ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე რუსების მიერ “აზოვსტალის” ქარხნის დაბომბვას ეხმიანება და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
როგორც მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს, მსოფლიო “ერთი, შერყეული ბინძური და ბოროტი კაცის უსუსური აღმოჩნდა”.
“ჩვენ თვალწინ მოხდა ეს… არა წარსულში, არც წიგნებში და ფილმებში, გადმოცემებში და ლეგენდებში… აგერ ტელევიზორში – სოც. ქსელებში ვუყურეთ, ვუსმინეთ და რა უსუსური აღმოჩნდა მსოფლიო ამ ერთი, შერყეული ბინძური და ბოროტი კაცის წინაშე…
ერთი წუთითაც ვერ ვაყენებ ჩემს თავს იქ, რამდენიმე წამი ვუძლებ ამ წარმოსახვას… და ამ ხალხმა რას გაუძლო. რა ვიცი ღმერთო, ახლა თუ ვინმეს სჭირდები, ამათ სჭირდები…
მაცვია, მახურავს, ღამით თბილად ვწვები, დილით ცხელ ჩაის ვსვამ, ყველა მყავს, ამინდს ვუყურებ თბილად ჩავიცვა თუ გრილად.. და პასკას ვარჩევ და არ ვიცი, რა ჰქვია ამ ყველაფერს რომ ვაკეთებ და რას ვგრძნობ მერე, როცა ასეთებს ვუსმენ და ვუყურებ… ხმას როგორ ამოვიღებ, თუ ჩემი წილიც ხარ, მიხედე ღმერთო … რა უაზრობაა, ახლა ამას რომ ვწერ და კლავიატურას ვუკაკუნებ”, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გუშინ აზოვის პოლკმა განაცხადა, რომც რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის ქარხანა “აზოვსტალი” დაბომბეს და ის თითქმის მთლიანად განადგურდა.
აზოვის ლეგიონის მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის თქმით, ნანგრევების ქვეშ ბევრი ადამიანია მოყოლილი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში