LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე Tbilisi Open Air-ზე მომხდარ ინციდენტზე: „სხვა ვერაფერი მოახერხეთ „ნაცურმა“ ფლანგმა და ამ მდაბიო პროვოკაციით ცდილობთ, რაღაც გამოიწვიოთ – ასეთ საკითხებზე გამოძიება არ თანამშრომლობს ოკუპანტი ქვეყნის გამოძიებასთან“

279
მამუკა მდინარაძე, ერეკლე გეწაძის პერფორმანსი

„ეს არის მდაბიო პროვოკაცია, გახსოვთ, პუტინს რომ აგინებდნენ პირდაპირ ეთერში? მთავარია, მიზანი რა არის. შენ რომ გულწრფელ ემოციას გამოხატავდე, მესმის, მაგრამ, რეალურად ეს ემსახურება პროვოკაციას. სხვა ვერაფერი მოახერხეთ „ნაცურმა“ ფლანგმა და ახლა ამ მდაბიო, ამაზრზენი პროვოკაციით ცდილობთ, რაღაც გამოიწვიოთ“, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას ერეკლე გეწაძის მიერ Tbilisi Open Air-ზე რუსეთის დროშის შეურაცხყოფის გამო, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მიერ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

მამუკა მდინარაძემ შეკითხვა ამაზრზენ პროვოკაციად შეაფასა და განაცხადა, რომ თავად კითხვის ავტორმაც კარგად იცის, რომ საქართველო ოკუპანტ ქვეყანასთან ასეთ საკითხებზე არ თანამშრომლობს.

მდინარაძის განცხადებითვე, ერეკლე გეწაძე საქართველოში ისედაც დაცულია სახელმწიფოსა და საქართველოს კანონმდებლობის მიერ.

„ასეთ საკითხებზე გამოძიება არ თანამშრომლობს ოკუპანტი ქვეყნის გამოძიებასთან – ეს თქვენც ძალიან კარგად იცით და ვინც დაგაბარათ, იმასაც გადაეცით, რომ ესეც პროვოკაციული და ამაზრზენი კითხვაა. „რუსეთთან არ ითანამშრომლებთ გამოძიებაზე“ – ამაზრზენი კითხვაა და ვინც ეს კითხვა მოიფიქრა, არის ამაზრზენი პროვოკატორი.

საქართველოს მოქალაქეს რა დაცვა უნდა საქართველოში? რუსული გამოძიება ვერ მისწვდება, ამიტომ, ისედაც დაცულია, საქართველოს კანონმდებლობა და თავისი სახელმწიფო იცავს, მაგრამ, რაც შეეხება იმას, რაც გააკეთა, ესეც ამაზრზენი პროვოკაციაა, კითხვა რომ ვიღაცამ მოიფიქრა და თქვენ დაგაბარათ, ისიც ამაზრზენი პროვოკაციაა“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ქართველმა მომღერალმა ერეკლე გეწაძემ Tbilisi Open Air-ის ფესტივალზე მიმდინარე კონცერტის დროს წარმოადგინა პერფორმანსი რუსეთის დროშის გამოყენებით, რაც რუსულმა მედიამ და Telegram-ის არხებმა „რუსული სამფეროვანი დროშის შეურაცხყოფად“ შეაფასეს.

„რუსი სამართალდამცველები შეფასებას მისცემენ საქართველოში რუსული სამფეროვანი დროშით „შესრულებულ“ პერფორმანსს“, – დაწერა თავის Telegram- არხზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

დღეს, 27 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშის „შეურაცხყოფის ფაქტზე“ გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიერ Telegram- არხზე გავრცელებული განცხადების თანახმად, ალექსანდრ ბასტრიკინმა გამოძიების დაწყება მას შემდეგ ბრძანა, რაც „მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ საქართველოს რესპუბლიკაში, მუსიკალური ფესტივალის დროს, ერთ-ერთმა შემსრულებელმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა შეურაცხყო“.

„რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ დაავალა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებს, აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტთან დაკავშირებით, რათა დამნაშავეები კანონით დადგენილი წესით დაისაჯონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მთავარ სლაიდზე გამოყენებული სქრინი/ვიდეოს ავტორი: nino dvali

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g