აბდომინური ქირურგი, ბესო მეტონიძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასახელებს სიმპტომებს, რომელიც ნაწლავის კიბოზე მიუთითებს.
„პირველ რიგში, ყველაზე ხშირი სიმპტომი ეს სწორი ნაწლავიდან სისხლიანი გამონადენი. ასევე მნიშვნელოვანია ყაბზობისა და ფაღარათის გახანგრძლივებული მონაცვლეობა, ასევე მუცლის შებერილობა, ტკივილი და წონის კლება. ამ ნიშნების არსებობა ონკოლოგიას აპრიორი არ ნიშნავს, თუმცა ეს უკვე უნდა ჩაითვალოს ექიმთან ვიზიტის მიზეზად.
სამწუხაროდ, პაციენტები კვირებისა და თვეების განმავლობაში სხვა დაავადებების გამო თვითმკურნალობას იტარებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ჰემოროიდული დაავადება, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ან „დისბაქტერიოზი” აწუხებთ.
ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. კოლორექტული კიბო ადვილად პრევენცირებად და განკურნებად პათოლოგიებს მიეკუთვნება, თუ მას საწყის ეტაპზე აღმოვაჩენთ. მკურნალობის მოცულობა და პროგნოზი სწორედ დროზეა დამოკიდებული. საწყის ეტაპზე შესაძლოა მხოლოდ მცირე ენდოსკოპიური ჩარევა დაგვჭირდეს“, – საუბრობს ექიმი.
