მსახიობი, რეჟისორ ლევან წულაძის მეუღლე მანანა კოზაკოვა ჟურნალ „სარკესთან“ მეორე ნახევართან ურთიერთობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნაკლებად კონფლიქტურ წყვილს წარმოადგენენ, თუმცა ყოფილა გაბუტვის მომენტები, როცა ლევანს ის საჩუქრით შემოურიგებია:
„ყოფილა შემთხვევა, რაღაცაზე გაბუტული ვყოფილვარ, ჩემი საყვარელი სუნამო უჩუქებია და შევრიგებულვართ. საერთოდ, ლევანი ძალიან კეთილი და ყურადღებიანია. ჯერ ჩვენზე ზრუნავს და მერე საკუთარ ტყავზე. აღარც მახსოვს, ლევანის გარეშე როდის ვცხოვრობდი. რაც თავი მახსოვს, სულ ერთად ვართ, ერთმანეთს ვავსებთ. ერთს ვიტყვი მხოლოდ: ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში, ლევანის სახით კარგი ბილეთი მოვიგე…“
მსახიობი ასევე იხსენებს იმასაც, სიკეთის მიუხედავად, რამდენმა ადამიანმა უღალატა:
„ახლობლების ღალატი – ვისაც განსაკუთრებით გადავყევით, მათ ზურგი გვაქციეს. ვიღაცებმა, კულტურაზე ხმამაღალი ლაპარაკი რომ იცოდნენ, საჭირო დროს ზურგი შეგვაქციეს. ვინც განსაკუთრებული პირფერობით იყო გამორჩეული, ის უფრო გამალებით გვღალატობდა, ტყუილებს იგონებდა, ჭორებს გვივრცელებდა და ენა მიჰქონდა სხვასთან. ქართველებმა ასე ვიცით, როცა ადამიანი ცოცხალი აღარ არის, მაშინ ვადიდებთ. ჩვენც როცა არ ვიქნებით, იტყვიან, რამდენ რამეს აკეთებდნენო, თუმცა იმ მომენტში, როცა აკეთებ, მხარდაჭერაზე არავინ ფიქრობს. არა მარტო მარჯანიშვილის თეატრიდან წამოსვლას ვგულისხმობ. ძალიან ბევრი რამ ხდებოდა. არა მხოლოდ კოლეგებს ვგულისხმობ, სხვა პროფესიის ადამიანებმაც გვიღალატეს…“