვეულ სიტუაციაში შფოთვა კიდევ უფრო გაძლიერდეს. სოციოფობიის მკურნალობა ხდება მედიკამენტების და თერაპიის კომბინირებული მეთოდით, რაც კვლევების მიხედვით დადებით შედეგებს იძლევა. ასევე ინტერნეტსივრცეში მოიპოვება სხვადასხვა სახელმძღვანელოები, რაც სასარგებლოა თვითმკურნალობისთვის. აუცილებელია, მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს ამ საკითხზე რათა მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ პრობლემის შესახებ, დაიჯეროს რომ გამოსავალი არსებობს და მიმართოს სპეციალისტს დახმარებისათვის. 

და ბოლოს 7 რჩევა:

  1. თქვენი შიში არ ნიშნავს სისუსტეს
  2. თავის არიდება მხოლოდ წამიერი დაცვაა და არ აუმჯობესებს თქვენ ცხოვრებას;
  3. დიდი ცვლილებები იწყება პატარა ნაბიჯებით
  4. თქვენი შიდა ხმა ყოველთვის სიმართლეს არ ამბობს
  5. სხეულის დამშვიდება – გონების დამშვიდებაა
  6. თქვენ არ ხართ მარტო ამ გამოცდილებაში
  7. დახმარების თხოვნა სიძლიერის ნიშანია.
magti 5g