LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანანა მორჩილაძე „რანინას“ თვითნაბადი ტალანტების შესახებ: „ეს ბავშვები თვითონ გვპოულობენ… ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, რომ ასეთი ბავშვები გვყავს!..“

2721
მანანა მორჩილაძე და რანინა

„პირველი არხის“ მუსიკალური ხელმძღვანელი, მანანა მორჩილაძე fortuna.ge-ს ექსკლუზიურად ესაუბრა შესანიშნავი ქართული პროექტის შიდა სამზარეულოს შესახებ. „რანინა“ უკვე მეშვიდე სეზონია, საქართველოს საუკეთესო მომღერალ ბავშვებს და მათ უსაზღვრო შესაძლებლობებს აცნობს.

მანანა მორჩილაძე:

პირველ რიგში, მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „რანინას“ პროექტის იდეის ავტორს, ლანა ქუთათელაძეს. მან მოგვცა შესაძლებლობა, რომ ეს საქმე ვაკეთოთ… და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“.

ყოველ წელს სულ მაქვს კითხვა, რა იქნება მომავალ წელიწადს? კასტინგებს წინ უძღვის ამაზე ღელვა, როგორი ბავშვები მოვლენ? მაგრამ მაყურებელიც დაგვეთანხმება ალბათ, რომ ყოველ წელს ახალი და ახალი ვარსკვლავი ბავშვები ჩნდებიან. მიხარია, რომ თაობაა ასეთი – ყველაფრის გამკეთებელი. მხოლოდ სასიმღერო მონაცემებზე არ მაქვს საუბარი, ეს არის ნიჭიერი ადამიანის გენეტიკა, რომელიც არასდროს გამოგველევა.

მანანა, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც „რანინას“ პირველი სეზონი გააკეთეთ?

ალბათ, არც ერთ სტუდიას არ ეწყინება, თუ ამას ვიტყვი, მაგრამ პირველი დღიდან დღემდე საბავშვო სტუდიების ნამუშევრების ხარისხიც შეიცვალა – ბავშვები მოდიან კარგი რეპერტუარით, მოწესრიგებული ფონოგრამებით და რაც მთავარია, სწორად მღერიან. ვფიქრობ,პედაგოგებს, კერძოს თუ სტუდიურს, მოტივაცია და სტიმული გაუჩნდათ, რომ ბავშვები „რანინასთვის“ მოამზადონ. ძალიან გვიჭირს ხოლმე ათეულის არჩევა და ეს ძალიან დიდი საქმეა, რადგან კარგი ბავშვები გვყავს.

ამ სეზონისთვის რამდენი კონკურსანტისგან შეარჩიეთ საბოლოო ათეული?

შვიდას ბავშვამდე მოვისმინეთ. მეორე ტურში გადავიდა 50-60 ბავშვი და შემდეგ უკვე ძალიან გაგვიჭირდა არჩევა. ორი დღე და ღამე ვისხედით და ვმსჯელობდით. როცა ათეულზეა საუბარი, რასაკვირველია, ბევრი კრიტერიუმის ერთობლიობით ვარჩევთ. ბევრი ძალიან კარგი ბავშვი რჩება პროექტს მიღმა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, მომავალ წელს ისევ მოვლენ და მათაც გაუღიმებთ ფორტუნა.

ასევე ნახეთ

დედა სულ მეუბნება, რაც უნდა მოხდეს, გადავალ შემდეგ ტურში თუ ვერ გადავალ, წინ დიდი მომავალი მაქვს და ამით არაფერი გადაწყდება.

ვისაუბროთ ტურებზე, რაც აქამდე ვნახეთ და მოვისმინეთ. რასაკვირველია, მაყურებელი აღტაცებულია ყველა მუსიკოსით, ვინც ბავშვებთან ერთად გამოდის, მაგრამ განსაკუთრებულად ფოლკლორის ტური ხვდება ყურადღების ცენტრში… თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?

ამ ტურის ავტორი და შემოქმედი არის დავით ცინცაძე, – ამ კლასის პროფესიონალიზმი მუსიკალურ სფეროში იშვიათია და ცოტა მეგულება მისი მსგავსი. თავადაც იმდენ ახალს ვიგებ მისგან… ბავშვები, ალბათ, ჯერ ვერ ხვდებიან, მაგრამ რომ გაიზრდებიან, გააცნობიერებენ, რა მასტერკლასი გაიარეს დათოსთან ფოლკლორის ტურში.

ფოლკლორის ტური განსაკუთრებულად იმიტომ „იფეთქებს“ ხოლმე, რომ ის ჩვენია. ყველა ბავშვის გენში დევს ქართული სიმღერის ხიბლი და აუცილებლობა, რაც სჭირდება სიმღერის საუკეთესოდ შესრულებას, თორემ მოგვისმენია, ქართულ ფოლკლორს როგორ ასრულებენ იაპონელები თუ ფრანგები, თუმცა ქართულს, ქართველის მსგავსად, ვერავინ შეასრულებს… დათომ ბოლომდე იცის ამ მარცვლის ზევით ამოწევა… „შავნაბადა“ საოცარი მომღერლებისგან შემდგარი კოლექტივია. კულისებს მიღმა მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება და ბავშვებთან ურთიერთობა რომ ნახოთ, უცრემლოდ ვერ უყურებთ…

ყოველი ტურის შემდეგ ყველა კონკურსანტი არის ერთი ნაბიჯით წინ. შარშან მეორე იყო ფოლკლორის ტური და ძალიან დაგვეხმარა, რადგან ის სხვანაირად ზრდის მომღერალს. ამ ტურში ჩვენ არ ვერევით, სრულად დათო ცინცაძისა და „შავნაბადას“ ავტორობითაა. ფოლკლორის ტური მხოლოდ პირველ სეზონზე არ იყო, მეექვსე სეზონია, 60 სიმღერა შემოგვთავაზეს და არც ერთი არ გაუმეორებიათ. ამით ცალკე ვარ გაოცებული – დათო ამბობს, რომ კიდევ სამი სეზონის სიმღერები აქვს (იღიმის).

კომენტარებში ხშირად გეკითხებიან ხოლმე – სად პოულობთ ამ ბავშვებს? მეც ასე გკითხავთ…

ეს ბავშვები თვითონ გვპოულობენ. სიბერის არ მეშინია, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც, მინდა არ დავბერდე და კიდევ დიდხანს ვიყო შრომისუნარიანი, ისაა, რომ ეს საქმე დიდხანს ვაკეთო და სიამოვნება გამიხანგრძლივდეს. ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, რომ ასეთი ბავშვები გვყავს. მგონია, რომ ამ ასაკში გავლილ სკოლას შეუძლია გემოვნება ჩამოაყალიბოს. შეიძლება, „რანინას“ კონკურსანტი შემდეგში საერთოდ არ გამოვიდეს მომღერალი და არ გაჰყვეს მუსიკას, მაგრამ ვფიქრობ, „რანინა“ გემოვნების ბეჭედს ასვამს ყველა მონაწილეს. ამ საქმეს უფრო ვემსახურებით, ვიდრე იმას, ვინ გაიმარჯვებს და ვინ – ვერა.

„რანინა“ არ არის ერთი ადამიანია ნამუშევარი. ეს არის ძალიან ბევრი ადამიანის ჯგუფური ნამუშევარი. იდეებისთვის გახსნილები ვართ – თითოეულ სიმღერას ისე განვიხილავთ ერთად, სანამ ყველა არ დავრწმუნდებით, რომ კონკურსანტს გამოუვა და კარგი იქნება…

ის ჯგუფი, რომელიც „რანინაზე“ მუშაობს, დიდი ხანია, საქართველოში მუსიკალურ კონკურსებშია ჩართული. რა განსხვავებას იჭერთ წლების წინანდელ მომღერლებსა და ახლანდელ თაობას შორის?

ძალიან ბევრი კარგი და ნიჭიერი ბავშვი ყოფილა ჩემს ხელში. მაგალითად სულ მომყავს სოფო ტოროშელიძე, რომელსაც პატარაობიდან ვიცნობ და დღეს, ყველამ კარგად იცის, როგორი მუსიკოსია. განსხვავება ამ თაობებს შორის არის ის, რომ ახლანდელ თაობას უფრო მეტი ინფორმაცია აქვს. პირველ „ჯეოსტარს“ რომ ვაკეთებდით, „იუთუბზე“ შესვლის საშუალებაც არ გვქონდა და კასეტებზე ვეძებდით სიმღერებს. ახლა გვყავს სანდრო გურგენაძე, რომელსაც, მაგალითად, პედაგოგთან არ უვლია და არანაირი გამოცდილება არ აქვს, მაგრამ მაყურებელი ნახავს, აბსოლუტური საოცრებაა. ის იმღერებს „ჩაკრულოს“ ოთო ბაზერაშვილთან ერთად და ოთოზე აღარ მაქვს უკვე საუბარი, ამ ბავშვმა მთელ საქართველოს შეაყვარა თავი, მაგრამ სანდრო რომ კახურ ჩახვევებს, მელიზმებს აკეთებს, მიხვდებით, რომ ამას ვერ ისწავლი, ეს არის თვითნაბადი ტალანტი.

მანანა, როდის გქონდათ ბოლოს შემთხვევა, რომ სცენაზე გამოსულმა კონკურსანტმა პედაგოგებიც კი გაგაოცათ, რომლებისთვისაც რეპეტიციაზე არაერთხელ მოგისმენიათ…

წინა ფოლკლორის ტურზე თუ არ ვისაუბრებთ, ბოლოს იყო სწორედ ეს „ჩაკრულო“, რომელსაც მაყურებელი ამ შაბათს იხილავს. სანამ დამთავრდა, ვერ ჩავისუნთქე. ჯერ ოთო და სანდრო რანაირად მღერიან და უკან უდგათ „შავნაბადა“, ასი კაცი… ეს იყო ყველაფრის ერთობლიობა – ნიჭის, სიმღერის პატრიოტიზმის. იმ მომენტში ვიგრძენი სიტყვა პატრიოტიზმის ნამდვილი ძალა და შინაარსი…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ვიდეო: „რანინაში“ სანდრო გურგენაძე ოთო ბაზერაშვილთან ერთად „ჩაკრულოს“ იმღერებს – როგორ ემზადებიან კონკურსანტები ფოლკლორის ტურისთვის: „გავაოცებთ მაყურებელს!..“

ვიდეო: „გული გამიჩერდა, სუნთქვა შეკრული გისმენდი.. უნიჭიერესი, კულტურული მომღერალი, ღრმა და ნატიფი ხმით, აბსოლუტური სმენით“ – მართა ნოზაძის საოცარი შესრულება „შავნაბადასთან“ ერთად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები